Facebook Twitter

ბ-316-4(ა-12) 7 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის ბს-1659-1631(კ-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ა-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის ბს-1659-1631 (კ-11) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი იმყოფებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში. საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა ხარვეზზე და მხარეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. განმცხადებლის მითითებით, მის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი გამოსწორებულ იქნა, რამდენადაც მხარემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით 2011 წლის 10 დეკემბერს, რაც თან დაერთო წარმოდგენილ განცხადებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 1 აპრილის განჩინებით ნ. ა-ის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის ბს-1659-1631 (კ-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას. კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შევსებული იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, კერძოდ მხარემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ნ. ა-ს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს დაევალა წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. მითითებულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს დაევალა არა სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ გადახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე, არამედ მას ხარვეზის შევსების მიზნით უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც მის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შესრულდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საპროცესო ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ საპროცესო ვადაში არ შეასრულა მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ განჩინების გაუქმებისა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებების ფარგლებს, რამდენადაც მითითებული ნორმა ამომწურავად განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომელიც შესაძლებელია საქმის წარმოების განახლებას დაედოს საფუძვლად, რაც სრულ შეუსაბამობაშია განცხადებაში მითითებულ საფუძვლებთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ა-ის განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ა-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის ბს-1659-1631(კ-11) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.