Facebook Twitter

ბს-277-274(კ-კს-11) 15 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ი. ჯ-ავა, წარმომადგენელი _ მ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სოციალური მომსახურების სააგენტო; ზუგდიდის სოციალური მომსახურების ბიურო

დავის საგანი _ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 21 იანვარს ი. ჯ-ავას წარმომადგენელმა _ მ. მ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2009 წლის 18 სექტემბრის ¹01/10-19717 გადაწყვეტილების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 9 დეკემბრის ¹402 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის საოჯახო დახმარების აღდგენა (იხ. ს.ფ. 1-9; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო და ზუგდიდის სოციალური მომსახურების ბიურო (იხ. ს.ფ. 55-56; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 275-283; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ავამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 300-310; ტ.I).

2010 წლის 4 აგვისტოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. ჯ-ავას კანონიერმა წარმომადგენელმა – მ. მ-ძემ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისისა და 3 აგვისტოს სხდომის ოქმებში შენიშვნების შესახებ (იხ. ს.ფ. 50; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 51-52; ტ.II).

2010 წლის 30 სექტემბერს ი. ჯ-ავას რწმუნებულმა – მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 სექტემბრის სხდომის ოქმში შენიშვნების შესახებ (იხ. ს.ფ. 84; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 85-87; ტ.II).

2010 წლის 28 ოქტომბერს ი. ჯ-ავას წარმომადგენელმა _ მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 106-107; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 130-131; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ი. ჯ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 120-128; ტ.II).

2010 წლის 4 ნოემბერს ი. ჯ-ავას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ.132-133; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 134-135; ტ.II).

2010 წლის 11 ნოემბერს ი. ჯ-ავას წარმომადგენელმა მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 261-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში მის მიერ წარდგენილ, სხდომის ოქმებში შენიშვნების შეტანის შესახებ 2010 წლის 27 ოქტომბრისა და 4 ნოემბრის განცხადებებზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ მის მიერ წარდგენილ განცხადებებზე სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 140; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ი. ჯ-ავას წარმომადგენლის _ მ. მ-ძის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261.1 მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ განიხილა და არ გაიზიარა მხარის შენიშვნები სხდომის ოქმთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 141-142; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. ჯ-ავას წარმომადგენელმა მ. მ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანის შესახებ განცხადებაზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, განცხადებებზე არ ყოფილა რეაგირება მოხდენილი, შესაბამისად, მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უკანონოდ იქნა მიჩნეული დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 152; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჯ-ავას წარმომადგენელმა _ მ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 155-162; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ჯ-ავას წარმომადგენლის – მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ჩამოყალიბებულ დასკვნებს, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტი – ი. ჯ-ავას წარმომადგენელი _ მ. მ-ძე 2010 წლის 27 ოქტომბერს შედგენილი განცხადებით, რომელიც სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირებულია 2010 წლის 28 ოქტომბერს და 2010 წლის 4 ნოემბრის განცხადებით ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 და 29 ოქტომბრის სხდომის ოქმებში შენიშვნების შეტანას, რომელთა საფუძვლიანობაზე სსსკ-ის 291-ე მუხლის შესაბამისად, იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 2 და 8 ნოემბრის განჩინებებით და არ დააკმაყოფილა ისინი (იხ. ს.ფ. 130-131; 134-135; ტ.II). აპელანტმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია სხდომის ოქმებთან დაკავშირებით წარდგენილ შენიშვნებზე, რის გამოც სსსკ-ის 261.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად და კანონის სწორად განმარტების შედეგად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაუშვებლად.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტი – დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს ფაქტობრივად შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილს (იგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მსგავსად საჩივრდება სააპელაციო წესით), რომელიც სასამართლოს გამოაქვს იმ პირობებში, როდესაც საქმის არსებითად განხილვისას მხარის მიერ აღძრული მოთხოვნების შესახებ გამოტანილ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში არ აისახა სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოთხოვნათა იმ ნაწილზე, რომელთა შესახებაც მხარეებს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ახსნა-განმარტებები, წარდგენილი ჰქონდათ მტკიცებულებები, ანუ ფაქტობრივად სასამართლო განხილვა მათ შესახებ გაიმართა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მათ შესახებ არ მიეთითა სასამართლოს გადაწყვეტილებაში; ან როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა რა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან შესასრულებელი მოქმედება; ასევე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, როდესაც სასამართლოს ძირითად მოთხოვნებთან ერთად არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ასეთ პირობებში საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ეკონომიურობის პრინციპის გათვალისწინებით, უშვებს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, მაგრამ სსსკ-ის 261-ე მუხლში დეტალურად არის ჩამოთვლილი ის შემთხვევები, როდესაც დაიშვება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტი ითხოვდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას სხდომის ოქმთან დაკავშირებით წარდგენილ შენიშვნების განუხილველობის გამო, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს სსსკ-ის 261-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი გადაწყვეტილების საგანს, რამდენადაც სხდომის ოქმზე შენიშვნების განხილვა არ გულისხმობს საქმის არსებით განხილვას, რის გამოც მათ შესახებ სსსკ-ის 284.1 მუხლის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება, ამგვარი შუალედური განჩინებების გასაჩივრების წესსაც განსხვავებულად აწესრიგებს საპროცესო კანონმდებლობა.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ განუხილავს მისი განცხადებები სხდომის ოქმთან დაკავშირებით შენიშვნების შესახებ, რასაც ასაბუთებს იმ გარემოებაზე აპელირებით, რომ სასამართლოს 2010 წლის 2 და 8 ნოემბრის განჩინებებში მიეთითა სხდომის ოქმში არა შენიშვნების, არამედ შესწორების შეტანის შესახებ. საკასაციო სასამართლო სრული უსაფუძვლობის გამო ვერ დაეთანხმება არგუმენტს, რამდენადაც ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა მხოლოდ ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული ტერმინი “შესწორება” ნაცვლად “შენიშვნებისა”, არ შეესაბამება სსსკ-ის 291-ე მუხლის სიტყვასიტყვით ფორმულირებას. მით უფრო, რომ სხდომის ოქმთან დაკავშირებით წარდგენილი შენიშვნები მიზნად ისახავს სწორედ სასამართლოს სხდომის ოქმში დაშვებული უსწორობისა და ფაქტების თუ მხარეთა ახსნა-განმარტებების არასრულად ასახვის გამოსწორებას მათი გაზიარების პირობებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. ჯ-ავას წარმომადგენლის – მ. მ-ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ-ავას წარმომადგენლის – მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.