Facebook Twitter

¹ბს-171-169(კ-12) 20 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 5 ივლისს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ს-ძემ მოპასუხეების ი. ბ-იძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ი. ბ-იძის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის ¹15 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე, იმავე დღეს ი. ბ-იძეზე გაცემული ¹3772 საკუთრების უფლების მოწმობისა და ¹3772 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობას, მოსარჩელე ასევე ითხოვდა ი. ბ-იძის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 30 ოქტომბრის ¹34 საოქმო გადაწყვეტილებისა და მის საფუძველზე 2010 წლის 5 ნოემბერს ი. ბ-იძეზე გაცემული ¹393 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობასა და ¹393 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობას.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით ნ. ს-ძის სარჩელი განსჯადობის წესით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ძის სარჩელი მოპასუხეების- ი. ბ-იძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. საქმე ბს-1164-1111 (კ-09), 25.02.10წ.).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. ს-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ფ-ძეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;

2. რ. ფ-ძეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 12 მარტს (სალაროს Aშემოსავლის ორდერი ¹4950829) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “რესპუბლიკის” მეშვეობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე