განცხადების განსჯადი სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ
ბ-185-6(ა-12) 7 მაისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 401-ე და 429-ე მუხლების საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მ. ქ-ს განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით მ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-მ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინება.
მ. ქ-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებულ საკითხზე საკასაციო პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დარჩა მ. ქ-ს სააპელაციო საჩივარი, ხოლო აღნიშნული განჩინება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424.1 მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატასAმიაჩნია, რომ განსახილველი განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას იხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ქ-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.