Facebook Twitter

ბს-440-435(კს-12) 19 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სპს ,,ლ. Bბ-შვილი და ...”

წარმომადგენელი ლ. Bბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ ქ. ბათუმის მერია;

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული

სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო

სამსახური

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 3 ნოემბერს ლ. Bბ-შვილმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქ. ბათუმის ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის 2011 წლის 5 ოქტომბრის ¹160690 გადაწყვეტილება და დაევალოს ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციას ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღდგენილ იქნება მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ. ბათუმი, ... ქ. 88, ფართით 29.0 კვ.მ. (იხ. ს.ფ. 2-11).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ლ. Bბ-შვილის სარჩელი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მოსარჩელეს დაევალა სასარჩელო მოთხოვნისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტება (იხ. ს.ფ. 47-49).

2011 წლის 17 ნოემბერს ლ. Bბ-შვილმა განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოპასუხედ ქ. ბათუმის მერიასთან ერთად დაასახელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 აგვისტოს ¹121567 და ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის 2011 წლის 5 ოქტომბრის ¹160690 გადაწყვეტილებები, დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც აღდგენილ იქნება საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹88-ში (იხ. ს.ფ. 51-52).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. Bბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 108-116).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. Bბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.2 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ არის პენსიონერი და წარმოადგინა საპენსიო მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ. 120-141).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ლ. Bბ-შვილის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება ჰქონდა ლ. Bბ-შვილს არა როგორც ფიზიკურ პირს, არამედ როგორც სპს ,,ლ. Bბ-შვილი და ...” წარმომადგენელს და მისი როგორც ფიზიკური პირის საპენსიო მოწმობა ვერ გახდებოდა მხარის გადახდისუუნარობის უტყუარ მტკიცებულებად მიჩნეული და სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რათა აპელანტს წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სააპელაციო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება (სპს ,,ლ. Bბ-შვილი და ...” დირექტორად, პარტნიორად და ა.შ. საქმიანობის მტკიცებულება, სპს ,,ლ. Bბ-შვილი და ...” წესდება) და გასაჩივრებული აქტების ზუსტი დასახელება (ორგანო, თარიღი, ნომერი). (იხ. ს.ფ. 146-150)

2012 წლის 23 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ლ. Bბ-შვილმა, წარადგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” 1996 წლის 26 სექტემბრის წესდება და აღნიშნული კომპანიის 1996 წლის 26 სექტემბრის დამფუძნებელ პარტნიორთა საერთო კრების ¹1 ოქმი. აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ მოითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 10 აგვისტოს ¹121576 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. Lლ. Bბ-შვილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ასევე ითხოვდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის შემცირებას (იხ. ს.ფ. 153-175).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებით ლ. ბ-შვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი საპენსიო მოწმობა არ წარმოადგენს აპელანტის სასამართლო ხარჯების გადახდის შემცირების საფუძველს, რადგან მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს საპროცესო უფლებამოსილებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის საპროცესო ვალდებულება შეუმციროს ან გადაუვადოს მხარეს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც იგი სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს აღნიშნულის დასადასტურებლად. ამასთან სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა პირობებში სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობით გაავრცელოს მხარის მიმართ სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, როდესაც სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის უფლებამოსილება გააჩნია იურიდიულ პირს და არა ლ. ბ-შვილს, როგორც ფიზიკურ პირს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა და გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად (იხ. ს.ფ. 177-179).

2012 წლის 4 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” წარმომადგენელმა ლ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ან განაწილვადება 2 თვეზე (იხ. ს.ფ. 182-186).

სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” წარმომადგენელმა ლ. ბ-შვილმა აღძრული შუამდგომლობის საფუძვლად მიუთითა ის, რომ სპს-ს სამეწარმეო საქმიანობის საშუალებას წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული სურსათ-სანოვაგის მარკეტი, რომლის დემონტაჟიც ქ. ბათუმის მერიამ განახორციელა და დღეის მდგომარეობით სპს-ს სამეწარმეო საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. დემონტაჟის გამო სპს-მ განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და მოითხოვა დემონტაჟის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება. ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციიდან მიიღო პასუხი, რომ მისი მოთხოვნა დაკმაყოფილების სტადიაშია და ქ. ბათუმის მერია მზად არის დემონტირებული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ კომპენსაციის ანაზღაურებაზე. აღნიშნულის დასადასტურებლად წარადგინა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წერილი დემონტირებული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე.

სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” წარმომადგენელმა ლ. ბ-შვილმა ასევე აღნიშნა, რომ სპს-ს ქონებრივი მდგომარეობის შესაფასებლად გასათვალისწინებელია ასევე ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, კერძოდ: სპს არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს სოლიდარულად მთელი თავისი ქონებით. როდესაც სპს-ს არ გააჩნია ქონება (შემოსავალი), გათვალისწინებული უნდა იქნას სპს-ს პარტნიორის ქონებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, ლ. ბ-შვილის აღნიშვნით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს მისი როგორც სპს-ს წარმომადგენლის, ისე ლ. ბ-შვილის, როგორც ფიზიკური პირის ქონებრივი მდგომარეობა (პენსიონერი, რაც დასტურდება საპენსიო მოწმობით) და სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადოს ან მოახდინოს მისი განაწილვადება 2 თვეზე (რადგან გასათვალისწინებელია პენსიის ოდენობა).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინებით ლ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვებული იქნა განუხილველად (იხ. ს.ფ. 197-201).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით გაუქმდა უძრავ ქონებაზე სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” საკუთრების უფლება, შესაბამისად, დავის წამოწყების უფლებამოსილება მოსარჩელის სტატუსით გააჩნია დასახელებულ იურიდიულ პირს და მის წარმომადგენელს (დირექტორს, პარტნიორს) და არა ლ. ბ-შვილს, როგორც ფიზიკურ პირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისუნარიანობა უნდა შემოწმდეს სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” ქონებრივ მდგომარეობასთან მიმართებაში, რასთან მიმართებაშიც აპელანტმა ვერ უზრუნველყო გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა და მიეცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მის მიმართ კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათის გავრცელების უფლება. ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა საზოგადოების ერთადერთ პარტნიორს და მარტო მისი პენსიონერის სტატუსი ვერ გახდებოდა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან განაწილვადების საფუძველი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარის მიერ ზოგადი განმარტება მატერიალური შესაძლებლობის არქონის შესახებ და ამ მიმართებით მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (სასურსათო მარკეტის არ ქონა, საპენსიო მოწმობა) არ შეიძლება განხილულ იქნეს აპელანტის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან კანონით დადგენილი სხვა შეღავათის გავრცელების საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” წარმომადგენელმა ლ. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება იხ. ს.ფ 204-210).

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოიყენა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, სპს არის ისეთი იურიდიული პირი, რომლის ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პასუხისმგებელნი არიან საზოგადოების წევრები. სახელმწიფო ბაჟი არის მოსარჩელესა და სახელმწიფოს შორის სასამართლოს ხელმისაწვდომობისათვის არსებული ფინანსური ვალდებულება, შესაბამისად, თუკი მსგავსი ხასიათის იურიდიული პირი გადახდისუუნაროა, მხედველობაში უნდა მიღებულიყო მისი პარტნიორების ქონებრივი და ეკონომიური მდგომარეობა. გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” სამეწარმეო საქმიანობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული სურსათ-სანოვაგის კვების ობიექტი, რომლის დემონტაჟიც ქ. ბათუმის მერიამ განახორციელა და სპს-ს სამეწარმეო საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და შესაბამისად, მისი პარტნიორის – ლ. ბ-შვილის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულება (საპენსიო მოწმობა) უნდა გამხდარიყო მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქ. ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 ნოემბრის ¹92 განკარგულება ,,თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტის დემონტაჟის შემთხვევაში გასაცემი საკომპენსაციო თანხის ოდენობის დამტკიცების შესახებ” და არ შეაფასა ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წერილი, რომელთა სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად სასამართლო უნდა დარწმუნებულიყო, რომ მხარეს ჰქონდა კანონიერ მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოდან კომპენსაციის მიღების, იგი გახდებოდა გადახდისუნარიანი, რაც საფუძველს ქმნიდა სსსკ-ის 48-მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებისათვის.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო ესარგებლა ინკვიზიციურობის პრინციპით და დამოუკიდებლად გამოეთხოვა ან მხარისაგან მოეთხოვა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა მისი ქონებრივი ან ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. იმის დასადასტურებლად, რომ იგი წარმოადგენდა სსსკ-ის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის სუბიექტს, თუკი მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (საპენსიო მოწმობა და ადმინისტრაციული ორგანოდან მისი გადახდისუნარიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება) არ მიაჩნდა საკმარის მტკიცებულებად გადახდისუუნარობის დასადასტურებლად.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 284-ე, 83-ე და 215-ე მუხლები, რომელთა სამართლებრივი ანალიზის შესაბამისადაც მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე სასამართლოს უნდა გამოეტანა დასაბუთებული განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ კი ისე დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად რომ არსებითად არ უმსჯელია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან განაწილვადების თაობაზე აღძრულ შუამდგომლობაზე.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სადავო განჩინების ჩაბარების შემდეგ კერძო საჩივრის წარდგენის ვადის გასვლამდე აიღო სესხი 200 ლარის ოდენობით და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი მზადაა გადაიხადოს სააპელაციო საჩივრისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს რომ არ დაეკმაყოფილებინა მისი შუამდგომლობა, ამ შემთხვევაშიც სპს მიმართავდა უკიდურეს ზომას. რაც შეეხება სპს-ს მეორე პარტნიორს, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ იგი არის ა. Uუ-ა - მისი მეუღლე და მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს აპელანტისათვის არ მოუთხოვია (კერძო საჩივარს ერთვის ქორწინების მოწმობის ასლი და ა. U-ას საპენსიო მოწმობის ასლი).

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო სადავო განჩინებით ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას სასამართლო ხარჯების გათავისუფლების შესახებ საქმეებზე ¹ას-74-521-05; ¹ას-1099-1255-08; ¹ას-157-485-09 და ¹ას-1094-1358-09. მითითებულ საქმეებში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში უნდა იმსჯელოს აპელანტების შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების შესახებ და ისე გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ იურიდიული პირების მიმართ დასაშვებია მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან მათი ოდენობის შემცირება. საკასაციო სასამართლომ სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლების მხოლოდ ეს ორი მექანიზმი დაადგინა იურიდიული პირებისათვის, რაც კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ გამოყენებული იქნა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინება, რომ არ უმსჯელია აღნიშნულ შუამდგომლობაზე, რითაც იგი ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მითითებულ პრაქტიკას.

კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული სადავო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რაც კერძო საჩივრის მითითებით, მისი გაუქმების საფუძველია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” წარმომადგენლის ლ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეების წარმოების წესს განსაზღვრავს საპროცესო კანონმდებლობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

სსსკ-ის 38-ე მუხლის “ვ” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე მხარეს ევალება სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, მხოლოდ გარკვეული პირობების დაცვით და ამა თუ იმ გარემოებების არსებობისას, სახემწიფო ბაჟის რიგ შემთხვევაში წინასწარ, რიგ შემთხვევაში საერთოდ გადაუხდელობამ არ დააბრკოლოს მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და მას არ წაერთვას უფლების პროცესუალური საშუალებით დაცვის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამდენად, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გადაუვადოს მხარეს სასამართლო ხარჯების გადახდა, მაგრამ მითითებული ნორმით დადგენილი შეღავათის გავრცელების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარის გადახდისუუნარობა დადასტურებული იქნება მის მიერ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენით.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ აპელანტის – სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” წარმომადგენელის ლ. ბ-შვილის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (ლ. ბ-შვილის საპენსიო მოწმობა და ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წერილი იმის თაობაზე, რომ მერია მზად არის დემონტირებული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” აუნაზღაუროს საკომპენსაციო თანხა) დადასტურებულად არ მიიჩნია საზოგადოების გადახდისუუნარობის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო არაერთხელ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ როგორც საზოგადოების, ისე მისი, როგორც ფიზიკური პირის გადახდისუუნარობას და თუ სააპელაციო სასამართლოს არ მიაჩნდა საკმარის მტკიცებულებად, სასამართლოს უნდა დაევალებინა აპელანტისათვის ქონებრივი და ეკონომიური მდგომარეობის შესახებ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა ან საკუთარი ინიციატივით შეეგროვებინა ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215.1 მუხლის შესაბამისად, მხარე ვალდებულია დაასაბუთოს აღძრული შუამდგომლობა, უნდა მიუთითოს არგუმენტაცია დასმულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტს არ განუხორციელებია, მან წარადგინა მხოლოდ საპენსიო მოწმობა და ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წერილი იმის თაობაზე, რომ მერია მზად არის დემონტირებული შენობა-ნაგებობის სანაცვლოდ სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” აუნაზღაუროს საკომპენსაციო თანხა და არ მიუთითებია გადახდისუუნარობის დამადასტურებელ გარემოებებზე, ან რა ვადა ესაჭიროებოდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ საკასაციო სასამართლოში არსებობს პრაქტიკა რიგ სასამართლო დავებში მხარეებისათვის სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე, საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული განჩინებები მართალია, ადასტურებს, რომ სხვადასხვა დავაზე კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის საბოლოო განხილვამდე, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული ამ დავაში მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად და მათ ვერ მიენიჭებათ პრეცედენტული ხასიათი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ შემთხვევაში, მხარის შუამდგომლობები საზოგადოების გადახდისუუნარობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან განაწილვადების თაობაზე, უნდა დადასტურებულიყო ამავე საზოგადოების ან მისი პარტნიორების საფინანსო და ქონებრივ-უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი სათანადო დოკუმენტაციით, რაც მხარის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოში შუამდგომლობების აღძვრისას და ვერც კერძო საჩივარში ვერ იქნა უზრუნველყოფილი. (კერძო საჩივარს ერთვის სპს ,,ლ. B-შვილი და ...“ მეორე პარტნიორის – ა. U-ას საპენსიო მოწმობა).

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (გადაწყვეტილებაში _ საქმეზე ს/კ “...” საქართველოს წინააღმდეგ), დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის დარღვევა, რაც გამოიხატა სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე დაუსაბუთებელი უარის თქმით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ განავითარა მსჯელობა, რომ ბაჟის გადახდის აუცილებლობა საქმის განხილვის დასაწყებად, არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა, რაც არ შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილს. მიუხედავად ამისა, ამგვარი ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადამხდელუნარიანობას, ასევე განხილვების სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა. უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ევროპულ სასამართლოს არ დაუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობო გათავისუფლების ან გადავადების აუცილებლობა, იგი უთითებს მხოლოდ სათანადო მტკიცებულებებით მხარის გადახდისუუნარობის დადასტურების პირობებში ამგვარი შეზღუდვის დაწესებაზე უარის თმქას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებული სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, ვერ დაასაბუთა აღძრული შუამდგომლობა, რა პირობებშიც სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა გაეთვალისწინებინა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დამატებითი საპროცესო ვადის განსაზღვრით მიეცა მხარისათვის შესაძლებლობა აღმოეფხვრა ხარვეზი.

საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება სრულად შეიცავს აღნიშნული ნორმით დადგენილი გადაწყვეტილების (განჩინების) შინაარსს, მასში ასახულია სამართლებრივი შეფასება, იმასთან დაკავშირებით, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების გამომრიცხავ გარემოებას. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის საფუძველს, აღნიშნული მითითებულია ხარვეზის შესახებ სასამართლო განჩინებაში, ხოლო მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის დაუსაბუთებლობა და მითითებული ხარვეზის გამოუსწორებლობა გახდა კიდეც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპს ,,ლ. ბ-შვილი და ...” წარმომადგენლის ლ. ბ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე