Facebook Twitter

საქმე ბ-1022-9(ა-12) 8 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. გ-ის განცხადებების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრისა და 30 სექტემბრის განჩინებების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დასაშვებობის საკითხი.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინება; კერძო საჩივრის ავტორს – გ. გ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2012 წლის 29 მაისს საკასაციო სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოიგზავნა გ. გ-ის 2012 წლის 24 მაისის განცხადება, რომლითაც განმცხადებელმა მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრისა და 30 სექტემბრის განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, ყველა ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედებები. რაც გამოიხატა იმაში, რომ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 დეკემბრის განჩინება. საკასაციო სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ისეთი განჩინება მიიჩნია კანონიერად და უცვლელად დატოვა, რომელშიც არ იყო მითითებული და დასაბუთებული, თუ რატომ არ ეკუთვნოდა მას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება ან ბაჟის გადახდის გადავადება. რითაც, საკასაციო სასამართლოს მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებაა ჩადენილი, არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ პატიმარი 7 დღის ვადაში ვერ შეძლებდა ხარვეზის შევსებას და მით უფრო სახელმწიფო ბაჟის გადახდას. შესაბამისად, განმცხადებელი – გ. გ-ე ითხოვს საქმეში არსებული დოკუმენტების საფუძველზე გათავისუფლებული იქნეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ გათავისუფლების შემთხვევაში გადაუვადდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მისი სარჩელი წარმოებაში იქნეს მიღებული და საქმის განხილვა მოხდეს მისი თანდასწრებით, რათა მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მტკიცებულებები და ასევე, სასამართლომ იმსჯელოს უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე.

2012 წლის 1 ივნისსა და 6 ივნისს საკასაციო სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოიგზავნა გ. გ-ის 2012 წლის 30 მაისისა და 5 ივნისის განცხადებები, რომლებშიც იმავე საფუძვლებზე მითითებით, რაზედაც განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებაში მიუთითებდა და დამატებით აღნიშნავდა, რომ არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები სადავო საკითხის მოგვარებაში ხელისშეწყობის მიზნით, რისი მტკიცებულებებიც არის საქმის მასალებში. იგი დააპატიმრეს 2010 წლის 17 დეკემბერს ბინაზე საფოსტო გზავნილის უკანონოდ აღებისათვის. მისი პატიმრობა გამოწვეულია სარჩელში აღნიშნული მოპასუხეების უკანონო ქმედებებით, არ არის სასამართლოების მიერ შემოწმებული საჯარო რეესტრში ბინის გადაფორმების კანონიერება. მისი დაპატიმრების პერიოდში თ. მ-ემ თვითნებურად დაიკავა მისი ბინა, განადგურებულია ბინაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები და სასამართლოებს ამაზე არ უმსჯელიათ. ბინაში უკანონოდ შეღწევის ფაქტზე რეაგირების მიზნით განცხადებით მიმართა რაიონულ პროკურატურას, პოლიციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც დაურთო განცხადებას. 2012 წლის 14 თებერვალს განცხადებით მიმართა პრეზიდეტს ზემოაღნიშნული დარღვევებზე რეაგირებისათვის, რაზედაც პასუხი არ მიუღია. ასევე, პატიმრობის პერიოდში მიმართა სახელმწიფოს ყველა დაწესებულებას, მაგრამ უშედეგოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლებას, სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლებას ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, მიღებული იქნას მისი სარჩელი წარმოებაში, სარჩელი განხილული იქნას მისი დასწრებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, აეკრძალოს თ. მაგრაქველიძეს გარკვეული მოქმედებების შესრულება ბინასთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ გ. გ-ის განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 27 სექტემბრისა და 30 სექტემბრის განჩინებების ასლები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულებას გ. გ-ისათვის გადასაცემად გაეგზავნა 2011 წლის 25 ნოემბერს. 2011 წლის 5 დეკემბერს საკასაციო სასამართლოში შემოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹8 დაწესებულების კანცელარიის მიერ გადმოგზავნილი ¹8 საპყრობილის პატიმრის – გ. გ-ის ხელწერილი გასაჩივრებული განჩინებების ჩაბარების თაობაზე, რომლის თანახმად მითითებული განჩინებები განმცხადებელს ჩაბარდა - 2011 წლის 1 დეკემბერს (ხელწერილის ასლი ერთვის განჩინებას), ხოლო საკასაციო სასამართლოში 2012 წლის 29 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი იქნა გ. გ-ის 2012 წლის 24 მაისის განცხადება საკასაციო სასამართლოს განჩინებების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ დარღვეულია საქმის წარმოების განახლებისათვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი განჩინებების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

ასევე, გ. გ-ის განცხადებები არ პასუხობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად დადგენილ მოთხოვნებს და განმცხადებლის მიერ არ არის მითითებული ის გარემოებები, რაც ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, შექმნიდა კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების პროცესუალურ წინაპირობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 429 მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 427-ე, 399-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის განცხადებები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრისა და 30 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე