Facebook Twitter

ბს-274-270(კს-12) 22 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ გ. ბ-ი

დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების

განახლება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 27 დეკემბერს გ. ბ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

გ. ბ-მა განცხადების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” პუნქტი და განმარტა, რომ 2011 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განჩინება დაამყარა მესამე პირის – სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის გ. გ-ს მიერ ჩამოყალიბებულ პოზიაციაზე, რომლის განმარტებით, გ. ბ-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან და არა თადარიგში ყოფნით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პირდაპირ ჩაიწერებოდა მისი დათხოვნის თაობაზე ბრძანებაში – თადარიგში დათხოვნილი, რასაც დაეყრდნო თბილისის სააპელაციო სასამართლო და აღნიშნა, რომ გ. ბ-ი არ არის შსს სასაზღვრო პოლიციიდან თადარიგში დათხოვნილი და მასზე ვერ გავრცელდებოდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები.

გ. ბ-ის აღნიშვნით, ამ პოზიციის საწინააღმდეგო განმარტება გააკეთა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა – გ. გ-მ 2011 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე, როდესაც იხილებოდა მისი სარჩელი სასაზღვრო პოლიციის წინააღმდეგ ქმედების განხორციელების მოთხოვნით. მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის დათხოვნის ბრძანებაში სიტყვა – დათხოვნის ბრძანებაში ,,თადარიგში” დათხოვნილი ვერ ჩაიწერებოდა, ვინაიდან სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი ასეთ ნორმას არ ითვალისწინებს, რის დასადასტურებლადაც განცხადებას დაურთო სხდომის ოქმი აუდიოჩანაწერის სახით.

გ. ბ-ის მითითებით, 2011 წლის 24 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება გახდა მისთვის ახლად აღმოჩენილ გარემოების თაობაზე განცხადების შეტანის საფუძველი, რადგან ეს განმარტება რომ გაკეთებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას და მასზე გავრცელდებოდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები და დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება დატოვებული იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ დარღვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ: გ. ბ-ს ხარვეზის განჩინებით დაევალა წარედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი განცხადებაში განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული გარემოება. ასევე, უნდა დაეზუსტებინა რა ზომით და რა ფარგლებში ითხოვდა განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და მის შეცვლას სხვა გადაწყვეტილებით (იხ. ს.ფ. 5-6).

2012 წლის 18 იანვარს გ. ბ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას ხარვეზის შევსების მიზნით და განმარტა, რომ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის - გ. გ-ს პოზიცია დაფიქსირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამართულ სხდომაზე 2011 წლის 24 ნოემბერს. 2011 წლის 25 ნოემბერს მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის ჩD ფორმით ჩაბარება, რაც 29 ნოემბერს ჩაბარდა. შესაბამისად, კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში - 2011 წლის 27 დეკემბერს მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის წარმოების განახლების განცხადებით. რაც შეეხება, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ხარვეზზე - დაეზუსტებინა რა ზომით და რა ფარგლებში ითხოვდა განმცხადებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, გ. ბ-მა მიუთითა იმ გარემოებაზე, რაზედაც განცხადებაში მიუთითებდა, რომ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის – გ. გ-ს პოზიცია გახდა ერთადერთი მტკიცებულება მოსამართლისათვის დასკვნის გამოსატანად, რომ გ. ბ-ი ,,თადარიგში” დათხოვნილი არ იყო და მასზე სპეციალური ნორმის უპირატესობა ვერ გავრცელდებოდა. (იხ. ს.ფ. 9)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ გ. ბ-ის განცხადება არ შეიცავს მითითებას ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გახდეს საქმის წარმოების განახლების საფუძველი. გ. ბ-ი განცხადებაში უთითებს მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის პოზიციის შეცვლაზე, თუმცა რა მიიჩნია მან პოზიციის უარყოფად ან შეცვლად და რას გულისხმობს მასში, არ მიუთითებია. ასევე, სააპელაციო პალატის მითითებით, გ. ბ-ის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული არ არის კონკრეტულად რა გარემოება გახდა ცნობილი გ. ბ-ისათვის ისეთი, რაც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. (იხ. ს.ფ. 10-13).

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინების გაუქმება და დაევალოს იმავე პალატის სხვა მოსამართლის განცხადების დასაშვებად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმავე მოტივებზე მითითებით, რომლებსაც 2012 წლის 18 იანვრის განცხადებაში მიუთითებდა. (იხ. ს.ფ. 18-19).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება და საქმე განცხადების დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე, 394 «ე» მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია განცხადების დასაშვებობის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 421.1 მუხლის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 423.1 მუხლის «ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების, ანუ ფაქტობრივად საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობას, თუ მხარისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ცნობილი გახდება საქმის განხილვისას მისთვის ახალი რაიმე გარემოება, ან მტკიცებულება, რომლებიც საქმის განხილვის სტადიაზე ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის, გამოიწვევდა სხვაგვარი, მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების დადგენას.

მოცემულ შემთხვევაში, გ. ბ-ი ამგვარ ახლად აღმოჩენილ გარემოებად უთითებდა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევდა 2011 წლის 24 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლო სხდომაზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლის – გ. გ-ს მიერ გაკეთებულ განმარტებას, რადგან ეს განმარტება რომ გაკეთებულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას და მასზე გავრცელდებოდა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათები და დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და სამართლებრივი შეფასება გ. ბ-ის განცხადების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც სასამართლომ ისე დატოვა განცხადება განუხილველად იმ მოტივით, რომ განცხადებაში მითითებული არ არის კონკრეტულად რა გარემოება გახდა ცნობილი განმცხადებლისათვის ისეთი, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ, როცა სასამართლოს არ გამოუთხოვია საქმე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელზეც მხარე ითხოვდა საქმის წარმოების განახლებას, განმცხადებლის მითითება – რომ სააპელაციო სასამართლო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მისი სარჩელის არდაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს გარემოებას, რომელიც სხვა საქმის განხილვისას უარყოფილი იქნა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ისLLII თავის – განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი, ნორმების საფუძველზე განმარტავს, რომ განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს:

1. განცხადების დასაშვებობა;

2. განცხადების საფუძვლიანობა.

განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: 1. განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და 2. განცხადების სსსკ-ის 427.1. მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გ. ბ-ის განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 427.1. მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნას.

აღნიშნული ნორმის მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება.

განმცხადებელი გ. ბ-ის განცხადება ემყარება სსსკ-ის 423-ე მუხლის I ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტს, კერძოდ, წარმოდგენილი აქვს სასამართლო სხდომის ოქმის ამონაწერები, რომელთა საშუალებით ირკვევა, რომ მოპასუხე – სამინისტროს მტკიცება კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე – შეცვლილია.

სააპელაციო სასამართლომ განცხადების დასაშვებობის სტადიაზე უნდა შეამოწმოს მისი შესაბამისობა ფორმალურ სტანდარტებთან – ვადა და შინაარსი. ხოლო, საფუძვლიანობა მხოლოდ დასაშვებობის სტადიის წარმატებით დაძლევის შემდგომ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სააპელაციო სასამართლო ირიბად მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობის კრიტერიუმებზე, თანაც ისე, რომ არ შეუსწავლია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძვლები, რამდენად განაპირობა საკითხის ამგვარად გადაწყვეტა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობამ, რომლის შეცვლის დამტკიცებას ცდილობს განმცხადებელი წარმოდგენილი ჩანაწერებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს განცხადების დასაშვებობაზე და კანონიერად, ობიექტურად და სრულყოფილად შეამოწმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქმის მასალების შესწავლის კონტექსტში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება. შესაბამისად, გ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება და განცხადება დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება განცხადების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე განცხადების დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.