¹ბს-735-729(კ-11) 20 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. კ-ე
მესამე პირები _ მესამე პირები საქმეში არ მონაწილეობენ
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ვ. გ-ი
მოპასუხე: გ. კ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.
სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 19692 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 19692 ლარის 0,2% ის ოდენობა 2006 წლის 7 ოქტომბრიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე, ზიანის სახით _ 1970.58 ლარის დაკისრება და სანივთე ქონების დავალიანების სახით სანივთე ატესტატში ჩამონათვალი სანივთე ქონების ექვივალენტი ნატურით.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2005 წლის 3 ნოემბერს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 26 სექტემბრის ¹2186 ბრძანებით მოპასუხე გ. კ-ე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2006 წლის 21 აგვისტოდან.
კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად და ამასთანავე პირგასამტეხლო 0.2 % ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.4 პუნქტის შესაბამისად.
კონტრაქტის 8.3 პუნქტის საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხა, კერძოდ, თანხა, რაც დაიხარჯა მის მომზადებაზე და რომლის ხელახლა დახარჯვა მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, მომზადების რა დონისთვისაც მას ჰქონდა მიღწეული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას.
სანივთე უზრუნველყოფის ფარგლებში სამხედრო სამსახურის განმავლობაში მოპასუხეზე გაცემული ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეს არ დაუბრუნებია სანივთე ატესტატში ჩამონათვალი სანივთე ქონების ექვივალენტი ნატურით.
სამართლებრივი: მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, 251-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 394.1, 407, 417, 52 –ე მუხლების საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 3-17. ტ. I).
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი: მოპასუხე გ. კ-ემ წარმოადგინა წერილობითი შესაგებელი, არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ გაურკვეველია რა საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე ჯარიმისა და ზიანის ანაზღაურებას, ვინაიდან საქმეზე მას არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება კონტრაქტის პირობების დარღვევის შესახებ.
მოპასუხემ აღნიშნა, რომ კონტრაქტის 7.3 პუნქტში მითითებული ჯარიმა უნდა ჩაითვალოს შეთანხმებულ პირგასამტეხლოდ.
მოპასუხის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა სანივთე ქონების ეკვივალენტის მოთხოვნის ნაწილშიც დაუსაბუთებელია, ვინაიდან გაუგებარია მოსარჩელე ნატურით ითხოვს ქონების დაბრუნებას, თუ მის ექვივალენტ თანხას.
სამართლებრივი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. ამავე კოდექსის 420- ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (იხ. ს.ფ. 36-44. ტ. I).
საქმის გარემოებები: 2005 წლის 3 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. კ-ეს შორის და იგი დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. (იხ. ს.ფ. 27-30. ტ. I).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 26 სექტემბრის ¹2186 ბრძანებით მოპასუხე გ. კ-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2006 წლის 21 აგვისტოდან. (იხ. ს.ფ. 21. ტ. I).
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს – გ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა; მოპასუხე – გ. კ-ეს დაევალა სამხედრო სამსახურის გავლისას მასზე გადაცემული სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი სანივთე ქონების (კერძოდ: ფორმა კომუფლირებული ერთი ცალი; ქუდი კომუფლირებული ერთი ცალი; ფეხსაცმელი მ/ყ ერთი ცალი; მაისური ერთი ცალი; წინდა ერთი ცალი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა; ხოლო სარჩელი ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ.1; ს.ფ. 62-71).
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
2005 წლის 3 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე გ. კ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად სამხედრო ქვედადანაყოფებში სამსახური. ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. მხარეთა მიერ ხელმოწერილი კონტრაქტი ძალაში შევიდა სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ნაწილში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან (ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან).
2006 წლის 11 სექტემბრის 16104 სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის სხდომის გადაწყვეტილებით დადგინდა გ. კ-ის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის შეიარაღებული ძალების რიგებიდან მისი დათხოვნა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 26 სექტემბერის ¹2186 ბრძანების თანახმად ... ბრიგადის მეთაურის შუამდგომლობის საფუძველზე, გ. კ-ე დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) “სამხედრო სამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) თანახმად, 2006 წლის 21 აგვისტოდან.
დადგენილია, რომ გ. კ-ეს, სამხედრო სამსახურის გავლისას გადაეცა სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი სანივთე ქონება, კერძოდ: ფორმა კომუფლირებული ერთი ცალი; ქუდი კომუფლირებული ერთი ცალი; ფეხსაცმელი მ/ყ ერთი ცალი; მაისური ერთი ცალი; წინდა ერთი ცალი.
სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება. მოპასუხე მხარემ სადაო გახადა კონტრაქტის პირობების დარღვევის ფაქტი.
მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევასთან მიმართებაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები არ შედავებულა მოპასუხის მხრიდან. სადავოა მხოლოდ ამ ფაქტობრივი გარემოებების შეფასება. ამდენად ხელშეკრულება დაირღვა მოპასუხე გ. კ-ის მხრიდან, რადგან ხელშეკრულების პირობების მიხედვით ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნეოდა მისი შეწყვეტა საკუთარი სურვილით.
რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე ზიანის წარმოშობის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2009 წლის 17 ივნისის ცნობაზე, რომლის თანახმად სამხედრო მოსამსახურეს გ. კ-ეს ხელფასის სახით მიღებული აქვს 1970,58 ლარი, სასამართლომ არ მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ის, რომ სამხედრო მოსამსახურეზე გაცემული გასამრჯელოთი (ხელფასით) მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რომლის ანაზღაურების უფლებაც მას გააჩნია.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2005 წლის 3 ნოემბრის ხელშეკრულებაში ცვლილებები არ შესულა.
სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული დადგენილი ფაქტების შეფასება
სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹119 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების” თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით ,,სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.”
მხარეთა შორის დადებული კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებისათვის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ვინაიდან, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახური არის სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი სახეობა, ხოლო “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას.
კონტრაქტის საგანს წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის შემდგომი აუცილებელი ოთხწლიანი დასაქმება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტის 3.1. მუხლის თანახმად, იგი დადებულია ოთხი წლის ვადით, ხოლო 7.3. მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ,,სამხედრო მოსამსახურე” მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ,,სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 წლიანი კონტრაქტი, ,,სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს ხელშეკრულების 3.2 მუხლში მითითებული ვადის დასრულებიდან ვადიანი სამხედრო სამსახურის ამ სამხედრო პირისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით მისთვის გადახდილი თანხმები და მის სწავლებაზე გაწეული ხარჯი 5 000 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების მე-4 მუხლი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესს და ოდენობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმებისას მისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების ყველა პირობა, მათ შორის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი. მათ შორის ის, რომ ხელშეკრულების დარღვევად იქნებოდა მიჩნეული მისი შეწყვეტა საკუთარი ნება-სურვილით.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება (კონტრაქტი) არაჯეროვნად შესრულდა. ხელშეკრულების სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: “ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან”. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.”
სასამართლოს მსჯელობით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულება მოპასუხის ბრალეული მოქმედებით ვადაზე ადრე შეწყდა, ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა თანხის გადახდასთან დაკავშირებით საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოპასუხე გ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანხის, კერძოდ ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა, რადგან მასთან დადებული ხელშეკრულება ხელშეკრულების დარღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებად არ ითვალისწინებს ჯარიმას საშუალოდ 14 000 ლარის ოდენობით და ბოლო თვის ხელფასის დაანგარიშების შესაბამისად. იგი განსაზღვრულია 5000 ლარით და იმ თანხების ანაზღაურებით, რაც დაიხარჯა სამხედრო მოსამსახურის სწავლებაზე და გათვალისწინებულია ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით, ანუ მიღებული შრომის ანაზღაურების დაბრუნებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო, არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, ანუ ფულადი თანხა, რომელსაც მხარეები ითვალისწინებენ ხელშეკრულების დადებისას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ჯარიმას, როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა არ იცნობს და შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული დათქმა ჯარიმის გადახდის შესახებ, წარმოადგენს უკვე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეს პირგასამტეხლოს.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად: ”სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია უკვე უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს სახით 5 000 ლარის ოდენობით, დამატებით კიდევ 19 692 ლარის 0,2 პროცენტი უკვე შეუსაბამოდ მაღალი ოდენობაა. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს თანხა მოსარჩელეს დაანგარიშებული აქვს არა 5000 ლარიდან, არამედ არასახელშეკრულებო პირობიდან 14 000 ლარიდან და მოპასუხის ბოლო თვის ხელფასზე დაანგარიშებით, რაც შეუსაბამობაშია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებთან.
მოპასუხე გ. კ-ეს 1970,58 ლარი მიღებულ აქვს შრომის ანაზღაურების – ხელფასის სახით, რომლის გადახდის ვალდებულება თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა როგორც კანონის, ისე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
იმისთვის, რომ კრედიტორმა შეძლოს ზიანის გამო დავა, სახეზე უნდა იყოს რამოდენიმე პირობა ერთობლიობაში: 1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ბრალეული შეუსრულებლობა ; 2. უშუალოდ ასეთი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი.
სასამართლოს მსჯელობით მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ უკვე გადახდილი ხელფასის თანხის, უკან დაბრუნებას.
სასამართლო, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმისა, არ დაეთანხმა მოსარჩელის მტკიცებას იმის შესახებ, რომ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი ხელფასის თანხა წარმოადგენს ზიანს.
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურე ეს არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში ან სამხედრო ძალების რეზერვის პირველ თანრიგში.
მოპასუხე გ. კ-ე, იმყოფებოდა რა ვადიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, იგი იმავდროულად წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ყველა ის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დებულებანი, რომლებიც შეეხება სამხედრო მოსამსახურეს, პირის სამხედრო სამსახურში ყოფნას, სამხედრო სამსახურის გავლას.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. შრომის ანაზღაურების ნაწილში სამხედრო მოსამსახურეებზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტი ადგენს, რომ სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. იმავე მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით (ძველი რედაქციის) დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ხელშეკრულების დადების მომენტიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე დროის შუალედში მოპასუხე გ. კ-ე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი იღებდა რა ამ შესრულებას, საპასუხოდ გასცემდა შესრულებული სამუშაოს ადეკვატურ შრომით ანაზღაურებას – ხელფასს, რითაც ასრულებდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
იმავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ 03.11.2005 წლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ გადახდილი ხელფასის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურების უკან დაბრუნების ვალდებულებაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი თუნდაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვოს ისეთი ვალდებულების შესრულება, რაც თავისი არსით კანონსაწინააღმდეგოა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1.1 პუნქტის საფუძველზე იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს გ. კ-ეს ხელფასი და უზრუნველყოს იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, მათ შორის – ვალდებულებით, გასწიოს მისი კმაყოფის ყველა ხარჯი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, თუ ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მხარეებს უბრუნდებათ მიღებული შესრულება და სარგებელი, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე ითხოვს მეორე მხარისაგან სარგებლის დაბრუნებას, იგი ვალდებულია დაუბრუნოს ხელშეკრულების მეორე მხარეს მიღებული შესრულება.
სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელფასის უკან დაბრუნება სწორედ იმ მოტივით, რომ ხელფასი არ წარმოადგენს არც ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეულ ზიანს და არც სამხედრო მოსამსახურის სწავლებაზე გაწეულ ხარჯს.
სასამართლოს შეფასებით, დაუშვებელია, რომ სამხედრო მოსამსახურეზე გაცემული ხელფასზე დახარჯული თანხები მიჩნეულ იქნეს სწავლებისათვის დახარჯულ თანხად. სასამართლომ განმარტა, რომ სამხედრო მოსამსახურის სწავლებისთვის გაწეული ხარჯი ეს არის ფულადი სახსრები, რომელიც უნდა მოხმარდეს სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური და ინტელექტუალური წვრთნის პროცესში ადამიანური და მატერიალური რესურსის გამოყენებას. მოსარჩელე მხარეს დავის განხილვის პროცესში არა თუ არ წარმოუდგენია ასეთი ტიპის ხარჯების რელურად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებანი, მან სარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა ისეთი ფაქტობრივი გარემოებანი, როგორიცაა ხელფასის ხარჯის გაწევის გარემოება, მოპასუხემ სწორედ ამ გარემოებაზე დააფუძნა თავისი სარჩელი, სწორედ ხელფასი მიიჩნია სამხედრო პირის სწავლებაზე გაწეულ ხარჯად, რაც არასწორია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ დაარღვია იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა სამხედრო სამსახურის გავლისას მოპასუხეზე გადაცემული სამხედრო მოსამსახურისათვის განკუთვნილი სანივთე ქონების (კერძოდ: ფორმა კომუფლირებული ერთი ცალი; ქუდი კომუფლირებული ერთი ცალი; ფეხსაცმელი მ/ყ ერთი ცალი; მაისური ერთი ცალი; წინდა ერთი ცალი;) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. ს.ფ. 62-71. ტ. I).
აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე: გ. კ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის 1970.5 ლარის ნაწილში, ვინაიდან კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ჯარიმის სახით მისთვის გადახდილი თანხები და მის სწავლებაზე გაწეული ხარჯი 5000 ლარის ოდენობით. საქმეზე წარმოდგენილი მე-3 ქვეითი ბირიგადის მიერ გაცემული ¹1277 ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხეზე გადახდილი თანხები შეადგენს 1970.58 ლარს. შესაბამისად აპელანტის მსჯელობით, ჯარიმის სახით მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაკისრებოდა ასევე 1970.58 ლარი.
აპელანტის მოსაზრებით, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება.
აპელანტის განმარტებით, ჯარიმა და პირგასამტეხლო ერთი და იგივე რომც იყოს, ასეთ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობა არ უკრძალავს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა მოითხოვოს, როგორც ფიქსირებულად – ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში.
სასამართლომ არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე, წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კონტრაქტის 8.3 პუნქტი.
სამართლებრივი: მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე არ უმსჯელია. (იხ. ს.ფ. 76-85. ტ. I).
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
მოტივები: ფაქტობრივი: მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარეზე დამატებით 1970,58 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან აპელანტის მიერ მითითებული თანხა დადგენილია, რომ გ. კ-ეს მიღებული აქვს ხელფასის სახით.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გ. კ-ის მომზადებაზე დახარჯული და შესაბამისად მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 1970.58 ლარს. პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მან გ. კ-ის სანაცვლოდ მოამზადა სხვა მოსამსახურე, რომლის მომზადებაზე დაიხარჯა 1970.58 ლარი.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ზიანის ანაზღაურების საფუძვლად ხელშეკრულების 8.3 პუნქტზე მითითება. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულია არა ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, არამედ, ზიანის არსებობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, სამინისტროს მიერ აღსრულების ღონისძიებები.
პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა პირგასამტეხლოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს ბესა და მოვალის გარანტიასთან ერთად. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ხელშეკრულებითვე დადგენილი ჯარიმის თანხა, თავისი არსით პირგასამტეხლოს წარმოადგენს. პირგასამტეხლოზე პირგასამტეხლოს დაკისრება კი კანონმდებლობით დადგენილი არ არის.
პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეს. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 7.1-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია ა) საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს კონსტიტუციური კანონი; ბ) საქართველოს ორგანული კანონი; გ) საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ამავე კანონის 11.1-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებას გამოსცემს საქართველოს კონსტიტუციით, ორგანული კანონითა და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათ საფუძველზე. 7.7-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონმქვემდებარე ნორმატიული აქტების მიმართ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. (იხ. ს.ფ. 8-18. ტ. II).
კასატორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ნ. ძ-ი
მოწინააღმდეგე მხარე: გ. კ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის აზრით ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება.
კასატორის განმარტებით, ჯარიმა და პირგასამტეხლო ერთი და იგივე რომც იყოს, ასეთ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობა არ უკრძალავს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა მოითხოვოს, როგორც ფიქსირებულად – ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. (იხ. ს.ფ. 22-29. ტ. II).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა, 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. (იხ. ს.ფ. ).
მოწინააღმდეგის შეპასუხება : მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, სსსკ-ის 407.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2005 წლის 3 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. კ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების 7.3 შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ,,სამხედრო მოსამსახურე” მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით შეწყვეტს კონტრაქტს ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს კონტრაქტი, ,,სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს ა) ხელშეკრულების 3.2 მუხლში მითითებული ვადის დასრულებიდან ვადიანი სამხედრო სამსახურის ამ სამხედრო პირისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით მისთვის გადახდილი თანხები და მის სწავლებაზე გაწეული ხარჯი 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 7.4 პუნქტით აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 27-30).
საკასაციო სასამართლო ვერ გაზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხეს ჯარიმი სახით უნდა დაკისრებოდა 5000+19700.58 ლარი, ვინაიდან, როგორც, უკვე აღინიშნა ხელშეკრულების 7.3 ,,ა” ქვეპუნტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურე ხელშეკრულების 3.2 მუხლში მითითებული ვადის დასრულებიდან ვადიანი სამხედრო სამსახურის ამ სამხედრო პირისათვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა ამ ხელშეკრულებით მისთვის გადახდილი თანხები და მის სწავლებაზე გაწეული ხარჯი 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯარიმის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მხოლოდ ფიქსირებული 5000 ლარი და არა 5000+1970,58 ლარი, რომელიც, როგორც საქმის მასალებით დადგენილია წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურისათვის გაცემულ ხელფასს.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა გ. კ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით ჯარიმის თანხის 0,2%-ის ოდენობით დაკისრების ნაწილშიც და ჯარიმისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09)საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ა. რ-ის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:
მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით.ან
წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა არის 5000 ლარი, რაც არსებული სოციალური ფონისა და გ. კ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.