¹326/საზ ქ. თბილისი
27 ნოემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. შ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 10 ივნისის განაჩენით ნ. შ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებით, 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.
სასჯელის ათვლა მსჯავრდებულ ნ. შ-ლს დაეწყო 1995 წლის 20 მარტიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით ნ. შ-ლს საქართველოს სსკ-ის 17,203-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით მოუხდელი სასჯელიდან 9 წელი და საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ათვლა დაეწყო 1996 წლის 12 თებერვლიდან.
მსჯავრდებული ნ. შ-ლი საჩივრით ითხოვს სასჯელის ათვლის დაზუსტებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო პალატამ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება გადასინჯოს მხოლოდ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, რომელთაც მიეკუთვნება:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
ბ) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ვინაიდან ნ. შ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ ახლად გამოვლენილ არც ერთ გარემოებას, პალატა თვლის, რომ განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და განაჩენი მსჯავრდებულის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება სასჯელის ათვლის დაზუსტებას, საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, აღმოფხვრას სასამართლო გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა ნ. შ-მა სასჯელის ათვლის დაზუსტების მიზნით უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ნ. შ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი ნ. შ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.