ბს-364-360(კ-12) 29 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. გ-ის სარჩელისა გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. გ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა, სახელფასო დავალიანებისა და საინვენტარიზაციო აღჭურვილობის, სულ – 3524,99 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-9).
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შესაგებლით ლ. გ-ის სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 33-42).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. გ-ის საასრეგბლოდ დეკისრა (საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის გათვალისწინებით) 1999-2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანების - 504,03 ლარის პროცენტული დანამატის – 62,82 ლარის, პრემიის – 45,04 ლარისა და მატერიალური დახმარების – 39,89 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს ლ. გ-ეს 1999-2000 წლების კვების კომპენსაციის – 413 ლარისა და 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის – 1108,36 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით, ხოლო 2005 წლის საბოლოო გასასვლელი დახმარების თანხის – 1544 ლარის ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 138-151).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 79-89).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ლ. გ-ემაც და მოითხოვა მისი სარჩელის სარულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 113-112).
თბილსისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება ლ. გ-ისათვის 2005 წლის საბოლოო გასასვლელი დახმარების ანაზღაურების თაობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ-ის არჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის საბოლოო გასასვლელი თანხის – 1544 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 138-151).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება ლ. გ-ის სასარგებლოდ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 126-134).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 169-170).
მხარეებს მოსაზრებები საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის საქმე ¹1648-1602(კ-08) განჩინება და მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გამოსაკვლევია რამდენად მოახდინა მოსარჩელე მხარემ თავისი უფლების რეალიზება (ანუ მიმართა თუ არა ორგანოს ან სასამართლოს) იმ ნორმის მოქმედების ფარგლებში რომლის საფუძველზეც იგი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას, ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებში მართალია არ მოიპოვება განცხადება, რომლითაც დადასტურდებოდა ლ. გ-ეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართული ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციული ორგანოსათვის, მაგრამ საქმეში არსებული თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსების უფროსის 2007 წლის 21 ივნისის ¹79 პატაკით (იხ. ს.ფ. 14); შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოს 2007 წლის 12 ივლისის წერილით (იხ. ს.ფ. 20), თავდაცვის სამინისტროს ეროვნული აკადემიის მიერ სამხედრო-საზღვაო ძალების ოფიცერთა მომზადების კურსების შტაბის ბუღალტრის 2007 წლის 18 ივნისს გაცემული ¹89 ცნობით (იხ. ს.ფ. 21) დასტურდება, რომ ლ. გ-ე ჯერ კიდევ 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 21 სექტემბრამდე ანუ ნორმის მოქმედების პერიოდში ითხოვდა ერთჯერადი საბოლოო გასასვლელი დახმარების ანაზღაურებას. სხვა კანონით გათვალისწინებულ წანამძღვრებზე მითითებას კი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.