¹ბს-1007-999(კ-11) 20 დეკემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ მ. ბ-ი
მესამე პირები _ მესამე პირები საქმეში არ მონაწილეობენ
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის განჩინება (სასამართლო სხდომის ოქმი)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ვ. ჯ-ე
მოპასუხე: მ. ბ-ი
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.
სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 1400 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 1400 ლარის 0.2% ის ოდენობა 2006 წლის 4 ივნისიდან ჯარიმის თანხის გადახდამდე, ზიანის სახით _ 6709.19 ლარის დაკისრება და სანივთე დავალიანების გადახდა 357.24 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2005 წლის 15 მარტს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹1306 ბრძანებით მოპასუხე მ. ბ-ი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2006 წლის 24 მაისიდან.
კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად და ამასთანავე პირგასამტეხლო 0.2 % ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7.4 პუნქტის შესაბამისად.
კონტრაქტის 8.3 პუნქტის საფუძველზე, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხა, კერძოდ, თანხა, რაც დაიხარჯა მის მომზადებაზე და რომლის ხელახლა დახარჯვა მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთვნის გამო.
სანივთე უზრუნველყოფის ფარგლებში სამხედრო სამსახურის განმავლობაში მოპასუხეზე გაცემული ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეს არ დაუბრუნებია სანივთე უზრუველყოფა, რაც თანხობრივად შეადგენს 357.24 ლარს.
სამართლებრივი: მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, 251-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 394.1, 407, 417, 414 –ე მუხლების საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 3-17. ტ. I).
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი: მოპასუხე მ. ბ-ს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა
საქმის გარემოებები: 2005 წლის 15 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სმინისტროსა და მ. ბ-ს შორის და იგი დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. (იხ. ს.ფ. 24-30. ტ. I).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹ 1306 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2006 წლის 24 მაისიდან. (იხ. ს.ფ. 19. ტ. I).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის სახით - 6 709.19 ლარისა და სანივთე დავალიანების სახით - 357.24 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 99-103; ტ.1).
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 121-130; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 15-18; ტ.2).
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/
თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ. ბ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის - 14000 ლარის, სასურსათო ულუფის ხარჯის - 796.49 ლარისა და სანივთე დავალიანების ღირებულების - 357.24 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 37-42; ტ.2).
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
მოპასუხე მ. ბ-ი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევული იქნა 2005 წლის 15 მარტს.
მოპასუხე მ. ბ-მა 2005 წლის 15 მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ.
2006 წლის 24 მაისიდან მ. ბ-ი, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.
შეიარაღებულ ძალებში, მ. ბ-ის მიერ. ფაქტობრივად ნამსახურები ვადა შეადგენს 1 წელს, 2 თვესა და 9 დღეს, ხოლო დარჩენილი ვადა - 2 წელს, 9 თვესა და 22 დღეს. მოპასუხის ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 398,51 ლარს და მას ხელფასის სახით მიღებული აქვს 5912 ლარი და 70 თეთრი, ხოლო სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა ნამსახურების პერიოდზე გადაანგარიშებით შეადგენს 796.49 ლარს.
¹... სამხედრო ნაწილის სანივთე ქონების დაგეგმარების ოფიცრის მ. ჩ-ის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მ. ბ-ს ერიცხება შემდეგი დასახელების სანივთე ქონების დავალიანება: 1 ცალი ფორმა საველე კომუფლირებული ქუდით, ღირებულებით - 21,94 ლარი; 1 ცალი ფორმა კომუფრირებული ქუდით, ღირებულებით – 60,94 ლარი; ქურთუკი შეთბუნებული, ღირებულებით - 70 ლარი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ღირებულებით 43,26 ლარი; გორტექსის ქურთუკი, ღირებულებით – 93.60 ლარი; თბილი საცვალი, ღირებულებით - 13 ლარი; მაისური, ღირებულებით - 5 ლარი; ალუმინის კარდალა ღირებულებით - 5 ლარი.
სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადაო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება.
მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლოს შეფასებით სახეზეა კონტრაქტის გათვალიწინებული ვალდებულების დარღვევა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული დადგენილი ფაქტების შეფასება
სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა ხელშეკრულებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ არ შეასრულა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ ხელშეკრულებით (კონტრაქტი) ნაკისრი ვალდებულება რაც გამოიხატა მასში, რომ მან უარი განაცხადა დილის გასაყრისზე გამოცხადებაზე, სათანადოდ არ მოუარა მისთვის განკუთვნილ სამხედრო ეკიპირებასა და სამხედრო აღჭურვილობას, რის გამოც დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.
ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ ცნობს.
სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
სასამართლო დასკვნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 1400 ლარის ოდენობით. სასამართლოს მსჯელობით დამატებით 1400 ლარის 0,2% პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობაა. სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 14000 ლარის 0,2% 2006 წლის 04 ივნისიდან ყოველდღიურად მოთხოვნილი თანხის სრულ გადახდამდე დაკისრების ნაწილში.
სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მ. ბ-ი კონტრაქტის პიროების დარღვევის გამო დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ადგილი აქვს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენებას, რომელიც იწვევს მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების გაქარწყლებას და ახალი ვალდებულების წარმოშობას, კერძოდ მხარეებმა ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი უნდა დააბრუნონ. შეძენის (მიღებული შესრულების – მოპასუხის მიერ გაწეული სამსახურის და გაწეული სამსახურის შედეგად გადახდილი ხელფასის თანხის) ხასიათიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია ხელფასის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანამად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. შესაბამისად, მოსამსახურის მიერ გაწეული სამსახურისათვის ხელფასის გადახდა დამსაქმებლის ვალდებულებას შეადგენდა. ამასთან, ვინაიდან სასურსათო ულუფის ხარჯი არ წარმოადგენს ხელფასის შემადგენელ ნაწილს, ამასთანავე ხელშეკრულების გასვლა განპირობებული იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სკ-ის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, სასამართლოს მსჯელობით, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლა განპირობებული იყო მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით, რაც სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 407-ე მუხლის თანახმად ქმნის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს. სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე დავალიანების ღირებულების 357.24 ლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. ს.ფ. 37-42. ტ. II).
აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ნ. ძ-ი
მოწინააღმდეგე მხარე: მ. ბ-ი
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი და სამართლებრივად არასრულია. აპელანტის მსჯელობით, სასამართლომ არ გაითვალისწინა პირგასამტელოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სადავო ურთიერთობაში მოწინააღმდეგე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის 7.3 და 7.4 პუნქტებით განსაზღვრულია ფინანსური პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევის გამო.
აპელანტის მოსაზრებით, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ მე-16 და 17-ე თავები. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება.
არასწორია სასამართლო მსჯელობა, რომ თითქოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვდა ნამსახურობის პერიოდში მასზე გაცემული ხელფასის უკან დაბრუნებას, რადგან მოსარჩელე მოითხოვდა არა ხელფასის უკან დაბრუნებას, არამედ იმ ზიანის ანაზღაურებას რომელიც მიადგა თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
სამართლებრივი : მხარეები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებითად შეთანხმდნენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. (იხ. ს.ფ. 46-56. ტ. II).
მოწინააღმდეგის შეპასუხება:
მოტივები: ფაქტობრივი: მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განჩინებით (სასამართლო სხდომის ოქმი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა :
საქმის მასალებით არ ირკვევა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის შესაბამისად, აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხე მ. ბ-მა მხარეთა შორის დადებული ,,კონტრაქტი”-ს 3.2. მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახურის პირველი 3 (სამი) თვის განმავლობაში გაიარა ,,სამხედრო მოსამსახურის სწავლება და მომზადება” და ამ დროს მის მომზადებაზე დაიხარჯა 5 912,70 ლარი, ასევე საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის, როგორც ,,სამხედრო მოსამსახურის სწავლება და მომზადება”, აგრეთვე ის გარემოება, რომ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა განმეორებით იქნა გაღებული მოსარჩელის მიერ მოპასუხის ნაცვლად სხვა სამხედრო მოსამსახურის მომზადების მიზნით.
პალატის მოსაზრებით, აპელანტის მიერ ზიანის სახით მოთხოვნილი თანხა არის სამხედრო სამსახურის გავლის პეროდში მოწინააღმდეგე მხარის - მ. ბ-ის შრომის ანაზღაურება _ ხელფასი. ამასთანავე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურის მხრიდან, ნამსახურების პერიოდში მიღებული ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს), როგორც მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს _ 2006 წლის 4 ივნისიდან 14000 ლარის 02% ოდენობით მოპასუხეზე დაკისრება, არის შეუსაბამოდ მაღალი და ამდენად, მოპასუხეზე ჯარიმის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლო მიერ არის კანონშესაბამისი.
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა აპელანტ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულო მოსაზრებები სადავო გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ” მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს: მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ” მუხლის შესაბამისად, სრულად დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები სადაო გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე. (იხ. ს.ფ. 14-19. ტ. III).
კასატორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ნ. ძ-ი
მოწინააღმდეგე მხარე: მ. ბ-ი
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: მოსარჩელის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის აზრით ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-ადმინისტრაციული აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება.
კასატორის განმარტებით, ჯარიმა და პირგასამტეხლო ერთი და იგივე რომც იყოს, ასეთ შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობა არ უკრძალავს თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობა მოითხოვოს, როგორც ფიქსირებულად – ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული ჯარიმის თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. კასატორის მითითებით გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2, 393.3, მუხლების საფუძველზე, რადგან გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევით. (იხ. ს.ფ. 33-40. ტ. III).
მოწინააღმდეგის შეპასუხება : მოწინააღმდეგე მხარეს შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა, 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით დასაშვებად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი. (იხ. ს.ფ. 49-51; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის განჩინება (სასამართლო სხდომის ოქმი) შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2005 წლის 15 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. ბ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 24-29).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 31 მაისის ¹1306 ბრძანების შესაბამისად, მ. ბ-ი დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (იხ. ს.ფ. 68. ტ. I).
საკასაციო სასამართლო ჯარიმის და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09)საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ა. რ-ის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: განმარტავს, რომ ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:
მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით.ან
წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს “შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”
განსახილველ შემთხვევაში მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და მ. ბ-ის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი – კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნტით გადასახდელი ჯარიმის 0,2%, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19აპრილის განჩინება (სასამართლო სხდომის ოქმი); საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.