Facebook Twitter

საქმე ¹ბს-276-272(კ-12) 12 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი - ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. დ-მა 2011 წლის 2 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხეების საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების მიმართ, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების 2011 წლის 25 მაისის ¹03/681-2011/1 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 6 ივლისის ¹04/26158 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხეთათვის სახელმწიფო პენსიაზე შრომითი სტაჟის დანამატის განსაზღვრის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილებას და პენსიის დანიშვნა მოითხოვა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მას დაენიშნა პენსია ასაკის გამო, თუმცა უარი ეთქვა პენსიაზე შრომითი სტაჟის დანამატის დანიშვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება დანამატის დანიშვნაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და შრომის წიგნაკში მითითებულ დაბადების თარიღებს შორის არსებული შეუსაბამობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. დ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, ნ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების 2011 წლის 25 მაისის ¹03/681-2011/1 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო; ნ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 6 ივლისის ¹04/26158 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო; ნ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას - მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს განესაზღვრება შრომითი სტაჟის დანამატი სახელმწიფო პენსიაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით ნ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. დ-მა, 2011 წლის 20 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონულ განყოფილებას და მოითხოვა საპენსიო ასაკის გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიისა და შრომითი სტაჟის დანამატის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების გარდაბნის სააგენტოს 2011 წლის 25 მაისის ¹03/681-2011/1 გადაწყვეტილებით, ნ. დ-ს სახელმწიფო პენსია დაენიშნა ასაკის საფუძვლით 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, ხოლო პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და მის მიერ წარდგენილ შრომის წიგნაკს შორის არსებული შეუსაბამობის გამო, უარი ეთქვა დანამატის დანიშვნაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 6 ივლისის ¹04/26158 გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა სსიპ სოციალური მომსახურების გარდაბნის სააგენტოს 2011 წლის 25 მაისის ¹03/681-2011/1 გადაწყვეტილება ნ. დ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე დანამატის დანიშვნის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობის თანახმად, ნ. გ. ასული თ-ე დაბადებულია ... წლის 20 მაისს, ხოლო შრომის წიგნაკის თანახმად, ნ. გ. ასულ თ-ის დაბადების თარიღად მითითებულია ... წელი. პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად დაადგინა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სასამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის შრომის წიგნაკსა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში შეუსაბამო მონაცემის გამო საპენსიო დანამატის დანიშვნის არამართებულობას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესების’’ დამტკიცების შესახებ ¹46/ნ ბრძანების მე-15 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის თაობაზე წერილობითი განცხადება შეიტანება ფონდის ფილიალებში მაძიებლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. განცხადებას თან უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტები: ა) ასაკით პენსიის დანიშვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობა. შრომის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ შრომის სტაჟი გააჩნია). ,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლად დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს ¹181 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შრომითი სტაჟის დასადასტურებლად მიიღება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც გასცემს კომპეტენტური ორგანო და იგი მოიცავს საჭირო ინფორმაციას პირის შრომითი საქმიანობის პერიოდის შესახებ. მე-3 ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუძლებელია მათი მიღება ან აღდგენა, შრომითი სტაჟის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოქალაქე/პენსიონერი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სანდო დოკუმენტების მოძიება და პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია და დაედგინა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საწინააღმდეგო მონაცემების შემცველი დოკუმენტებიდან შესაბამისი მონაცემები. საქმეში წადგენილი დაბადების მოწმობის და შრომის წიგნაკის მონაცემების მიხედვით მოსარჩელის დაბადების თარიღი არ ემთხვევა ერთმანეთს, შესაბამისად, შრომის სტაჟის მიხედვით შეუძლებელია საპენსიო დანამტის ოდენობის განსაზღვრა. ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებზე, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. დ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ გამართლებულად არ მიაჩნია სამოქალაქო წესით ამგვარი საქმის განხილვა და შრომის სტაჟის უდავო წარმოების წესით დადგენა, რადგან სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹255 დადგენილება, რომლის თანახმად სამთავრობო უწყებები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ ფაქტების მოძიებას და დაეხმარონ ამ სააგენტოს საკითხის მოგვარებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განსახილველად ჩაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ. დ-ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილების 2011 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით დაენიშნა პენსია ასაკის გამო, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესების’’ დამტკიცების შესახებ ¹46/ნ ბრძანებით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტი – პირადობის მოწმობა. თუმცა ამავე გადაწყვეტილებით ნ. დ-ს უარი ეთქვა შრომითი სტაჟის დანამატის განსაზღვრაზე, ვინაიდან პირადობის დამადასტურებელ მოწმობასა და შრომის წიგნაკში მითითებულ დაბადების თარიღში არსებობდა შეუსაბამობა. კერძოდ, პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ნ. დ-ის დაბადების წელი მითითებულია ..., ხოლო შრომის წიგნაკში ... წელი, რაც არ იძლეოდა პირის იდენტიფიცირების საშუალებას.

საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 16.10.2007წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-314-297(კ-07) ჩამოყალიბებულ განმარტებას შემდეგზე, რომ “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ..... ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.”

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ “შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლად დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ” 2007 წლის 29 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ¹181 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად შრომითი სტაჟის დასადასტურებლად მიიღება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ და მოიცავს ინფორმაციას პირის შრომითი საქმიანობის პერიოდზე, დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მე-3 პუნქტის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს არ გააჩნია შრომითი სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები და შეუძლებელია მათი მიღება ან აღდგენა, შრომითი სტაჟის დადგენა ხდება სასამართლოს მიერ. დადგენილების მე-5 პუნქტის მიხედვით მოქალაქე/პენსიონერი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სანდო დოკუმენტების მოძიება და პასუხისმგებელია წარდგენილი დოკუმენტების სისწორისათვის. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელეს ეკისრებოდა სრულყოფილი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება, რომლითაც უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის გათვალისწინებით შესაძლებლობა ექნებოდა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაენიშნა შრომითი სტაჟის მიხედვით სახელმწიფო პენსიის დანამატი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს შრომის წიგნაკში მითითებული 1952 წელს დაბადებული ნ. გ. ასული დ-ისა (თ-ის) და მოქალაქის პირადობის მოწმობაში მითითებული ... წელს დაბადებული ნ. დ-ის იდენტიფიცირების დადგენა. კასატორი საკასაციო საჩივრის ძირითად საფუძვლად უთითებს “შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტროს ¹181 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹255 დადგენილების მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ სააგენტოსათვის დახმარების აღმოჩენა პენსიონერთა შრომით სტაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებაში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული ინფორმაციის მოძიება და გადამოწმება არ გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესაძლებლობას სააგენტოს მიერ, აღნიშნული სცილდება “სახელმწიფო პენსიის შესახებ” კანონის მე-11 მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹255 დადგენილების მე-8 პუნქტით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს ¹181 დადგენილების მე-3 პუნქტის შესაბამისად განეკუთვენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXVI თავით გათვალისწინებულ სასამართლოს კომპეტენციის სფეროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე