Facebook Twitter
¹ბს-1442-1424(კ-11) 24 იანვარი, 2012 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი/მ ,,გ. ბ-ე”

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


მოსარჩელე: ი/მ ,,გ. ბ-ე”


მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახურის გურიის რეგიონალური ცენტრი;

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

სარჩელის საგანი:

1. გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 8 აგვისტოს ¹2802 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს ¹061-78 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-13)

სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი:

სოფ. ... მდებარე მოსარჩელის კუთვნილ აფთიაქში, 2009 წლის 7 აგვისტოს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ, მოითხოვა თვალის ტკივილის წამალი, გამყიდველის მიერ წამლის მიწოდების შემდეგ მან დახლზე დატოვა 2-ლარიანი კუპიურა, მაგრამ არ დაელოდა ქვითარს. აღნიშნულის მიუხედავად გამყიდველმა მაინც ამოწერა საკონტროლო სალარო აპარატის ქვითარი.

შემდეგ, გამყიდველს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა წარუდგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოსთხოვა მასზე ხელის მოწერა, რაზეც გამყიდველი არ დაეთანხმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 7 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 2009 წლის 8 აგვისტოს გამოიცა ბრძანება ¹2802, რომლითაც მოსარჩელე საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 500 ლარით.

სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო კონტროლი უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, საგადასახადო კოდექსის 98.4, 99.1 მუხლების შესაბამისად, საგადასახადო კონტროლის განხორციელებისას უნდა არსებობდეს ან სასამართლოს, ან საგადასახადო ორგანოს ბრძანება, რომელშიც ზუსტად განისაზღვრება საგადასახადო კონტროლის სახე და მისი განხორციელების პროცედურები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ი/მ “გ. ბ-ის” მიმართ საგადასახადო კონტროლი განხორციელდა საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილების გარეშე, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 106.1, 108.1 მუხლები, “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹145 ბრძანების მე-3 მუხლის “დ” პუნქტი.

მოსარჩელის მოსაზრებით, საგადასახადო შემოწმების დროს ასევე დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1, 5.3, 53.5, 96.1 მუხლები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ¹964 ბრძანების 7.3, 7.5, 7.8 მუხლების მოთხოვნები (იხ. ს.ფ. 1-14).

მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება:
მოპასუხემ – გურიის საგადასახადო ინსპექციამ ი/მ “გ. ბ-ის” სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით.

საქმის გარემოებები:
2009 წლის 7 აგვისტოს გურიის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორები მიემგზავრებოდნენ დავალებით ოზურგეთის რაიონის დაბა ურეკში. სოფ. ... ტერიტორიაზე ყოფნის დროს ინსპექტორს კ. კ-ეს ასტკივდა თვალი, რის გამოც წამლის შესაძენად შევიდა ი/მ “გ. ბ-ის” კუთვნილ აფთიაქში. აფთიაქის წარმომადგენელმა – მ. კ-ემ მიაწოდა წამალი, რა დროსაც ინსპექტორმა დახლზე დააგდო ორლარიანი და სწრაფად გავიდა აფთიაქიდან, მიუხედავად ამისა გამყიდველმა მაინც ამოწერა საკონტროლო სალარო აპარატის ქვითარი. აღნიშნულის შემდეგ კ-ემ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, გამყიდველს თავი წარუდგინა, როგორც საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი და სთხოვა ოქმზე ხელის მოწერა, რაზეც გამყიდველი არ დაეთანხმა, ვინაიდან მას ქვითარი ამოწერილი ჰქონდა.
საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს ¹2802 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად, ი/მ “გ. ბ-ე” დაჯარიმდა – 500 ლარით (იხ. ს.ფ. 2-14; 22-30).

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ “გ. ბ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
2009 წლის 7 აგვისტოს სოფ. ... მდებარე ი/მ ,,გ. ბ-ის” კუთვნილ აფთიაქში გურიის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების თანამშრომელმა კ. კ-ემ შეიძინა თვალის ტკივილის საწინააღმდეგო წამალი. გამყიდველმა მ. კ-ემ მიიღო ფულადი თანხა და კ. კ-ეს გადასცა წამალი, ისე რომ არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი, კერძოდ, ფულის მიღებამდე და წამლის გადაცემამდე არ ამოარტყა ჩეკი, მხოლოდ წამლის გადაცემის და ფულის მიღების შემდეგ მ. კ-ე გავიდა რამოდენიმე მეტრით მოშორებულ შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში და ამოჭრა ჩეკი.


სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სასამართლოს განმარტებით, ი/მ ,,გ. ბ-ე” სადავოდ ხდის საკონტროლო-სალარო აპარატიდან ჩეკის ამოუჭრელობის ფაქტს და მიუთითებს, რომ ვინაიდან, კ. კ-ეს ტკიოდა თვალი მას დაუყოვნებლივ გადეცა წამალი, ხოლო შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულების მიზნით მ. კ-ე გავიდა შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში, სადაც მდებარეობდა საკონტროლო-სალარო აპარატი და ამოჭრა ჩეკი, რომელიც უკვე საგადასახდო ინსპექციის თანამშრომელმა აღარ მიიღო.

სასამართლოს შეფასებები სადავო ფაქტებთან მიმართებაში:
რაიონულმა სასამართლომ საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 7 აგვისტოს სოფ. ... მდებარე ი/მ “გ. ბ-ის” კუთვნილ აფთიაქში გურიის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების თანამშრომელმა – კ. კ-ემ შეიძინა თვალის ტკივილის საწინააღმდეგო წამალი. გამყიდველმა მ. კ-ემ მიიღო ფული და კ. კ-ეს გადასცა წამალი ისე, რომ არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი, ფულის მიღებიდან წამლის გადაცემამდე არ ამოარტყა ჩეკი, მხოლოდ წამლის გადაცემისა და ფულის მიღების შემდეგ გავიდა გამყიდველი რამოდენიმე მეტრით მოშორებულ შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში ჩეკის ამოსარტყმელად.
ამდენად, რაიონული სასამართლოს მითითებით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაფიქსირდა სამართალდარღვევის ფაქტი, რაზედაც ის ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება _ შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგა “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მასში გარკვევითაა მითითებული ოქმის შედგენის ადგილი, დრო, ოქმის შემდგენი პირისა და იმ პირების სახელები და გვარები, რომლებმაც გამოავლინეს სამართალდარღვევა, სამართალდამრღვევად მართებულად მიეთითა ი/მ “გ. ბ-ე”, რომელიც ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადასახადის გადამხდელის ი/მ “გ. ბ-ის” წარმომადგენელმა ოქმს ხელი არ მოაწერა.

სასამართლოს დასკვნები _ სასამართლომ მიიჩნია, რომ ი/მ ,,გ. ბ-ის” სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 1.2, 4.1, 4.3, 5.1, 5.4 მუხლებით, საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით (იხ. ს.ფ. 72-75).

აპელანტი: ი.მ ,,გ. ბ-ე”

მოწინააღმდეგე მხარე: გურიის საგადასახადო ინსპექცია

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 79-90/.

აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი:
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სასამართლოს არ დაუსაბუთებია რატომ ჩაითვალნენ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები უფლებამოსილ პირებად შეედგინათ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რამდენადაც საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს არც საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და არც ოქმის შედგენის შემდეგ არ წარუდგენია გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით გამოცემული ბრძანება. ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი ბრძანება არ ქმნიდა გ. ბ-ის შემოწმების საფუძველს, რამდენადაც მასში არ იყო მითითებული ი/მ “გ. ბ-ე”. ამდენად, აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ არ ჩათვალა ჩეკი ამოჭრილად, როდესაც გამყიდველი არ იყო მოლარე-ოპერატორი. მან ნაღდი ანგარიშსწორების შემდეგ თანხა მიიტანა მოლარე-ოპერატორთან, რის შემდეგაც ამოარტყა ჩეკი. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა “საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანების 4.1 მუხლის მოთხოვნა.

აპელანტის განმარტებით, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ 2009 წლის 7 აგვისტოს სამართლადარღვევის ოქმში ოქმის შემდგენებად მითითებული არიან საგადასახადო ორგანოს სამი თანამშრომელი (კ-ე, შ-ე და ჭ-ე) საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 11 აგვისტოს ¹2802 ბრძანებაში კი აღნიშნულია, რომ ოქმი შეადგინა ორმა თანამშრომელმა (კ-ემ და შ-ემ).

სამართლებრივი:
აპელანტის მითითებით, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას გასცდნენ უფლებამოსილების ფარგლებს, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 99.1 და 106.1 მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე საგადასახადო კონტროლის პროცედურები საჭიროებს საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებას, რაც არ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში.

საგადასახადო კოდექსით დადგენილია საკონტროლო შესყიდვის მიზნები და საკონტროლო შესყიდვის განხორციელების წესი. საგადასახადო კოდექსის 108.1 მუხლის შესაბამისად, საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვის მიზანია გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურეობის გაწევით მიღებული შემოსავლების რეალური მოცულობის დადგენა ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 3.1 მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსპექციის უფროსი/მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნული აქტი უნდა Dშეიცავდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის თანამდებობას, სახელსა და გვარს, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხოლოდ ასეთი აქტების გამოცემის შემდეგ ამავე აქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე და მითითებული გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების წესების დაცვაზე სისტემატიური კონტროლი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი.

აპელანტის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹186 ბრძანების 4.1 მუხლის შესაბამისად ,,ჩეკის გაცემა ხდება ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და ხურდის დაბრუნებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან, რომელიც არ წარმოადგენს მოლარე-ოპერატორს (მაგ. საზკვების ობიექტში მომსახურე პერსონალი), მომხმარებელს ჩეკი უნდა მიეცეს გონივრულ ვადაში. კონკრეტულ შემთხვევაში აფთიაქის გამყიდველი არ წარმოადგენდა მოლარე-ოპერატორს და მას არ გააჩნდა ვალდებულება ნაღდი ფულის გადახდისთანავე გაეცა მომხმარებელზე ჩეკი. ამასთან, აპლანტის განმარტებით, საქმეშია საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდილი ,,ძ” ანგარიში, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ წამლის გაყიდვის თაობაზე ამოჭრილი ჩეკის შემდეგ კიდევ ორი ჩეკი ამოიჭრა. შესაბამისად, ჩეკი ამობეჭდილ იქნა გონივრულ ვადაში, რაც არ იქნა გათვალისწინებული არც საგადასახადო ინსპექციისა და არც სასამართლოს მიერ (იხ. ს.ფ. 79-90).

შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციამ ი/მ ,,გ. ბ-ის” სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ს.ფ. 107-114).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მაისის განჩინებით ი/მ ,,გ. ბ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. 127-135/.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე და დამატებით, მიუთითა საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ,,საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესის დაცვის კონტროლი”. ამავე ბრძანების 4.7 მუხლის შესაბამისად, ,,საგადასახადო ინსპექციის ის თანამშრომელი, რომელიც ინსპექციის უფროსის (მოადგილის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ გადასახადის გადამხდელთა ობიექტებზე შესვლისას, უფლებამოსილია საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე, იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის, ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთი და იგივე ობიექტში სისტემატურად”.

ამასთანავე, 4.7. განსაზღვრავს თუ რა დროს უნდა მოხდეს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება და აღნიშნული მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოლარის მიერ ფულის მიღებისას.

კონკრეტულ შემთხვევაში, კი მ. კ-ე მხოლოდ წამლის გადაცემის და ფულის მიღების შემდეგ გავიდა რამოდენიმე მეტრით მოშორებულ შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში და ამოჭრა ჩეკი.

სააპელაციო სასამართლო იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედებისათვის სამართლებრივი შეფასების კუთხით არსებითი მნიშვნელობა არ უნა მიენიჭოს იმ გარემობას, თუ რა მოტივით მოქმედებდა ი/მ ,,გ. ბ-ის” წარმომადგენელი მ. კ-ე ჩეკის კანონით გათვალისწინებული წესით გაუცემლობისას და რა მიზანი ამოძრავებდა აფთიაქში შესვლისას საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს კ. კ-ეს. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ დაფიქსირდა სამართალდარღვევის ფაქტი, რაზედაც იგი ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება, კერძოდ შეედგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გატარების მიზნით.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ,,საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად, ,,სალარო ჩეკში შესატანი რეკვიზიტები” ითვალისწინებს იმ შემთხვევას, როდესაც საზკვების დაწესებულების პერსონალი (არა მოლარე-ოპერატორი) იღებს ნაღდ ფულს და მიდის ჩეკის ამოსაჭრელად, რომელიც უნდა გადასცეს მომხმარებელს. შერეული სავაჭრო დაწესებულებაში, სადაც არსებობს აფთიაქი, სხვა სავაჭრო სექცია და ერთი სალარო აპარატი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მყიდველისათვის ჩეკის გადაცემა ფულის მიღებისა და წამლის გადაცემის შემდეგ არ უნდა მომხდარიყო (იხ. ს.ფ. 127-135).

კასატორი: ი/მ ,,გ. ბ-ე”

მოწინააღმდეგე მხარეები: სსიპ შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექცია

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 143-152/.

კასატორი – ი/მ ,,გ. ბ-ე” საკასაციო საჩივარში ფაქტობრივად იმეორებს სასარჩელო და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივებს.

ამასთან, კასატორის მითითებით, გ. ბ-ის მაღაზიაში არის რამოდენიმე სექცია, რომელსაც ემსახურება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, შესაბამისად, მაღაზიაში არის მხოლოდ ერთი მოლარე ოპერატორი. საგადასახადოს თანამშრომელმა წამალი შეიძინა წამლებით მოვაჭრე სექციაში. აფთიაქში მოვაჭრე გამყიდველმა საგადასახადოს თანამშრომელს გადასცა წამალი და გავიდა მეორე სექციაში, სადაც მოლარე ოპერატორთან ამოჭრა ჩეკი. საგადასახადოს თანამშრომელმა უარი განაცხადა ჩეკის მიღებაზე და შეადგინა ოქმი.

კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანების 4.1 მუხლი, რომელიც ეხება არა მარტო საკვებ ობიექტს, არამედ ზოგადად იმ შემთხვევებს, როდესაც მომხმარებლისაგან ფულის მიღებას და საქონლის გადაცემას აწარმოებს პირი, რომელიც არ არის მოლარე ოპერატორი.

კასატორის მითითებით, სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ ჩეკის გადაცემა არ მოხდა კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს არ ჰქონდა საკონტროლო შესყიდვისა და საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო უფლებამოსილება. ასევე არ გაითვალისწინა, რომ გამყიდველი არ წარმოადგენდა მოლარე ოპერატორს, რის გამოც იგი არ იყო ვალდებული საქონელთან ერთად გადაეცა ჩეკი მომხმარებლისათვის (იხ. ს.ფ. 143-152).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით ი/მ ,,გ. ბ-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 177-180).

საკასაციო სასამართლოს განჩინება /სარეზოლუციო ნაწილი/:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით ი/მ ,,გ. ბ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 183-194/.


გასაჩივრებული განჩინების დასკვნების არ გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:

საგადასახადო კოდექსის 106.1 მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ბრძანებით. ამავე კოდექსის 1101-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის 4.5 მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობის ან მისი გამოუყენლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლის პროცედურები და ამ მიზნით შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები მხოლოდ ობიექტის ხელმძღვანელისათვის, ხოლო მისი ადგილზე არ ყოფნის პირობებში, ობიექტის ტერიტორიაზე მომუშავე ნებისმიერი პირისათვის სამსახურებრივი მოწმობისა და მისი უფლებამოსილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის შემდეგ.

აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოცემულ შემთხვევაში გურიის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორების მიერ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას დაცულ იქნა თუ არა მითითებული დებულებების მოთხოვნები და წარუდგინეს თუ არა მათ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს უფლებამოსილების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო სასამართლოს ასევე არ შეუფასებია რამდენად წარმოადგენდა გურიის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2009 წლის 1 ივლისის ¹38 ბრძანება ი/მ “გ. ბ-ის” კუთვნილ აფთიაქში კონტროლის პროცედურის ჩატარებაზე უფლებამოსილების მინიჭების აქტს, რამდენადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის 3.1 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მუდმივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემული საგადასახადო ორგანოს უფროსის ან მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები. სწორედ აღნიშნული მოთხოვნების დაცვით გამოცემული აქტის საფუძველზეა უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი განახორციელოს “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის 4.7 მუხლით განსაზღვრული პროცედურები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს უფლებამოსილი იყვნენ თუ არა გურიის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორები ი/მ “გ. ბ-ის” კუთვნილ აფთიაქში ჩაეტარებინათ კონტროლის პროცედურები, შესაბამისად, დაცულ იქნა თუ არა მათ მიერ საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის მოთხოვნები ამ პროცედურების ჩატარებისას. ასევე სათანადო სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანებით დამტკიცებული “საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების” მე-4 მუხლის გავრცელების შესაძლებლობას სადავო ურთიერთობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ადგილი ჰქონდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტს _ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობას ადგილი, რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანებით დამტკიცებული “საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების” 3.4 მუხლით განისაზღვრა, როგორც ისეთი შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული აპარატი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში, აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობა/მომსახურების ყველა ოპერაციაზე აპარატის გამოყენება, რაც თავის მხრივ მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისაგან ყოველ ფულის მიღებაზე ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო ნაწილი/:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ი/მ ,,გ. ბ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ. ს.ფ. 216-224/.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული სამართლებრივი შეფასება და მათზე მითითებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს.

კასატორი: სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე: ი/მ ,,გ. ბ-ე”

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ. ს.ფ. 143-152/.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის მოთხოვნები.

მატერიალური: საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 1.2 შესაბამისად, ,,საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო სალარო აპარატების გამოყენების დაცვის კონტროლი”. ამავე ბრძანების 4.1 მუხლით ,,საკონტროლო სალარო-აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს ახორციელებს ის საგადასახადო ინსპექცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გადასახადის გადამხდელი”, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, ,,გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების თანამშრომლები საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის / მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებული გადასახადის გადამხდელთან მიმართებაში.

აღნიშნული მინისტრის ბრძანების მე-3 მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი/მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა უნდა შეიცავდეს: ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს; ბ)საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანამდებობის, სახელს და გვარს; გ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით) და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა გავრცელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები.
კასატორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების მე-7 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ის თანამშრომელი, რომელიც ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე უფლებამოსილია ჩაატაროს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე კონტროლის პროცედურები, უფლებამოსილია, გადასახადის გადამხდელთა ობიექტებზე შესვლისას საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოხელის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისა და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2009 წლის 1 ივლისის ბრძანება ¹38, რითაც სამართალდარღვევის ოქმის შემდეგნ ინსპექტორებს მინიჭებული ჰქონდათ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე განეხორციელებინათ საკონტროლო პროცედურები, გამოცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 (შეტანილია ცვილება 2008 წლის 14 აგვისტოს ¹664 ბრძანებით) ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ამდენად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელება ი/მ ,,გ. ბ-ის” ობიექტზე განხორციელდა კანონმდებლობასთან შესაბამისად.

