Facebook Twitter

¹304საზ. ქ. თბილისი

17 ოქტომბერი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. წ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მარტის განაჩენით ზ. წ-რი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და ზ. წ-რს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 16 დეკემბრიდან.

განაჩენის მიხედვით, ზ. წ-რს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

მსჯავრდებული ზ. წ-რი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი სასჯელის ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და შემსუბუქებას მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ზ. წ-რს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტითაც (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ამ დანაშაულის ჩადენისათვის დადგენილი იყო 3-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი იმის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 10 წლამდე და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის _ სასჯელის ზედა ზღვარიც.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. წ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ” ქვეპუნქტზე.

რაც შეეხება სასჯელს, ამ შემთხვევაში პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სამართლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. წ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 მარტის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

მსჯავრდებულ ზ. წ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილში _ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.