¹ბს-1807-1775(კ-11) 14 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. წ-ი; წარმომადგენელი _ მ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური; წარმომადგენელი _ გ. K-ე; 2) ქ. თბილისის მერია; წარმომადგენელი _ ს. ბ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 5 ივლისს ე. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას ქ. თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე სახლთმფლობელობაში საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა 6/18 ნაწილი. ეზოში განლაგებული იყო ლიტერ ,,ა’’, ,,გ’’, ,,ვ’’, ,,ს’’ შენობები. ლიტერ ,,ა’’ შენობა შედგებოდა 6 ოთახისაგან, საიდანაც ¹5 და ¹6 ოთახები ეკუთვნოდა ერთ-ერთ თანამესაკუთრეს თ. მ-ს. ¹4 და ¹3 ოთახები და ¹7 მიშენება ეკუთვნოდა მოსარჩელეს, ხოლო ¹2 ოთახი ყოფილ თანამესაკუთრეს მ. ბ-ას, რომლისგანაც ეს ოთახი მოსარჩელემ 2001 წლის სექტემბერში შეიძინა. ლიტერ ,,ა’’ შენობა აშენებული იყო გასული საუკუნის დასაწყისში და სიძველისაგან ,,ასოკობრივი ცვეთა ჰქონდა განცდილი’’. მითითებული შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო და იგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შეტანილი იქნა მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობათა ნუსხაში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი ოჯახი ¹3 და ¹4 ოთახში ცხოვრობდა, რომელიც მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეაკეთა, მაგრამ ¹2 ოთახის მდგომარეობა გაუარესდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა სახურავი და ჩამოსული წყალი აზიანებდა საყრდენ კედლებს. რისკი იმისა, რომ შენობის ეს ნაწილი ჩამოშლილიყო სულ უფრო იზრდებოდა. თავის მხრივ, წუხდებოდნენ მომიჯნავე ეზოს მაცხოვრებლები, ვინაიდან, ჩამოსული წყალი აზიანებდა მათი საცხოვრებელი სახლის კედლებს. მოსარჩელემ 2010 წლის 25 და 26 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს და საყრდენი კედლის გამოცვლისა და სახურავის შეცვლის ნებართვა მოითხოვა. არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული წერილის თანახმად, საყრდენი კედლის გამოცვლისათვის საჭირო დოკუმენტებში აუცილებლი იყო სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა, ხოლო დაზიანებული სახურავის შეცვლა ახლით საერთოდ არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას.
მოსარჩელის განმარტებით, მან წყლის ჩამოსვლის შედეგად შენობის ნგრევის შეჩერების მიზნით გადაწყვიტა ¹2 ოთახის დაზიანებული სახურავის შეცვლა, რაც არქიტექტურის სამსახურის წერილის თანახამად ნებართვას არ საჭიროებდა. სამუშაოს დაწყებისას, როგორც კი ხელოსნები შეეხნენ სახურავს, ის ჩამოინგრა და თან მიიყოლა სიძველისაგან აბსოლუტურად დაზიანებული ¹2 ოთახის წინ არსებული ხის შუშაბანდი. 2010 წლის 1 ნოემბერს თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა ¹000321 მითითება, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ ე. წ-მა აწარმოა უნებართვო დემონტაჟი, რასაც მოსარჩელე არ ეთანხმებოდა, რადგან რეალურად სახურავის შეკეთების სამუშაოებმა გამოიწვია მისი ჩამონგრევა. 2010 წლის 8 ნოემბერს შედგა შემოწმების აქტი უკანონო დემონტაჟთან დაკავშირებით და გაიმართა საქმის განხილვა, სადაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ლ. ს-ულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, ექსპერტიზისათვის წარდგენილი შვიდი ფოტოსურათი და საცხოვრებელი სახლის მზიდუნარიანობის კონსტრუქციული დასკვნა. მოსარჩელის აზრით, მითითებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ შენობის სიძველის გამო მოსალოდნელი იყო მათი ჩამონგრევა, როგორც სახურავის შეკეთების მცდელობის პერიოდში, ასევე სხვა გარეშე ფაქტორების გავლენითაც. 2011 წლის 6 იანვარს ზედამხედველობის სამსახურმა საქმის განხილვის ვადა გააგრძელა 2011 წლის 4 მარტამდე. 2011 წლის 17 იანვარს კვლავ გაიმართა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ თანამესაკუთრეები მ. თ-ი წარმომადგენლით და ნ. ს-ი. მათ წარადგინეს განცხადება იმის შესახებ, რომ ე. წ-მა დემონტაჟამდე კედლის მშენებლობა აწარმოა. სხდომის შემდეგ 2011 წლის 4 მარტს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა ე. წ-ს ჩააბარა მითითება, შენობა-ნაგებობის უნებართვო რეკონსტრუქციის შესახებ, კერძოდ, მითითებაში აღნიშნული იყო, რომ ე. წ-მა ლიტერ ,,ა’’ შენობის ¹3 ოთახზე შუშაბანდის ნაცვლად ააშენა კაპიტალური კედლები, მოაწყო ფანჯრისა და კარის ღიოებები.
მოსარჩელის აზრით, წარდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მან აწარმოა ფანჯრისა და კარის ღიობების მოწყობა და კედლის ამოშენება, რადგან 2004 წელს დამზადებული საინვენტარიზაციო გეგმიდან ნათლად ჩანდა, რომ ¹3 ოთახს ეზოს მხრიდან ჰქონდა შესასვლელი კარი, ამასთან ¹3 ოთახს ეზოს მხრიდან ჰქონდა ხის ფანჯარა და კარი, ხის ფანჯარა ეყრდნობოდა კედელს.
2011 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული იქნა ¹000321/000558 დადგენილება სამშენელო სამრთალდარღვევისათვის ე. წ-ის დაჯარიმების შესახებ, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.
ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 მაისის ¹1082 განკარგულებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება ნაწილობრივ იქნა ბათილად ცნობილი. კერძოდ, ქ. თბილისის მერიის მიერ დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს არ განუხორციელებია უნებარათვო დემონტაჟი, ხოლო რეკონსტრუქციისა და დაჯარიმების ნაწილში ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება დარჩა ძალაში, რაც ე. წ-ის აზრით, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, რეკონსტრუქციად ითვლებოდა მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, რასაც მოცემულ შემთხვევაში რეალურად ადგილი არ ჰქონია. არსებობდა მსუბუქი კონსტრუქცია და არა მზიდი, რომელიც ეყრდნობოდა კედელს. მოსარჩელის განმარტებით, მან მხოლოდ შელესა არსებული კედელი, რაც მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, არ საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 თებერვლის ¹000321/000558 დადგენილების (უნებართვო რეკონსტრუქციის განსაზღვრისა და 10 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში) და ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 მაისის ¹1082 განკარგულების მესამე პუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე. წ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავდა იმ სუბიექტთა წრეს, რომლებზეც უნდა გავრცელებულიყო კანონით გათვალისწინებული სანქციები სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში. ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდებოდა ა) იურიდიული და ფიზიკური პირების, ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდებოდა შენობა-ნაგებობების, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი ან სხვა სპეციალური სამუშაოები, ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში, გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, იმ შემთხვევაში როდესაც დაუდგენელი იყო მშენებლობის მწარმოებელი პირი, დ) შენობა-ნაგებობების მესაკუთრეზე იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელი იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე მშენებლობის მწარმოებელი პირი, ე) იმ სარეკოსტრუქციო და სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე, რომლის ავარიულობის ხარისხიც უშუალო საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ობიექტის მესაკუთრე იყო ე. წ-ი. საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ ტექინვენტარიზაციის გეგმით დასტურდებოდა, რომ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის ღიობი გადაკეთდა კარის ღიობად. ამასთან, ხის შუშაბანდის ნაცვლად ამოყვანილი - აშენებული იქნა კაპიტალური კედელი.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა მოსარჩელემ ვერ შეძლო ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობისას. ამდენად, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილი იყო სამართალდარღვევის გამოვლენისთანავე მითითება შეედგინა მოსარჩელის მიმართ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა იყო საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იყო კანონით. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა იყო მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის 50-ე ნაწილის შესაბამისად, რეკონსტრუქცია იყო არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილების არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. მითითებული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, რეკოსტრუქცია იყო მშენებლობის ერთ-ერთი სახე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია იყო შენობა-ნაგებობაზე ახალი სართულის დამატება, ან სართულის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 12 მეტრზე მეტად, ხოლო ,,ბ’’ ბუნქტის თანახმად, ექსტერიერის რეკონსტრუქცია იყო ექსტერიერის ე.ი. შენობის ფასადის, სახურავის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0,1 მეტრზე მეტად ან/და არქიტეტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლიდა შენობის ექსტერიერს; ასევე, ფასადის მასალისა და ფერის შეცვლა, თუ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულო იყო არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. ამავე მუხლის ,.,გ’’ პუნქტის თანახმად, მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია იყო მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციების გამგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა.
საქალაქო სასამართლო არ გაიზაირა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადასტურებული იყო, რომ ე. წ-ს შენობა-ნაგებობაზე ფანჯრის, კარის ღიობის გამოჭრა, კედლის ამოშენება და შესაბამისად რეკონსტრუცია არ უწარმოებია, რამდენადაც მითითებული ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვეოდა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ¹3 ოთახის ეზოს შიდა ფასადის ნაწილზე სარემონტო სამუშოების ჩატარებამდე იყო კარ-ფანჯარა, ¹3 ოთახის ეზოს შიდა ფასადის კონსტრუქცია იყო თვითმზიდი კედელი და ქ. თბილისში ... ქ. ¹20-ში მდებარე ¹2 ოთახის სახურავის ჩამონგრევამდე ¹3 ოთახზე მოწყობილი კარ-ფანჯარა იყო შეცვლილი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული დასკვნით განსაზღვრული იყო, მხოლოდ ზოგადად სარემონტო სამუშოების შესრულებამდე კარ-ფანჯრებისა და ღიობების არსებობის ფაქტი და არ იყო გამოკვეული შეესაბამებოდა თუ არა ტექინვენტარიზაციის გეგმაში სადავო საცხოვრებელი სახლზე დაფიქსირებული კარი და ღიობები დღეს არსებულ მდგომარეობას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების 36-ე მუხლით ცალსახად განისაზღვრებოდა, რომ მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი იყო კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტის თანახამად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე.
,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახამად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება გამოიწვევდა დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის მერიის ზედამხედევლობის საქალაქო სამსახურის დადგენილება და ქ. თბილისის მერიის განკარგულება გასაჩივრებულ ნაწილში არ ეწინააღმდეგებოდა სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან სადავო აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-მა. Aპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინებით ე. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებული არ იყო ის გარემოება, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედება რეკონსტრუქციას წარმოადგენდა, რისთვისაც საჭირო იყო უფლებამოსილი ორგანოს ნებართვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად და არასრულად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ტექინვენტარიზაციის გეგმის მიხედვით საცხოვრებელი სახლის ღიობი გადაკეთებული იყო კარის ღიობად, ფანჯარა კი გადაკეთებული იყო კარად.
კასატორმა აღნიშნა, სასამართლომ არ მოიწვია სპეციალური ცოდნის მქონე სპეციალისტი, რომელიც წაიკითხავდა საინვენტარიზაციო გეგმას, რადგან სწორედ ამ გეგმის მიხედვით ჩათვალეს მის მიერ განხორციელებული ქმედება რეკოსტრუქციად.
კასატორის განმარტებით, საქმეში იყო ყველა მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სარემონტო სამუშაოები, რომელიც მის მიერ იქნა განხორციელებული არ საჭიროებდა ნებართვას. სასამართლოს მიერ გამოყენებული ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებული იყო, რა ითვლებოდა რეკონსტრუქციად, არცერთი ჩამოთვლილი ქმედება და მით უმეტეს ის, რასაც ზედამხედველობის სამსახური ედავებოდა მის მიერ არ განხორციელებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. წ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ე. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 26 აპრილს 14:30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 1 ნოემბერს ე. წ-ის მიმართ გაცემული იქნა ¹000321 მითითება, რომელშიც სამართალდარღვევად დაფიქსირდა მოქალაქე ე. წ-ის მიერ ქ. თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე შენობა-ნაგებობის უნებართვო დემონტაჟი. აღნიშნული მითითებით მოქალაქეს დაევალა 5 დღის ვადაში დემონტაჟის განხორციელების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა (ტ. I, ს.ფ. 26-27). 2010 წლის 8 ნოემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ შედგა შემოწმების აქტი და დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა (ტ. I, ს.ფ. 28-29). 2011 წლის 4 თებერვალს მოსარჩელის მიმართ შედგა ¹000558 მითითება, რომელშიც სამართალდარღვევად განისაზღვრა ... ქ. ¹20-ში მდებარე შენობა-ნაგებობის უნებართვო რეკონსტრუქცია, კერძოდ, ხის შუშაბანდის ნაცვლად, აშენებულ იქნა კედლები და მოწყობილი იქნა ფანჯრისა და კარის ღიობები. აღნიშნული მითითებით ე. წ-ს დაევალა 5 დღის ვადაში ჩატარებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა (ტ. I, ს.ფ. 22-23). 2011 წლის 10 თებერვალს შედგა შემოწმების აქტი ¹000558, სადაც დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა (ტ. I; ს.ფ. 24-25).
2011 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ¹000321/¹000558 დადგენილებით ე. წ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, ... ქ. ¹20-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე უნებართვოდ სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებისათვის და შენობა-ნაგებობის უნებართვო დემონტაჟისათვის (ტ. I, ს.ფ. 17-21). ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 30 მაისის ¹1082 განკარგულებით ე. წ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 თებერვლის ¹000321/000558 დადგენილება სამართალდარღვევის სახედ უნებართვო დემონტაჟის განსაზღვრის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის გასაჩივრებული დადგენილება დარჩა ძალაში (ტ. I, ს.ფ. 14-16).
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹22 ბრძანებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის” დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებითაც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სამსახური, უთითებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსს და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილი კი მოითხოვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს სახდელი დაედოს იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი მუხლები ადგენენ ადმინისტრაციული გადაცდომისათვის კანონით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების საერთო წესს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას, კასატორის მიერ სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ სწორად იქნა გამოყენებული “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის “ა” პუნქტი, რომლის თანახმად უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება: მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და “წყლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე-გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარით.
თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისა და საკასაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ 2011 წლის 20 დეკემბერს “ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, აღნიშნულ კანონს დაემატა 221-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არამხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისი გამოყენების დროს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ნორმის გამოყენება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ უნდა გამოიყენოს საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი, რომელშიც 2011 წლის 20 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე მითითებული კანონის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა ახალი სანქცია – ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე, აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, ე. წ-ს შეუმციროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია (10 000 ლარი) 2011 წლის 20 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში და განსაზღვროს 4000 ლარით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. წ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 თებერვლის ¹000321/¹000558 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, ე. წ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 თებერვლის ¹000321/¹000558 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 ლარი ე. წ-ის მიმართ უნდა შემცირდეს 6 000 ლარით და განისაზღვროს 4 000 ლარით, გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე. წ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეიცვალოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 თებერვლის ¹000321/¹000558 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 28 თებერვლის ¹000321/¹000558 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 ლარი ე. წ-ის მიმართ შემცირდეს 6 000 ლარით და განისაზღვროს 4 000 ლარით;
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე