Facebook Twitter

ბს-365-361(კ-12) 14 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 14 ივლისს თ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – საქართვლოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურიდან მიიღო უწყება სარეზერვო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით. 2011 წლის 31 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიის სამხედრო საქალაქო სამსახურს და იეჰოვას მოწმის სტატუსის გამო სამხედრო სარეზერვო სამსახურიდან განთავისუფლება მოითხოვა. თ. კ-ს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ იგი არ წარმოადგენდა სასულიერო პირს და 2011 წლის 1 თებერვალს იგი შემკრებ პუნქტში უნდა გამოცხადებულიყო, მის მიმართ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. 2011 წლის 15 თებერვალს მოსარჩელემ კვლავ მიმართა იმავე სამხედრო განყოფილებას და ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა მოითხოვა. აღნიშნული განცხადების პასუხად, 2011 წლის 23 თებერვალს მოსარჩელეს ეცნობა, რომ იგი ა/წ თებერვალში პირადად უნდა გამოცხადებულიყო მე-3 ქვეით ბრიგადაში შესაბამისი კომისიის გასავლელად, მის მიმართ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული პასუხი მოსარჩელემ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად მიიჩნია და გაასაჩივრა შესაბამისი წესით. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თ. კ-ი 2011 წლის 30 მარტის დადგენილებით დაჯარიმდა 500 ლარით, მასზედ რომ იგი 2011 წლის 1 თებერვალს არ გამოცხადდა სამხედრო სარეზერვო სამსახურში. მითითებული დადგენილება უცვლელად დარჩა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივნისის დადგენილებით.

ამდენად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივნისის დადეგნილებისა და ამავე დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს მე-4 განყოფილების ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2011 წლის 30 მარტის დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 6 ივნისის დადეგნილება და ამავე დეპარტამენტის სამხედრო პატრულის სამმართველოს მე-4 განყოფილების ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ 2011 წლის 30 მარტის დადგენილება; ბათილად ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება შეწყდა მათი ძალაში შესვლის დღიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (09.02.2012 წლის განჩინება საქმეზე ¹ბს-1599-1575(კ-11)).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იყოს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე