Facebook Twitter

ბს-80-80 (კ-12) 30 მაისი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ა. ჯ-ს განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 19 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ა. ჯ-მ მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივლისის ¹001695 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 22 ივლისის ¹4982 ბრძანების ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ჯ-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 6 ივლისს ინდ. მეწარმე ა. ჯ-ა ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდა საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე.

2011 წლის 6 ივლისს, საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე ეკონომიკური საქმიანობის გამო, ინდ. მეწარმე ა. ჯ-ს მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №001695.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 22 ივლისის №4982 ბრძანებით, ინდ. მეწარმე ა. ჯ-ს საჩივარი, 2011 წლის 06 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის №001695 ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ გამოარკვია, რომ ა. ჯ-ს არ მიუმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსათვის მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ - მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესზე, რომლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო სალარო აპარატის რეესტრი იწარმოება შემოსავლების სამსახურის მიერ. აღნიშნული წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით, რეესტრი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო სალარო აპარატის მოდელის ნიმუშის (შემდგომში _ ტიპის ნიმუში) შესახებ მონაცემების ერთობლიობას (დანართი №3), ხოლო მე-5 პუნქტით რეესტრში შეტანილ საკონტროლო-სალარო აპარატის ყოველ მოდელზე დგება საინფორმაციო ბარათი, რომელშიც უნდა აისახოს მონაცემები საკონტროლო სალარო აპარატის სახელწოდების, პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის, გამოყენების სფეროს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოების (შეტანის, შეცვლის, ამოღების) თაობაზე, ინფორმაცია მწარმოებლებზე, განმცხადებლებზე და რეესტრში ყოფნის ვადაზე.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს შესაბამისი საგადასახადო ორგანო ან ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირი. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, გარდა ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული წესის მე-2 ნაწილით, იმპერატიულად არის განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების საკითხი, რომლითაც დადგენილია, რომ შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე.

სასამართლოს მსჯელობით სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს საკონტროლო-სალარო აპარატების მიღებასა და გამოყენებაზე კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო სამართალდარღვევისა და პასუხისმგებლობის საკითხი, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ ვინაიდან ეწეოდა ხილ-ბოსტნეულის რეალიზაციას და დაკავებული ჰქონდა მცირე ფართი 2 კვ.მ., არ საჭიროებდა საკონტროლო-საკასო აპარატს, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. ჯ-ა საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. სასამართლომ ასევე დადასტურებულად ჩათვალა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ა. ჯ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.” სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 85-ე მუხლის 1-ლი ნაწილსა და 87-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ ა. ჯ- საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის სერთიფიკატის №049-01155 თანახმად, ა. ჯ-ს სამეწარმეო საქმიანობას (ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობა) მცირე ბიზნესის სტატუსი კანონით გათვალისწინებული წესით მიენიჭა 2011 წლის 09 სექტემბერს, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის ის დაჯარიმდა უფრო ადრე, 2011 წლის 06 ივლისს შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის №001695 საფუძველზე. 2011 წლის 06 ივლისისათვის ა. ჯინჯლიას არ გააჩნდა შესაბამისი სერთიფიკატი, რითაც მას მიენიჭებოდა უფლებამოსილება საკონტროლო სალარო აპარტის გარეშე სამეწარემეო საქმიანობის განხორციელებისათვის. ამასთან, გვიან რეგისტრირებული გადამხდელის სტატუსი, რომელიც აწესებს შეღავათებს ასეთი სტატუსის მატარებელი საგადასახადო სუბიექტისათვის, არ ცვლის სტატუსის მოპოვებამდე წარმოშობილი პასუხისმგებლობის სამართლებრივ შედეგს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ჯ-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში აპ. ჯ-მ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მის მიერ სარჩელი გამოხმობილ იქნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ა. ჯ-ს განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე განუხილველად დარჩეს ა. ჯ-ს სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ხოლო იმავე საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

“საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 28.12.07წ. საქართველოს კანონით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რითაც სარჩელის გამოხმობა დასაშვები გახდა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, რაც მოსარჩელეს უფლებას აძლევს სარჩელი გაიხმოს საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. ჯ-ს მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე აკმაყოფილებს ზემოღნიშნული ნორმის მოთხოვნას, ამასთან, 2012 წლის 30 მაისის საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე-შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა მოპასუხის-სსიპ შემოსავლების სამსახურის თანხმობა მოსარჩელის მხრიდან სარჩელის გამოხმობის თაობაზე, რაც იძლევა ზემოაღნიშნული პირის სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით და 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ჯ-ს განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინება;

3. ა. ჯ-ს სარჩელი მოპასუხის სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ 2011 წლის 6 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ¹001695 და შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 22 ივლისის ¹4982 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.