Facebook Twitter

¹ბს-564-559(კ-11) 20 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ნ. ა-ი

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ. ძ-ი

მოპასუხე: ნ. ა-ი

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.

სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 13320 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 3996 ლარისა და ზიანის სახით _ 15566.74 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2005 წლის 5 მაისს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის ¹29 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. კონტრაქტის 7.3, 7.4, 8.2, 8.3, 8.4 მუხლების საფუძველზე, მას ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა.

სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და 251 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 417, 394.1, 407-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 2-12. ტ. I)

მოპასუხის შესაგებელი :

მოპასუხე ნ. ა-ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა (იხ. ს.ფ. 46. ტ. I.) (სასამართლოს გადაწყვეტილება).

საქმის გარემოებები: 2006 წლის 5 მაისს მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი) და მოპასუხე ნ. ა-ი დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში 4 წლის ვადით. (იხ. ს.ფ. 14-40. ტ. I)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის ¹29 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. (იხ. ს.ფ. 22. ტ. I).

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ნ. ა-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით - 13320 ლარის, ზიანის სახით - 2189.80 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის – 463,30 ლარის გადახდა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:

1. 2005 წლის 5 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ა-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება (კონტრაქტი), თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, 4 წლის ვადით.

2. 2008 წლის 08 იანვრის ¹29 ბრძანებით, ნ. ა-ი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2007 წლის 6 ნოემბრიდან, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

3. ნ. ა-მა შეიარაღებულ ძალების რიგებში იმსახურა 2 წელი, 6 თვე და 2 დღე.

4. ნ. ა-ის ბოლო თვის ხელფასი შეადგენს 555 ლარს.

სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადაო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება.

მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადაო გარემოებები: საქმეში წარმოდგენილია ნ. ა-ის პატაკი, დათარიღებული 2007 წლის 29 ოქტომბრით, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე და გაცნობის ფურცელი, (იხ. ს.ფ. 22-23). მითითებულ მტკიცებულებებში გამოხატულია მოპასუხის ნება შეწყვიტოს კონტრაქტი, რასაც უკავშირდება მისი ფინანსური პასუხისმგებლობა.

საქმეში წარმოდგენილი სამხედრო ნაწილ ¹...-ის, სამანდატო კომისიის 2007 წლის 11 ნოემბრის, სხდომის ოქმი ¹24-ით დასტურდება, რომ აღიძრა შუამდგომლობა ..., ნ. ა-ის, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის თაობაზე, საკუთარი სურვილით, კონტრაქტის შეწყვეტის მოტივით.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ა-ს კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 08 იანვრის ¹29 ბრძანება არ გაუსაჩივრებია. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და სარჩელში მითითებული გარემოებები სადაოდ არ გაუხდია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე და მის შესაბამისად, კონტრაქტით განსაზღვრული ფინანსური ვალდებულების არსებობაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით (ს.ფ. 24-26) დგინდება, რომ ნ. ა-ის სასურსათო ულუფა ერთი თვის განმავლობაში, დათხოვნის პერიოდში შეადგენდა 59 ლარს, საიდანაც გამომდინარე კვების ულუფაზე დახარჯული თანხა შეადგენს 1774 ლარს.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება როდის ეცნობა ან ეცნობა თუ არა მოპასუხეს, კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 08 იანვრის ¹29 ბრძანება, რასთანაც დაკავშირებულია პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის და ოდენობის გაანგარიშება.

საქმეში წარმოდგენილია სახელფასო ცნობა ნამსახურობის პერიოდში მიღებული ხელფასის თაობაზე, საიდანაც დგინდება, რომ ნ. ა-ს ხელფასის სახით, მიღებული აქვს 13 782 ლარი, საიდანაც 415 ლარი წარმოადგენს კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, ზედმეტად დარიცხულ თანხას.

სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული დადგენილი ფაქტების შეფასება

სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.

სასამართლოს დასკვნები _ იმ გარემოების გამო, რომ დადასტურებული იქნა მოპასუხის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტი, არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/

საქართველოს ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ა-ს შორის 2005 წლის 5 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის თაობაზე. ხელშეკრულება გასაჩივრებული ან გაუქმებული არ არის.

კონტრაქტის 7.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და „სამინისტროსთან“ შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს ან შექმნის პირობებს იმისთვის, რომ „სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ჯარიმის სახით, აუნაზღაუროს სამინისტროს ფულადი თანხები შემდეგი წესით: ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო სამი წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.

დადგენილია, რომ ნ. ა-მა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება 4 წლიანი სამხედრო სამსახურის შესახებ და 2 წლის, 6 თვის და 2 დღის სამსახურის შემდეგ შეწყვიტა ხელშეკრულება. სასამართლომ დაადგინა, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევის საფუძვლით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის ¹29 ბრძანება, კონტრაქტის შეწყვეტისა და ნ. ა-ის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, გასაჩივრებული არ არის და ძალაშია. აღნიშნული კი ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ჯარიმის სახით, განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ნ. ა-ის ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 555 ლარს, რომლის შესაბამისადაც ჯარიმის ოდენობად უნდა განისაზღვროს 13320 ლარით.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლომ ვერ დაადგინა როდის ეცნობა ან ეცნობა თუ არა მოპასუხეს კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის ¹29 ბრძანება, რასთანაც დაკავშირებულია პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის და ოდენობის გაანგარიშება. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ხელშეკრულებითვე დადგენილი ჯარიმის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრება, თავისი არსით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. პირგასამტეხლოზე პირგასამტეხლოს დაკისრება კი კანონმდებლობით დადგენილი არ არის, გარდა ამისა, მხოლოდ ჯარიმის თანხაც თავისი სიდიდით, არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მოპასუხეს, მით უფრო პირგასამტეხლოს დაკისრება უგულებელყოფს მის სასიცოცხლო მოთხოვნებს. მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა ჯარიმის თანხის 13320 ლარის 30%, აშკარა უსამართლო და შეუსაბამოდ მაღალია. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი ადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, თუ ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ზიანის სახით მოსარჩელე ითხოვს 15 566.74 ლარის ანაზღაურებას. სასამართლომ დაადგინა, რომ ზიანის თანხა მოიცავს ნ. ა-ის კვებაზე დახარჯულ თანხას 1774 ლარს და მიღებულ ხელფასს 13 792 ლარს. ასევე ხელფასის სახით, ზედმეტად დარიცხულ თანხას 2007 წლის 6 ნოემბრიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ კვების ულუფაზე დახარჯული თანხა და ხელფასის სახით, ზედმეტად დარიცხული თანხა 415.80 ლარი, სულ 2189.80 ლარი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებულ ზიანს და ის ანაზღაურებას ექვემდებარება, ხოლო ზიანის სახით, მიღებული ხელფასის უკან დაბრუნების მოთხოვნა, ეწინააღმდეგება შრომის კონსტიტუციურ უფლებას და სამართლოიანი ანაზღაურების პრინციპს და ის მოპასუხეს ვერ დაეკისრება. (იხ. ს.ფ. 45-51. ტ. I).

აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე: ნ. ა-ი

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი : აპელანტი არ ეთანხმება საგარეჯოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ იმ გარემოებას, რომ საკონტრაქტო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა და 7.4 მუხლით გათვალისწინებული ყოველდღიური 0.2%-იანი გადახდილი თანხა ერთობლიობაში სამართლებრივი ბუნებით მხარეთა შორის შეთანხმებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია, ის გარემოება, რომ თითქოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისგან ითხოვს ნამსახურეობის პერიოდში მასზე გაცემული ხელფასის უკან დაბრუნებას, რადგან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს არა ხელფასის უკან დაბრუნება, არამედ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიადგა თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.

სამართლებრივი : აპელანტის აზრით ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება.

აპელანტის განმარტებით, ჯარიმა და პირგასამტეხლო ერთი და იგივე რომც იყოს, ასეთ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობა არ უკრძალავს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა მოითხოვოს, როგორც ფიქსირებულად – ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში.

ხელშეკრულების 7.4. მუხლით გათვალისწინებული განგრძობადი პირგასამტეხლო საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებითვე იქნა ფიქსირებულ თანხამდე შემცირებული (საჯარიმო თანხის 30%-ის ოდენობამდე). ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო ვერანაირად ვერ ასაბუთებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მხარეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

რაიონული სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას ვალდებული იყო გამოეკვლია მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა და სწორედ ეს გარემოება შეიძლება გამხდარიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების უმთავრესი საფუძველი, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად, მას არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა. (იხ. ს.ფ. 57-67. ტ. I).

მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება:

მოტივები: ფაქტობრივი:

მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება სადაც აღნიშნა, რომ საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე გააკეთა სწორი შეფასება ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში და მიიღო სწორი გადაწყვეტილება. თავდაცვის სამინისტრო ითხოვს მოპასუხისაგან მასზე გაცემულ ხელფასის თანხას, რაც ყოვლად დაუშვებელია

სამართლებრივი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით სასამართლოსათვის შესაძლებელი იყო შინაგანი რწმენისა და კონტრაჰენტის ქონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 10-16. ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საგარეჯოს რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მათი გამაბათილებელი არგუმენტები აპელანტს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის საფუძველი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებების, აგრეთვე, დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ ნ. ა-ის მომზადებაზე დახარჯული და შესაბამისად მიყენებული ზიანის თანხა შეადგანს - 15 566 ლარს. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს ზიანის არსებობის და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთი. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან ნ. ა-ის სანაცვლოდ მოამზადა სხვა მოსამსახურე, რომლის მომზადებაზე დაიხარჯა 15 566 ლარი, ანუ მის მიერ გაღებული იქნა აღნიშნული თანხა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო. საქმის მასალების მიხედვით მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხემ გაიარა სპეციალური ,,სამხედრო მოსამსახურის სწავლება და მომზადება” და მის მომზადებაზე დაიხარჯა სასარჩელო განცხადებით მოთხოვილი თანხა, წარმოდგენილი არ ყოფილა. (იხ. ს.ფ. 20-30. ტ. II).

კასატორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე: ნ. ა-ი

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები:

სამართლებრივი : კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია, ვინაიდან ჯარიმისა და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება.

კასატორის მითითებით, ჯარიმა და პირგასამტეხლო ერთი და იგივე რომც იყოს, ასეთ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობა არ უკრძალავს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა მოითხოვოს, როგორც ფიქსირებულად – ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში.

ხელშეკრულების 7.4. მუხლით გათვალისწინებული განგრძობადი პირგასამტეხლო საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებითვე იქნა ფიქსირებულ თანხამდე შემცირებული (საჯარიმო თანხსის 30%-ის ოდენობამდე). ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო ვერანაირად ვერ ასაბუთებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მხარეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას ვალდებული იყო გამოეკვლია მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა და სწორედ ეს გარემოება შეიძლება გამხდარიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლოს შემცირების უმთავრესი საფუძველი, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს მიერ არ განხორციელებულა და შესაბამისად, მას არ ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა. (იხ. ს.ფ. 35-42; ტ. II).

პროცესუალური: მოსარჩელის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირგასამტეხლოს დაუკმაყოფილებლობის ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა, 2011 წლის 3 მაისის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. (იხ. ს.ფ. 52-54; ტ.2).

მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება:

მოტივები: ფაქტობრივი:

მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება, სადაც აღნიშნა, რომ სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოირგასამტეხლო საქმის გარემოებების გათვალისიწნებით. სასამართლომ საქმის გარემოებიებიდან გამომიდნარე მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 55-60; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, სსსკ-ის 407.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2005 წლის 5 მაისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნ. ა-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 13-18). ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹29 ბრძანების შესაბამისად, ნ. ა-ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან (იხ. ს.ფ. 19).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონშესაბამისია ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივი დასკვნა, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების ვადის ათვლა და ოდენობის დაანგარიშება დაკავშირებულია იმასთან თუ როდის ეცნობა ან ეცნობა თუ არა სამხედრო მოსამსახურეს დათხოვნის ბრძანება, აღნიშნული კი საქმის მასალებით დადასტურებული არ არის, აღნიშნული სასამართლო შეფასება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავოდ არ გაუხდია არცერთ სასამართლო ინსტანციაში.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ჯარიმის და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09)საქართველის თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ა. რ-ის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: განმარტავს, რომ ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:

მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით.

ან

წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.

დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.

წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.

საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”

განსახილველ შემთხვევაში მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და ნ. ა-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი – კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნტით გადასახდელი ჯარიმის - 13320 ლარის 30% - 3996 ლარი, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.