Facebook Twitter

¹ბს-690-684(2კ-11) 20 დეკემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) _ ლ. მ-ე

მესამე პირები _ მესამე პირები საქმეში არ მონაწილეობენ

დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ. ძ-ი

მოპასუხე: ლ. მ-ე

წარმომადგენელი: რუსლან ცეცხლაძე

მესამე პირი: _ მესამე პირი საქმეში არ მონაწილეობს

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.

სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 13152 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 3954.6 ლარისა და ზიანის სახით _ 13384.31 ლარის დაკისრება.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2005 წლის 20 ივნისს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹2433 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2007 წლის 5 ოქტომბრიდან ვალდებულების დარღვევის გამო. კონტრაქტის 7.3, 7.4, 8.2, 8.3, 8.4 პუნქტების საფუძველზე ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა.

სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 417, 394.1, 407-ე, 417-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 2-10.)

მოპასუხის შესაგებელი :

ფაქტობრივი: მოპასუხე ლ. მ-ემ წარმოადგინა წერილობითი შესაგებელი, სადაც აღნიშნა, რომ არცერთ დოკუმენტში არ არის აღწერილი, თუ რა სახის დარღვევის გამო იქნა იგი დათხოვნილი. ამასთან, თავდაცვის მინისტრის ბრძანება გამოცემულია 2008 წლის 15 მაისს, რის საფუძველზეც იგი ჩაითვალა შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ 2007 წლის 5 ოქტომბრიდან, მაშინ, როცა სამანდატო კომისიის სხდომა გაიმართა 2007 წლის 31 აგვისტოს.

მოპასუხის მსჯელობით, ვინაიდან მინისტრის ბრძანება გათავისუფლებაზე დაიწერა 2008 წლის 15 მაისს, იგი გათავისუფლებულად ითვლება აღნიშნული თარიღიდან და ნამსახურეობის ვადა შეადგენს 1 წელსა და 5 დღეს. მოპასუხის მითითებით, თავდაცვის სამინისტროს გაანგარიშება არის არასწორი, ვინაიდან კონტრაქტის პირობების შესაბამისად, დარღვევის დროს მოსამსახურის მიერ გადასახდელი საშუალო თანხა არ უნდა აღემატებოდეს საშუალოდ 10000 ლარს.

ერთი ცნობით დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურის სწავლაზე დაიხარჯა 130.68 ლარი, ხოლო მეორე ცნობით დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურის სწავლაზე დაიხარჯა 313.95 ლარი. დანარჩენი თანხები წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ გაწეული შრომის ანაზღაურების თანხას, რომელიც მოპასუხემ მიიღო ხელფასის სახით და რომელი თანხის უკან გამოთხოვაც დაუშვებელია, რადგან შრომის შესაბამისი ანაზღაურება არ მიეკუთვნება ზიანის თანხას და არც მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯულ თანხას.

მოპასუხის მითითებით, იგი თვითდათხოვნის საფუძველზე წამოვიდა სამხედრო ნაწილიდან და 2007 წლის 31 აგვისტოს სამანდატო კომისიის სხდომის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იგი დათხოვნილ იქნა დისციპლინებული პასუხისმგებლობის გამო, არ შეესაბამება სინამდვილეს.

სამართლებრივი: მოპასუხეს შესაგებლის სამართლებრივ საფუძვლებზე არ უმსჯელია. (იხ. ს.ფ. 26-33).

საქმის გარემოებები: 2005 წლის 20 ივნისს მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა კონტრაქტი და მოპასუხე ლ. მ-ე დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. (იხ. ს.ფ. 11-16).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹2433 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2007 წლის 5 ოქტომბრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. (იხ. ს.ფ. 17).

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ლ. მ-ეს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა _ 13152 ლარი და პირგასამტეხლო _ 394.6 ლარის ოდენობით. სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:

1. 2005 წლის 20 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ლ. მ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ.

2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ლ. მ-ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლებოდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ქვეითი ბრიგადის ... სამხედრო ნაწილის ფინანსისტის მიერ 2010 წლის 15 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ლ. მ-ეს ანაზღაურებული აქვს ხელფასი 2007 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ხოლო უკანასკნელი თვის ხელფასის ოდენობა შეადგენს 548 ლარს.

4. ლ. მ-ეს 2005 წლის ივლისიდან მიღებული აქვს შრომის ანაზღაურების სახით სულ 14703.95 ლარი.

სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადაო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება. მოპასუხე მხარემ ლ. მ-ემ სადაო გახადა ნამსახურეობის ვადა.

მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლოს მსჯელობით სახეზეა კონტრაქტის პირობების დარღვევა, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული დადგენილი ფაქტების შეფასება

სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.

სასამართლოს დასკვნები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

სასამართლოს მითითებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. მ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება თავდაცვის საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომელიც საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებულია ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის 65-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს მსჯელობით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხეზე ჯარიმის სახით 13152 ლარის დაკისრებაზე, საფუძვლიანია და გამომდინარეობს კონტრაქტის7.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული მხარეთა შეთანხმებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლით, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობისას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კონტრაქტი ლ. მ-ის ბრალით შეწყდა.

სასამართლო დასაბუთებულად და სამართლიანად მიიჩნევს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრებას, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4 პუნქტით განსაზღვრულ იქნა სამხედრო მოსამსახურის ვალდებულება, თუ იგი ვერ ასრულებს 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0.2%- ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ცნება, რომლის თანახმად პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა მიერ განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 3945.6 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.

სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტრაქტის მოქმედების პერიოდში მოპასუხის სასარგებლოს გადახდილი ხელფასის თანხა წარმოადგენს ზიანს.

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო და კადრის სამხედრო სამსახურს.

“სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის I მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე არის საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში ან სამხედრო ძალების რეზევრის პირველ თანრიგში.

მოპასუხე ლ. მ-ე იმყოფებოდა ვადიან საკონტრაქტო ამხედრო სამსახურში და იმავდროულად წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ყველა ის საკანონმდებლო და კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტის დებულებანი, რომლებიც შეეხება სამხედრო მოსამსახურეს, პირის სამხედრო სამსახურში ყოფნას, სამხედრო სამსახურის გავლას.

შრომის ანაზღაურების ნაწილში სამხედრო მოსამსახურეზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები, რომლის 37-ე მუხლის I პუნქტით დადგენუილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხელშეკრულების დადების მომენტიდან შეწყვეტამდე დროის შუალედში, მოპასუხე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი იღებდა ამ შესრულებას და საპასუხოდ გასცემდა შრომით ანაზღაურებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317 მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლოს მსჯელობით, ხელშეკრულების დადებისას მხარეები არ შეთანხმებულან გადახდილი ხელფასის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურების, ხელფასის უკან დაბრუნების ვალდებულებაზე. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ისეთი ვალდებულების შესრულება, რაც არ ყოფილა შეთანხმებული ხელშეკრულებით. სამხედრო მოსამსახურეზე გაცემული ხელფასის სახით გაწეული ხარჯები ვერ იქნება მიჩნეული სწავლებისათვის დახარჯულ თანხად.

მოსარჩელე მხარეს დავის განხილვის პროცესში არ წარმოუდგენია ასეთი ტიპის ხარჯების რეალურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებანი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა ისე გარემოება, როგორიცაა ხელფასის ხარჯის გაწევა და სწორედ ამ გარემოებაზე დააფუძნა სარჩელი. ხელფასი მიიჩნია სამხედრო პირის სწავლებაზე გაწეულ ხარჯად, რაც არასწორია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I ნაწილით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. (იხ. ს.ფ. 80-90).

აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე: ლ. მ-ე

წარმომადგენელი: რ. ც-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით არასწორია სასამართლოს მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვს ნამსახურეობის პერიოდში მასზე გაცემული ხელფასის უკან დაბრუნებას. იგი ითხოვს არა ხელფასის უკან დაბრუნებას, არამედ იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით.

სამართლებრივი : კანონისმიერი მტკიცებულებები თავისი შინაარსით უტოლდებიან საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ხოლო თვით სამინისტრო განთავისუფლებულია ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარში წარმოადგინა ახალი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 5 მაისით დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითად, სამინისტროს მიერ ზიანის სახით მოთხოვნილ სახელფასო თანხებს მიენიჭა სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დახარჯული თანხების სტატუსი. (იხ. ს.ფ. 95-104).

აპელანტი: ლ. მ-ე

წარმომადგენელი: რ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ. ბ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი : აპელანტის მითითებით, კონტრაქტის შესაბამისად, ლ. მ-ის კუთვნილი ხელფასი შეადგენდა 447 ლარს და საქმეში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი იმისა, რომ სამხედრო მოსამსახურეს მყარად მოემატა სახელფასო სარგო. შესაბამისად, სამინისტრო და ვერც სხვა ორგანო წინასწარ ვერ გათვლის თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში რა სახის დანამატებს განახორციელებს ძირითად სახელფასო სარგოზე. კონტრაქტის 7.3 მუხლით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო საშუალოდ 10000 ლარი და მისი გაზრდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბოლო თვეში მოსამსახურემ მიიღო სხვა თანხა და მასზე დანამატი, დაუშვებელია.

სამართლებრივი : სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412- ე მუხლი. (იხ. ს.ფ. 171-179).

მესამე პირის მოსაზრება _ მესამე პირი საქმეში არ მონაწილეობს.

მოწინააღმდეგის შეპასუხება:

მოტივები: ფაქტობრივი

მოწინააღმდეგე მხარემ ლ. მ-ემ წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება, სადაც აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრო ითხოვს მოპასუხისაგან მასზე გაცემულ ხელფასის თანხას, ვინაიდან აღნიშნულის დასადასტურებლად მას საქმეში წარმოდგენილი აქვს ცნობა ხელფასის შესახებ, თუ რა ოდენობის ხელფასი გაიცა სამხედრო მოსამსახურეზე.

მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია აპელანტის მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. სასამართლო პრაქტიკისა და კანონის თანახმად ხელფასი გულისხმობს შრომის ანაზღაურებას. თუ შესრულება მიღებულია, მისი გამოთხოვა დაუშვებელია.

სამართლებრივი:

მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხების სამართლებრივ მოტივებზე არ უმსჯელია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ლ. მ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 13 152 და სწავლებაზე დახარჯული თანხა 444.63 ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აპელაციის მოტივების გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა

სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი კვალიფიკაცია. თუმცა, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასაჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა.

საქართველო სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო _ მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს ბესთან და მოვალის გარანტიასთან ერთად, რომელიც მხარეებმა შეიძლელება გაითვალისწინონ. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ხელშეკრულებითვე დადგენილი ჯარიმის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრება, თავისი არსით, ვალდებულების შესრულების ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებული პირგასამტეხლოა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ მიჩნეული უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეთა მიერ სადაოდ გამხდარი ფაქტების შეფასება

სასამართლოს მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება არ მოუხდენია

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. მ-ის სააპელაიო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოფის საშუალების პირგასამტეხლო _ 13152 ლარი მოითხოვა, რისი მოთხოვნის საფუძველი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტითაა გათვალისწინებული. ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხას 3945.6 ლარს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებით ამ თანხის დაკისრების საფუძველი აღარ არსებობს. (იხ. ს.ფ. 189-199.)

კასატორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი: ნ. ძ-ი

მოწინააღმდეგე მხარე: ლ. მ-ე

წარმომადგენელი: რ. ც-ე

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: მოსარჩელის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა კერძოდ, პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება. სასამართლოს არ ჰქონდა უფლება შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა, ვინაიდან მას არ გამოუკვლევია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა. ყურადღება არ გაამახვილა ხელშეკრულების პირობებზე და ისე მიიღო გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 208-215).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა, 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც აბსოლიტური და დივენგერტული კასაცია (იხ. ს.ფ. ).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, სსსკ-ის 407.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2005 წლის 20 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. მ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 11-16). ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).

საკასაციო სასამართლო ჯარიმის და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09)საქართველის თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ა. რ-ის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: რომ ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:

მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით.

ან

წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.

დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.

ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.

წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.

საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”

განსახილველ შემთხვევაში მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და ლ. მ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი – კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნტით გადასახდელი ჯარიმის - 13152 ლარის 30% - 3945.6 ლარი, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.