ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველდ დატოვების თაობაზე
ბს-557-5(ა-12) 4 ივნისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა., მ., ი. და ზ. ვ-ეების განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა., მ., ი. და ზ. ვ-ეების საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
ა., მ., ი. და ზ. ვ-ეებმა 2012 წლის 20 მარტს განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მათი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვეს. აღნიშნული განცხადება საკასაციო სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით ა., მ., ი. და ზ. ვ-ეებს დაევალათ ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდის ქვითარი, ცნობა იმის შესახებ, თუ როდის ჩაბარდათ მათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება და მათ მიერ ხელმოწერილი განცხადება იმდენ ასლად რამდენი მონაწილეც არის საქმეში ან წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. განმცხადებლებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ა., მ., ი. და ზ. ვ-ეებმა 2012 წლის 29 მაისს ხარვეზის გამოსწორების მიზნით განცხადება წარმოადგინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომელსაც დაურთეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მ. ვ-ის განცხადება, ჟ. ლ-ის სახელზე გაცემული მინდობილობები და ფოსტის რეესტრების (ფ. ¹8) ასლები.
განმცხადებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება პირადად ჩაიბარა ზ. ვ-ემ და მ. ვ-ემ, ხოლო ა. და ი. ვ-ეების სახელზე გაგზავნილი განჩინების ასლები ჩაიბარა მ. ვ-ემ. ა. ვ-ეს მ. ვ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება 2012 წლის 18 თებერვალს გადასცა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ა. ვ-ე არ არის მ., ზ. და ი. ვ-ეების ოჯახის წევრი, ისინი ნათესავები არიან და ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ყველა მოსარჩელის (კასატორის) მოთხოვნა ეხება სხვადასხვა ფართს. განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ი. ვ-ეს პირადად არ ჩაბარებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრისა და 14 ნოემბრის განჩინებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა., მ., ი. და ზ. ვ-ეების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. იმავე კოდექსის 426-ე მუხლის შესაბამისად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 მუხლის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებულ მისამართზე. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება ა., მ., უ. და ზ. ვ-ეებს 2011 წლის 27 დეკემბერს გაეგზავნათ ¹820, ¹822, ¹821 და ¹823 შეტყობინებებით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ...). აღნიშნული გზავნილების ადრესატებისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მათ მიერ წარმოდგენილი და შპს “...” მიერ გამოგზავნილი მტკიცებულებებით (ფორმა ¹8) დასტურდება, რომ მ. ვ-ისათვის გაგზავნილი შეკვეთილი წერილი ¹822 ადრესატს ჩაბარდა 2011 წლის 30 დეკემბერს, ი. ვ-ის სახელზე გაგზავნილი ¹821 შეკვეთილი წერილი 2011 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა მ. ვ-ეს, ზ. ვ-ის სახელზე გაგზავნილი ¹823 შეკვეთილი წერილი 2011 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატს ზ. ვ-ეს და ა. ვ-ისათვის გაგზავნილი ¹820 შეკვეთილი წერილი 2011 წლის 30 დეკემბერს ჩაბარდა მ. ვ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71.1 და 74-ე მუხლების შესაბამისად, რაც დგინდება ხელმოწერების ქვეშ მითითებული პირადი ნომრებით, კერძოდ, მ., ი. და ა. ვ-ეებისათვის გაგზავნილი შეკვეთილი წერილების მიღებაზე ხელს აწერს მ. ვ-ე პირადი ნომრის _ ... მითითებით. ზ. ვ-ისათვის გაგზავნილი შეკვეთილი წერილის მიღებაზე ხელს აწერს ადრესატი ზ. ვ-ე პირადი ნომრის _ ... მითითებით. განცხადების ავტორები არ უარყოფენ და ადასტურებენ, რომ მ. ვ-ემ ჩაიბარა მისთვის, ი. და ა. ვ-ეებისათვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების შემცველი საფოსტო გზავნილი ისე, რომ სასამართლოს უწყების ჩამბარებლისათვის არ განუმარტავს, რომ არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალიწინებული სუბიექტი და გზავნილის ჩაბარებაზე არაუფლებამოსილი პირი. გზავნილის მიღებით კი მ. ვ-ეს დაეკისრა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება სასამართლო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატებისათვის. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც კასატორები ერთ მხარეს მონაწილე სუბიექტებს წარმოადგენენ და საკასაციო საჩივარში მითითებული ჰქონდათ ერთი მისამართი - ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ..., სადაც გაეგზავნათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების ასლები. საგულისხმოა, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებშიც ხშირ შემთხვევაში მ. ვ-ე იბარებდა ი., ა. და ზ. ვ-ეებისათვის გადასაცემ გზავნილებს (იხ. მაგ. ტ. II, ს.ფ. 96-99) და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გადაწყვეტილებათა ჩაბარების საკითხი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების 2011 წლის 30 დეკემბერს მ. ვ-ისათვის ჩაბარება მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლით გათვალისწინებული ადრესატების _ ა. და ი. ვ-ეებისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელ მტკიცებულებად. შესაბამისად ა., მ., ი. და ზ. ვ-ეებისათვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 2011 წლის 31 დეკემბერს დაიწყო და 61-ე მუხლის შესაბამისად 2012 წლის 31 იანვარს 24 საათზე ამოიწურა, ხოლო ა., მ., ი. და ზ. ვ-ეებმა 2012 წლის 16 მარტს ჩააბარეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შპს “...” ხელვაჩაურის განყოფილებას, რითაც ერთი თვითა და 16 დღით გადააცილეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებულ განცხადების წარდგენის ერთ თვიან ვადას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა., მ., ი. და ზ. ვ-ეების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. ვ-ეს 2012 წლის 25 მაისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებისათვის _ 100 (ასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 426-ე 429-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა., მ., ი. და ზ. ვ-ეების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ. ვ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 25 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (საიდენტიფიკაციო კოდი ...) 100 (ასლი) ლარის ოდენობით; (მიმღები _ ს.ს. ბანკი “...” ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის #GE79 BR00 0000 0033 0500 01, დებეტი ანგარიშის #90001003000000).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე