საქმე ¹ბს-269-265(კ-12) 5 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ი-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ი-ისა და ნ. ი-ის სარჩელისა გამო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ი. ი-ის მონაწილეობით).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ი-მა და ნ. ი-მა სარჩელი აღძრეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის – ი. ი-ის მონაწილეობით მიმართ და მოითხოვეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 28 თებერვალს მიღებული @8820110232216-05 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 23 მარტის ¹41598 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ი. ი-ის სახელზე 2000 წლის 26 დეკემბერს, უძრავ ქონებაზე განხორციელებული @80.04.07.085 ჩანაწერისა და 2010 წლის 15 იანვარს ზონა 80. სექტორი 04. კვარტალი 61, ნაკვეთი 003 უძრავ ქონებაზე წარმოებული ჩანაწერების ბათილად ცნობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სადავო უძრავი ქონება აღრიცხოს მოსარჩელეების სახელზე, როგორც კომლში რეგისტრირებული კომლის წევრების საკუთრება. (იხ. ს.ფ. 44-57. ტ. I).
სარჩელი არ ცნო მოპასუხე მხარემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა უსაფუძვლობის გამო. (იხ. ს.ფ. 97-104. ტ. I)
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ი-ისა და ნ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 234-241. ტ. I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ი-მა და ნ. ი-მა და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 252-264. ტ. I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ნ. ი-ისა და ნ. ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 78-93. ტ. II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ი-მა და ნ. ი-მა და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ი-ისა და ნ. ი-ის მოთხოვნის დაკმაყოფილება. (იხ. ს.ფ. 99-110. ტ. II).
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აპრილის ნ. ი-ისა და ნ. ი-ოვის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 144-145; ტ. II).
საკასაციო შესაგებლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ საკასაციო შესაგბელით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 150-156; ტ.II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ი-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორების _ ნ. ი-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ნ. ი-ისა და ნ. ი-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. ი-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ი-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ნ. ი-ოვს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ნ. ი-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარზე ნ. ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ი-ისა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ნ. ი-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ნ. ი-სა და ნ. ი-ის საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2012 წლის 4 აპრილს (საგადასახადო დავალება ¹1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი სს ბანკ “...” მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე