Facebook Twitter

განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ბ-802-8 (ა-12) 7 მაისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის, 26 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის განჩინებების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. მ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით; ხოლო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინების დანარჩენ ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე; ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.

2012 წლის 26 აპრილს ა. მ-მ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ზემოაღნიშნულ განჩინებათა გაუქმება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლზე დაყრდნობით საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ა. მ-ის განცხადების გაცნობისა და მითითებული განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე, რომლის თანახმად ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუქტის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით; ხოლო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინების დანარჩენ ნაწილში დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ს უარი ეთქვა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე; ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ა. მ-ის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა. მ- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ზემოაღნიშნული განჩინებების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ, მას არ გადაუგზავნეს მოსამართლეთა მიერ ხელმოწერილი განჩინებები, რაც მიანიშნებს აღნიშნულ განჩინებათა სიყალბეზე, რის გამოც, მისი მოსაზრებით, სახეზეა მათი გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამ უკანასკნელის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

აღნიშნული კოდექსის 423-ე მუხლით დადგენილია ის ამომწურავი ჩამონათვალი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული განჩინებები საქმეში წარმოდგენილია დედნების სახით, ხელმოწერილი და შესაბამისად დადასტურებული სამივე მოსამართლის მიერ, აღნიშნული საქმის მასალები დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოცემული გარემოების დასადასტურებლად კი განმცხადებელს შეუძლია მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოს კანცელარიას. ამდენად, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმეზე წარმოების განახლების საფუძველების არსებობას, რის გამოც ა. მ-ის განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ სამართლებრივ საფუძველს, რომ გადაწყვეტილება, ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი. მოცემული გარემოება წარმოადგენს საკასაციო საჩივრის საფუძველს და არ იძლევა მითითებული საფუძვლით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წარდგენის შესაძლებლობას, მით უფრო, როდესაც განჩინებები, რომელთა გაუქმებასაც ითხოვს მხარე საქმეში ხელმოწერილი სახითაა წარმოდგენილი და ისინი სათანადო წესით დაცულია სასამართლოში, მათი სიყალბის ფაქტი კანონის შესაბამისად არ არის დადასტურებული, ხოლო მათი ნამდვილობა კიდევ ერთხელ დასტურდება აღნიშნული განჩინების საფუძველზე იგივე სასამართლო შემადგენლობის მიერ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.