¹ბს-1258-1244(კ-11) 27 დეკემბერი 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ბ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოპასუხე: ბ. ნ-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.
სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 20606.73 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 6182.02 ლარისა და ზიანის სახით _ 13007.32 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2006 წლის 10 ივნისს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹2432 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2008 წლის 25 აპრილიდან ვალდებულების დარღვევის გამო.
კონტრაქტის საფუძველზე ფაქტობრივად ნამსახურევი ვადა შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 16 დღეს, ხოლო დარჩენილი - 2 წელს, 1 თვესა და 17 დღეს, რის გამოც მოპასუხეზე ვერცელდება კონტრაქტის 7.3- ის ,,ა” და 7.4 პუნქტებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა.
მოპასუხის ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 806 ლარს, რის გამოც გადასახდელი ჯარიმის ოდენობა შეადგენს 20606.73 ლარს, ხოლო გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 6182.02 ლარს.
კონტრაქტის 8.2, 8.3 პუნქტების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, თანხა, რაც დაიხარჯა მის მომზადებაზე და რომლის ხელახლა დახარჯვა მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, მომზადების რა დონისთვისაც მას ჰქონდა მიღწეული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას.
სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 417, 394.1, 407-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 1-9).
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი: მოპასუხე ბ. ნ-ეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის გარემოებები: 2005 წლის 10 ივნისს მოდავე მხარეებს შორის გაფორმდა კონტრაქტი და მოპასუხე ბ. ნ-ე დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. (იხ. ს.ფ. 10-16).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹2432 ბრძანებით მოპასუხე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან 2008 წლის 25 აპრილიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. (იხ. ს.ფ. 17).
რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ბ. ნ-ეს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა _ 20606.73 ლარი და ზიანის სახით კვებაზე დახარჯული თანხის _ 1392.77 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
1. 2006 წლის 10 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოპასუხე ბ. ნ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამსახურის გავლის შესახებ 4 წლის ვადით.
2. ხელშეკრულების 3.1 მუხლის თანახმად, მოპასუხის, როგორც სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ვადა შეადგენს 4 წელს, რომელიც აითვლებოდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.
3. საქართველოს თავდაცვის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ბ. ნ-ის 1 თვის საშტატო ხელფასი შეადგენდა 806 ლარს. სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 11614 ლარი, ამასთან კვებაზე დახარჯული თანხა შეადგენს 1392.77 ლარს.
სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა კონტრაქტის დარღვევის ფაქტი.
მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის მოპასუხეზე ხელფასის სახით გადახდილი თანხის შესაბამისად დაკისრების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიზეზით აღნიშნული თანხის ხელახლა დახარჯვა მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებისათვის, რადგან ხელფასი შრომითი გასამრჯელო და შრომითი ანაზღაურება ერთიდაიგივე მნიშვნელობის მქონე სიტყვებია. სწორედ მოპასუხის მიერ სამსახურის გავლის პერიოდში გაწეული შრომის ანაზღაურების შესაბამისი თანხა იქნა მასზე გაცემული ხელფასის სახით. სასამართლოს მსჯელობით, არ არსებობს აღნიშნულის ზიანად მიჩნევის როგორც სამართლებრივი, ის თავად ხელშეკრულებიდან გამომდინარე საფუძველი.
სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული დადგენილი ფაქტების შეფასება
სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.
სასამართლოს დასკვნები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა ჯარიმის და ზიანის სახით კვებაზე დახარჯული თანხის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
სასამართლოს მითითებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ნ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება თავდაცვის საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომელიც საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებულია ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის 65-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. 316-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
სასამართლოს დასკვნით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. 412-ე მუხლი კი განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს. კერძოდ ანაზღაურდება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. ნ-ის მოქმედება წარმოადგენს სამინისტროსადმი ზიანის მიყენების ფაქტს, რაც მისთვის სავარაუდო იყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ცნება, რომლის თანახმად პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა მიერ განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სასამართლოს მსჯელობით, ხელშეკრულების 7.3 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I პუნქტით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ასეთივე განმარტება აქვს ხელფასს საქართველოს შრომის კოდექსში, კერძოდ, დასახელებული კანონის მიხედვით ხელფასის შესატყვის სიტყვად მიჩნეულია შრომის ანაზღაურება. იგი პირის მიერ გაწეული სამსახურის შესატყვისი ანაზღაურების გამოხატულებაა ფულად თანხაში, რომელიც გაიცემა დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ფიზიკური თუ გონებრივი სამუშაოს სანაცვლოდ და ფაქტიურად ამ პირის მიერ მომსახურებით გაწეული დანახარჯების აღდგენის სამართლიან კომპენსაციას წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი (იხ. ს.ფ. 45-55).
აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე: ბ. ნ-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : აპელანტის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით არასწორია სასამართლოს მსჯელობა, იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან ითხოვს ნამსახურეობის პერიოდში მასზე გაცემული ხელფასის უკან დაბრუნებას. იგი ითხოვს არა ხელფასის უკან დაბრუნებას, არამედ იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით.
სასამართლომ არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, სადაც სამინისტრო მიუთითებს, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე, წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კონტრაქტის 8.3 პუნქტი.
სამართლებრივი: ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება დაუშვებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის და პირგასამტეხლოს რეგლამენტირებას, როგორც კონტრაქტის დარღვევით გამოწვეულ ფინანსური პასუხისმგებლობის განსხვავებულ სახეებს პირდაპირ ადგენს და მიუთითებს ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი – საქართველოს პრეზიდენტის ¹609 ბრძანებულება. ამდენად, ყოვლად დაუშვებელია სასამართლოს მხრიდან, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჯარიმის და პირგასამტეხლოს გაიგივება. კანონისმიერი მტკიცებულებები თავისი შინაარსით უტოლდებიან საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ხოლო თვით სამინისტრო გათავისუფლებულია ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 95-104).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ბ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს 6182.02 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს 6182.02 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა.
აპელაციის მოტივების გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობოთ, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების შესაბამისად ჯარიმა და პირგასამტეხლო ფინანსური პასუხისმგებლობის განსახვავებული სახეებია. ამასთან, ისინი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთიდაიგივე საშუალება რომც იყოს, თვდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს, როგორც ფიქსირებულ ჯარიმა, ისე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა არ არის შეუსაბამოდ მაღალი და დაუსაბუთებელია მისი დაკისრება რაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს მხარეს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობისა და დაუსაბუთებლობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გაიგივების შესახებ. სასამართლოს მსჯელობით, თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და გამომდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულებიდან.
სააპელაციო სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
ბ. ნ-ემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან 2006 წლის 10 ივნისს გააფორმა კონტრაქტი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამხედრო-საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹2432 ბრძანებით ბ. ნ-ე კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 2008 წლის 25 აპრილიდან დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან.
ბ. ნ-ის კონტრაქტის საფუძველზე ფაქტობრივად ნამსახურები ვადა შეადგენს 1 წელს, 10 თვესა და 16 დღეს, ხოლო დარჩენილი ვადა შეადგენს 2 წელს, 1 თვესა და 17 დღეს.
მხარეთა მიერ სადაოდ გამხდარი ფაქტების შეფასება
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჩივრით მოთხოვნილი ზიანის თანხა _ 11614.55 ლარი ბ. ნ-ის მიმართ ხელფასის სახით გაცემული თანხაა.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ბ. ნ-ისათვის 11614.55 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს 6182.02 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ზიანის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, თუმცა პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა განმარტა შემდეგნაირად: სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სამხედრო მოსამსახურეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 6182.02 ლარი, რადგან კონტრაქტის 7.3 და 7.4 მუხლებით მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ ამგვარ ფინანსურ პასუხისმგებლობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულების XVI თავის II პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-მდე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონტრაქტის 7.3 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი არაა მხარისათვის რაც მისი დაკისრების საფუძველია. (იხ. ს.ფ. 87-95).
კასატორი: ბ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: მოსარჩელის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კონტრაქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” დებულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილი უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს სახით და დამატებითი საჯარიმო თანხა 30%-ის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. (იხ. ს.ფ. 102-108).
მოწინააღმდეგის შეპასუხება : მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია, თუმცა მოსაზრებაში აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ სასარჩელო განცხადებაში პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, როგორც კონტრაქტის 7.3 მუხლი, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ” ბრძანებულების მე-16 თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს პირგასამტეხლოს შემცირებას ჯარიმის თანხის 30%-მდე. (იხ. ს.ფ. 117-118)
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით (იხ. ს.ფ. 122-125).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის განჩინება ბ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით – 6182,02 დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით – 6182,02 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში დასაბუთებელია, შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, შესაბამისად, სახეზეა ამ ნაწილში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლის შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2006 წლის 10 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ნ-ეს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ.10-15; 17).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 15 მაისს ბრძანების საფუძველზე, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2008 წლის 25 აპრილიდან ბ. ნ-ე დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (ს.ფ. 17).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 10 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ნ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 10-15).
საკასაციო სასამართლო ჯარიმისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი შეფასებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებაში (საქმეზე ბს-1580-1509(კ-09) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ა. რ-ის მიმართ) ჩამოყალიბებულ განმარტებას: ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია მხარეთა უფლებამოსილება - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაითვალისწინონ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებანი, მათ შორის, პირგასამტეხლო.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ფორმად. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე – ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:
მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით.ან
წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა.დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს. ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
ტრადიციულად, პრაქტიკაში პირგასამტეხლოს მრავალსახეობიდან გამომდინარე, გამოიყენება ჯარიმა და საურავი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუკი ჯარიმასთან მიმართებით რთულია გამოიყოს რაიმე განსაკუთრებული ნიშნები, საურავის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სპეციფიკური ნიშნები თვალსაჩინოა. ისინი გამოიხატება იმაში, რომ საურავი დგინდება ვალდებულების შესრულების გადაცილების შემთხვევაში, ანუ ის მოწოდებულია უზრუნველყოს მხოლოდ ვალდებულების თავისდროული შესრულება. საურავი, როგორც წესი, გამოითვლება პროცენტებში ვადაში შეუსრულებელი ვალდებულების თანხასთან მიმართებით. საურავი წარმოადგენს განგრძობად პირგასამტეხლოს, რომელიც გადაიხდევინება ყოველი მომდევნო პერიოდის (მაგ. ყოველდღიურად) გადაცილების ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, სამხედრო მოსამსახურის მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევაში, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შეთანხმდნენ ჯარიმის სახით კონტრაქტით დარჩენილი ვადის ფულადი თანხების (სამხედრო მოსამსახურის ხელფასის) 10 დღის ვადაში ანაზღაურების თაობაზე, რაც, სახელშეკრულებო სამართლის თანახმად, წარმოადგენს პირგასამტეხლოს.
საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს ორივე სახე: ჯარიმა და მისი ვადაში გადაუხდელობისთვის - საურავი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს ამოცანაა მხარე დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისთვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ურთიერთობის დამყარებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ შედეგებს. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეამციროს ,,შეუსაბამოდ მაღალი” პირგასამტეხლო, როცა ამას საჭიროებს დაზარალებულის ინტერესები. სასამართლო მხედველობაში იღებს არამარტო მის ქონებრივ, არამედ ყველა სხვა პატივსადებ ინტერესს. სასამართლო აფასებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.”
განსახილველ შემთხვევაში მართალია, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პირგასამტეხლოს სახე – ჯარიმა, ფულად ოდენობაში დაანგარიშებულია სამხედრო მოსამსახურის დარჩენილი წლების ხელფასის ოდენობით, რაც არსებული სოციალური ფონისა და ბ. ნ-ისათვის მდგომარეობის გათვალისწინებით, აშკარად შეუსაბამოა და მძიმე დღეში აგდებს მხარეს. ამის მიუხედავად, ისედაც მაღალ პირგასამტეხლოზე კიდევ დაწესდა მისი ვადაში გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს მეორე სახე – საურავი – კონტრაქტის 7.3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნტით გადასახდელი ჯარიმის - 20606,73 ლარის 30% - 6182,02 ლარი, რაც უდავოდ მძიმე სახელშეკრულებო დათქმაა და შეუსაბამოდ მაღალია მოსალოდნელი ზიანის მიმართ.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს 2011 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულების XVI თავში განხორციელებულ ცვლილებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნულ თავს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-41 პუნქტი: ,,სამხედრო მოსამსახურისათვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან”.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ჯარიმა და საურავი, წარმოადგენს პირგასამტეხლოს, რომლის ოდენობა ჯამურად შეუსაბამოდ მაღალია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე საფუძვლიანია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს სახით – 6182,02 ლარის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ბ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხე ბ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ბ. ნ-ისათვის პირგასამტეხლოს _ 6182,02 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.