Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-522-513(კ-12) 22 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.12წ. გადაწყვეტილებით ი/მ “ო. Gგ-შვილის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 19.12.11წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი/მ “ო. Gგ-შვილის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წერილები ი/მ “ო. Gგ-შვილის” მიმართ დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურის 23.06.11წ. ¹3205 ბრძანება და შემოსავლების სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრული გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ჩათვლების გაუქმების კანონიერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 26.04.12წ. ჩაჰბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურს (ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹5), რაც დასტურდება სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (იხ. ს.ფ. 262; ტ.II). შესაბამისად, სსსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა 17.05.12წ. ამოიწურა. შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.04.12წ. გადაწყვეტილების ასლი წარმომადგენელმა ჩაიბარა 23.05.12წ. იმავე დღესვე შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა სააპელაციო სასამართლოში.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს 05.04.12წ. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს მისამართზე _ ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹5 და ადრესატს ჩაჰბარდა 26.04.12წ.. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა მოხდეს მითითებული თარიღიდან, რამდენადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 23.05.11წ. ¹303 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ შემოსავლების სამსახურის დებულების 1.4 მუხლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მისამართია ქ. თბილისი, .... ქ. ¹16 და ქ. ქუთაისი, .... ქ. ¹5. საქმის წარმოება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მიმდინარეობდა მოპასუხე შემოსავლების სამსახურის იურიდიული მისამართის (ქ. ქუთაისი, ... ქ. ¹5) მიხედვით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების ასლი გაიგზავნა აღნიშნულ მისამართზე. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ მხარის მოთხოვნის შესაბამისად, გადაწყვეტილების ასლი წარმომადგენელს 23.05.12წ. ჩაჰბარდა, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილ ვადაში გაეგზავნათ მხარეებს და ჩაჰბარდათ, რა დროიდანაც დაიწყო საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი საპროცესო ვადის დენა და აღნიშნული ვადა ამოიწურა 17.05.12წ.. ვინაიდან საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 23.05.12წ., ვადის დარღვევით, შესაბამისად არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე