Facebook Twitter

ბს-207-205(კს-12) 8 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ქ. ჯ-ის წარმომადგენელი– ხ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახური; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მესამე პირი – ვ. ჯ-ი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 6 მაისს ქ. ჯ-მა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირის _ ვ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის ¹882010861247-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. (ი.ხ. ს.ფ. 1-17. ტ. I) შემდგომ, მოსარჩელე მხარემ, მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე მოითხოვა დუშეთის რაიონის სოფელ ...ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა 1984 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმით №4 მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ჩრდილელიანთკარში მცხოვრებ ვალია ჯ-ს დაეწერა თავის დედამთილისეული საკარმიდამო ნაკვეთი 0,25 ჰექტარი მიწის ფართობი და დუშეთის რაიონის სოფელ ...ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1985 წლის 28 მარტის №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ჩრდილელიანთკარში მცხოვრებ ვალია ჯ-ს დაუმტკიცდა საცხოვრებელი სახლისა და გარაჟის აშენების თაობაზე მშენებლობის პროექტი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ქ. ჯ-ის სარჩელი 1984 წლის 25 ოქტომბრის დუშეთის რაიონის სოფელ ...ის კოლმეურნეობის რწმუნებულთა კრების ¹4 ოქმისა და 1985 წლის 28 მარტის დუშეთის რაიონის სოფელ ...ის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებული №15 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად და ადმინისტრაციულ საქმეზე შეწყდა წარმოება (იხ. ს.ფ. 248-252; ტ. I).

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა – დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 16 ნოემბრის ¹882010861247-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 253-264; ტ. I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჯ-ის წარმომადგენელმა – ხ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 8-17; ტ. II), ხოლო რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ჯ-ის წარმომადგენელმა – ხ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 283; ტ. I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის 14 დღიანი საპროცესო ვადის დაუცველობის გამო (იხ. ს.ფ 12-20; ტ. II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალტის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 37-45; ტ. II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ჯ-ის წარმომადგენელმა – ხ. გ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გასაჩივრებული განჩინება და გადაწყვვეტილება ჩაიბარა ქ. ჯ-მა 2012 წლის 5 იანვარს, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ეწურებოდა 2012 წლის 19 იანვარს და ვინაიდან, 19 იანვარი არის საუფლო დღესასწაული და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით უქმე დღეების ჩამონათვალში შედის შესაბამისად, Kკერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა ,,...” ფოსტაში მომდევნო სამუშაო დღეს – 2012 წლის 20 იანვარს, რის დასადასტურებლადაც კერძო საჩივარს დაურთო ,,...” ფოსტის ქვითარი ¹001288671 (იხ. ს.ფ. 55-58; ტ. II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი ქ. ჯ-ს ჩაბარდა 2012 წლის 5 იანვარს (იხ. ს.ფ. 282; ტ. I). სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია კანონით გათვალისწინებული 14 დღიანი ვადის დარღვევით, 2012 წლის 23 იანვარს (იხ. ს.ფ. 8-17; ტ. II), რაც დასტურდება სააპელაციო საჩივარზე დასმული შტამპით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2012 წლის 19 იანვარს, რომელიც იყო დასვენების დღე. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი უნდა ყოფილიყო მომდევნო სამუშაო დღეს - 2012 წლის 20 იანვარს, რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა ეწურებოდა 2012 წლის 19 იანვარს. ვინაიდან 19 იანვარი არის საუფლო დღესასწაული და შრომის კანონთა კოდექსის მიხედვით უქმე დღეების ჩამონათვალში შედის, სააპელაციო საჩივარი შეტანილი იქნა ,,...’’ ფოსტაში 2012 წლის 20 იანვარს, რის დასადასტურებლადაც, კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ,,...’’ ფოსტის ქვითარი ¹001288671 (იხ. ს.ფ. 58; ტ. II).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან წარმოდგენილი ქვითრით ცალსახად არ დასტურდება, რომ ხ. გ-ის მიერ ნამდვილად ქ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი ფოსტაში 2012 წლის 20 იანვარს, ვინაიდან ,,...’’ ფოსტის ¹001288671 ქვითრის მეორე გვერდზე ხელით არის მიწერილი ქ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საფოსტო განყოფილებიდან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ 2012 წლის 20 იანვარს ,,...” ფოსტაში ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის მიერ ნამდვილად ქ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი იქნა წარდგენილი, როგორც თავად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულებების შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ჯ-ის წარმომადგენლის – ხ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.