¹ბს-740-734(2კ-11) 17 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (კასატორი) _ რ. თ-ი
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოპასუხე: რ. თ-ი
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.
სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 23101.98 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 6930.59 ლარისა და ზიანის სახით _ 5813.68 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2005 წლის 7 დეკემბერს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 24 დეკემბრის ¹3005 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. კონტრაქტის 7.1, 7.2, 7.3, 7.4, 8.3 მუხლების საფუძველზე, მას 2006 წლის 30 ნოემბრიდან ეკისრება ფინანსური პასუხისმგებლობა.
სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსრუი პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 და 251 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 417, 394.1, 407, 414 მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 1-12. ტ. I)
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი: მოპასუხე რ. თ-მა წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა, თუმცა სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. კერძოდ, აღიარა, საკონტრაქტო პირობების დარღვევის ფაქტი, მაგრამ არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში. (იხ. ს.ფ. 38-41. ტ. I.)(სასამართლო სხდომის ოქმი).
სამართლებრივი: მოპასუხეს შესაგებლის სამართლებრივ საფუძვლებზე არ უმსჯელია.
საქმის გარემოებები: 2005 წლის 7 დეკემბერს მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა კონტრაქტი და მოპასუხე რ. თ-ი დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. (იხ. ს.ფ. 14-40. ტ. I)
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 24 დეკემბრის ¹3005 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. (იხ. ს.ფ. 22. ტ. I).
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/
მცხეთის რაიუნული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე რ. თ-სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით _ 23 101.98 ლარისა და ასევე პირგასამტეხლოს სახით _ 6 930.59 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა ზიანის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
2005 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე რ. თ-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 24 დეკემბრის ¹3005 ბრძანებით _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჟ-1 პირად შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ... დივიზიონის ... ბატარეის ... ოცეულის ... ... რ. თ-ი, დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნის), საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) თანახმად, სამხედრო სამსახურიდან 2006 წლის 30 ნოემბრიდან.
მოპასუხე რ. თ-ს სამხედრო სამსახურში ნამსახურეობის ვადა შეადგენდა 7 თვესა და 23 დღეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ¹006670 ცნობის შესაბამისად, რ. თ-ი იმყოფებოდა საქვაბე კმაყოფაზე და მასზე დახარჯული საჯარისო სასურსათო ულუფა შეადგენდა _ 625,40 ლარს.
სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:
სასამართლოს სადაოდ არ მიუჩნევია მოცემული საქმის ფაქტები
მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ მხარეთა მიერ ფაქტები სადავო არ გამხდარა.
სასამართლოს დასკვნები _ ჯარიმის და ზიანის საკომპენსაციო თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317 მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
მხარეთა შორის გაფორმებული 2005 წლის 7 დეკემბრის კონტრაქტითა და ხელშეკრულების დანართი ¹1 დამატებითი ხელშეკრულებით დადგენილია, რომ მოსამსახურის ინიციატივით ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შეწყვეტის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მასზე გათვალისიწნებული კონტრაქტით დარჩენილი ფულადი თანხები. კერძოდ, მოპასუხესთან დადებული კონტრაქტის 7.3 პუნქტით _ იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილითა და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ,,სამინისტრო” იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი, ,,სამხედრო მოსამსახურე” უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მათზე გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები: ა) ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად, ხოლო ამავე კონტრაქტის 7.4 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 მუხლებში აღნიშნული თანხების დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონული სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხები.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მეორე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე. იმ პირებს, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ ოდენობაზე მეტი ოდენობით, დაკისრებული პირგასამტეხლო უმცირდებათ სამხედრო მოსამსახურის ინიციატივით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდში გაფორმებული მორიგების სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს _ 23101,98 ლარის 30%=6930,59 ლარი (იხ. ს.ფ. 44-49; ტ.I)
აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე: რ. თ-ი
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ზიანის დაკისრების თაობაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისრტოს მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით სასამართლომ არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლევლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კონტრაქტის 8.3 პუნქტი. სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახლა გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის იმ დონემდე გაწვრთვნისათვის, რა დონეზეც იყო მოპასუხე კონტრაქტის დარღვევის დროს.
სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე გაცნობილი იყო კონტრაქტის 8.2, 8.3 მუხლების შინაარსს, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს სავარაუდო ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში. (იხ. ს.ფ. 54-64. ტ.I)
შეგებებული სააპელაციო საჩივარი _ რ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გაადწყვეტილებით საქართველოს თავცადცის სამინისტროსათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები
ფაქტობრივი : შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას ბრძანება მისი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე არ ჩაბარებია, ამასთან, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 7 დეკემბერს, რ. თ-ი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს 2006 წლის 30 ნოემბერს, სარჩელი კი მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღძრულია 2009 წლის 4 დეკემბერს.
სამართლებრივი: შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. გაურკვეველია გადაწყვეტილების მიღებისას რომელი კანონით იხელმძღვანელა, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა კანონი ფინანსურ ვალდებულებებთან მიმართებაშიც, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტობმრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” მე-16 თავის მე-2 პუნქტი (იხ. ს.ფ. 82-93; ტ.1)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით რ. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ. 95-96; ტ.1)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 104-110; ტ.1)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 19 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. თ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 113-116; ტ.1)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 119-126; ტ.1)
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (იხ. ს.ფ. 138-139; ტ.1).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 29 სექტემბრის განჩინებით რ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინება და საქმე რ. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად დაუბრუნდა თბილის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 143-147; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. თ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც რ. თ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით _ 6930,59 ლარისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით _ 693 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი რ. თ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით _ 6930,59 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; რ. თ-ი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებუსაგან.
აპელაციის მოტივების ნაწილობრივ არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :
სააპელაციო სასამართლო ნაწილობრივ დაეთანხმა შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და სწორი სამართლებრივი შეფასება არ მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან არასწორად დააკისრა მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების არ გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულებასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, პირპირგასამტეხლო _ მოთხოვნის უზრულვენყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს ბესთან და მოვალის განანტიასტან ერთად, რომელიც მხარეებმა შეიძლება ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ხელშეკრულებითვე დადგენილია ჯარიმის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრება, თავისი არსით, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენს. პირგასამტეხლოს დაკისრება კი კანონით დადგენილი არ არის.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეს, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების XVI თავის მეორე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით განისაზღვრა ფინანსური პასუხისმგებლობის შემცირება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე აღნიშნული ბრძანებულებით ჯარიმასთან ერთად პირგასამტეხლოს უდავოდ დაკისრება კი არა, არამედ უკვე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება განისაზღვრა 30%,დე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, ,,ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონზე და მიუთითა, რომ მითითებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს კანონმქვემდებარე ნორმატიულ აქტთან შედარებით, შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია მოპასუხე მხარის მიმართ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე არასწორად იმსჯელა ბაჟის საკითხთან დაკავშირებით და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და საქართველოსადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის გაუთვალისიწნებლად მოპასუხე რ. თ-ს არამართლზომიერად დააკისრა ბაჟი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
რაც შეეხება ჯარიმის თანხის დაკისრების მართლზომიერებას, ამ ნაწილში სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას (იხ. ს.ფ. 21-29; ტ.2).
კასატორი _ საქართველოს ტავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. თ-ი
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური:
კასატორის აზრით ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება. (იხ. ს.ფ. 33-40; ტ.2).
მეორე კასატორი _ რ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, საქართველოს ტავდაცვის სამინისტროს სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან, საქმის მასალებით დადგენილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. თ-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2005 წლის 7 დეკემბერს, 2006 წლის 30 ნოემბერს კი, რ. თ-ი დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში კონტრაქტის პირობების დარვევის გამო ანუ ამ პერიოდიდან დაირღვა ხელშეკრულება მხარეებს შორის, აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით სწორედ 2006 წლის 30 ნოემბრიდან უნდა დაიწყოს სარჩელით მიმართვის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლაც. საქართველოს ტავდაცვის სამინისტრომ კი სარჩელით მიმართა 2009 წლის 4 დეკემბერს სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამართლებრივი: კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 129-ე მუხლები (იხ. ს.ფ. ტ.II).
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოიტხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად, ხოლო რ. თ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 61-64).
რ. თ-მა საკასაციო შესაგებელი მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 68-73).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის წინაპირობა, 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, ხოლო 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით კი რ. თ-ის საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 74-77; 78-82 ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2005 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. თ-ს შორის გაფორმდა კონტრაქტი და რ. თ-ი დაინიშნა სამედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. (იხ. ს.ფ. 14-40; ტ) საქართველოს თავადვის სამინისტროს 2006 წლის 24 დეკემბრის ¹3005 ბრძანებით – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჟ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... ბრიგადის ... დივიზიონის ... ბატარეის ... ოცეულის ... ... რ. თ-ი, 2006 წლის 30 ნოემბრიდან დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედეგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადგებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის პრინციპით, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიოერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია თავდაცვის მინისტრის სამხედრო ქვედანაყოფში სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა. მითითებული კონტრაქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლის საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა, ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დადებულია სწორედ ზემოაღნიშნული ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ამდენად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას.
2005 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. თ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდენენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 14-39; 40; ტ.I). ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხისაგან ითხოვდა პირგასამტეხლოს არა კონტრაქტის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში (ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე ოდენობით).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 24 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, რ. თ-ი დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (იხ. ს.ფ. 22, ტ.I).
საკასაციო სასამართლო ჯარიმის და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ა. რ-ის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:
მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით.ან
წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”
განსახილველ შემთხვევაში მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და რ. თ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი – კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნტით გადასახდელი ჯარიმის - 23101,98 ლარის 30% - 6930,59 ლარი, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.
რ. თ-ის საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
რ. თ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას და მის მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.
იმავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2006 წლის 24 დეკემბრის ¹3005 ბრძანების საფუძველზე რ. თ-შეუწყვიტა ხელშეკრულება 2006 წლის 30 ნოემბრიდან (იხ. ს.ფ. 42; ტ.1). საკასაციო სასამართლოს შეფასებით ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს მითითებული თარიღიდან.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადებაზე მცხეთის რაიონული სასამართლოს შტამპით დადასტურებულია, რომ სარჩელი სასამართლოში შევიდა 2009 წლის 4 დეკემბერს, ხოლო თანდართული საფოსტო გზავნილით კი დასტურდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის გადასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კონვერტი ფოსტის მიერ მინიჭებული ნომრით ¹368 ფოსტაში ჩაბარებული აქვს 2009 წლის 30 ნოემბერს (იხ. ს.ფ. 28; ტ1), რაც დასტურდება ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საფელდეგერო განყოფილების კორესპონდენციის შესახებ ამონაწერითაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.1 მუხლით დადგენილია, რომ წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს.
ამავე კოდექსის 61.3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, კი საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქარტველოს თავადცვის სამინისტროს მოტხოვნის წარმოშობის მომენტიდან დაცული აქვს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, ვინაიდან, რ. თ-ი სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილია 2006 წლის 30 ნოემბრიდან, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი სარჩელით სასამართლოს ფოსტის მეშვეობით მიმართა 2009 წლის 30 ნოემბერს ანუ ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დაცვით, რაც არ იძლევა ამ მოტივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის სააფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.