რაც შეეხება გამყიდველის მიერ ჩეკის ამოჭრის ფაქტს, კასატორის მითითებით, როგორც სამართალდარღვევის ოქმიდან და მოწმის ჩვენებით ირკვევა გამყიდველმა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საერთოდ არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი, ხოლო ის ფაქტი, რომ გამყიდველმა რამოდენიმე ხნის მერე ამოარტყა ჩეკი, რისი უფლებაც მას ჰქონდა, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანებით დამტკიცებული “საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების” ინსტრუქციაში მითითებული განმარტება, რომლის შესაბამისად, გონივრულ ვადაში ქვითრის ამოჭრა შესაძლებელია მაშინ, როდესაც საზკვების ობიექტში ხდება მომსახურე პერსონალთან ფულადი ანგარიშსწორება /იხ. ს.ფ. 232-240/.

გ. ბ-ემ საკასაციო შესაგებლით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 254-260).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ კასატორის სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე /იხ. ს.ფ. 261-264/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.


საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივად შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 აპრილის განჩინებით ი/მ ,,გ. ბ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, შემდეგი მითითებებით: სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია უფლებამოსილი იყვნენ თუ არა გურიის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორები ი/მ “გ. ბ-ის” კუთვნილ აფთიაქში ჩაეტარებინათ კონტროლის პროცედურები, შესაბამისად, დაცულ იქნა თუ არა მათ მიერ საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის მოთხოვნები ამ პროცედურების ჩატარებისას, ასევე სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ე, რომელმაც წამალი მიჰყიდა და რომელთანაც მოხდა ანგარიშსწორება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ, იყო თუ არა მოლარე-ოპერატორი, ი/მ “გ. ბ-ის” კუთვნილი ობიექტი წარმოადგენდა თუ არა იმგვარ ობიექტს, სადაც არ ხორციელდებოდა ნაღდი ფულის გადახდა მოლარე-ოპერატორთან და შესაბამისად, მოხდა თუ არა გონივრულ ვადაში ჩეკის ამობეჭდვა. აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა ემსჯელა და შეეფასებინა ჰქონდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტს _ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობას ადგილი.

სააპელაციო სასამართლომ კი 2011 წლის 22 ივნისის განჩინებით ი/მ ,,გ. ბ-ის” სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს იმავე გარემოებებზე მითითებით, რისი გამოკვლევისა და დადგენის მიზნითაც საკასაციო სასამართლომ საქმე დააბრუნდა სააპელაციო სასამართლოში.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 385.2 მუხლის შესაბამისად, სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და ხელახლა განსახილველად არ დაებრუნებინა საქმე რაიონული სასამართლოსათვის, რამდენადაც რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას სსსკ-ის 385.1 მუხლით განსაზღვრულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რაც უპირობოდ შექმნიდა რაიონულ სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვის პროცესუალურ წინაპირობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცეო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ თავად უნდა გამოიკვლიოს გურიის რეგიონალური ცენტრის თანამშრომლების მიერ დაცულ იქნა თუ არა საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული “საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის მოთხოვნები, მ. კ-ე, რომელმაც წამალი მიჰყიდა და რომელთანაც მოხდა ანგარიშსწორება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ, იყო თუ არა მოლარე-ოპერატორი, ი/მ “გ. ბ-ის” კუთვნილი ობიექტი წარმოადგენდა თუ არა იმგვარ ობიექტს, სადაც არ ხორციელდებოდა ნაღდი ფულის გადახდა მოლარე-ოპერატორთან და შესაბამისად, მოხდა თუ არა გონივრულ ვადაში ჩეკის ამობეჭდვა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს - ადგილი ჰქონდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტს _ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობას ადგილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის თანახმად სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სააპელაციო სასამართლომ თვითონ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოთმითიებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.