Facebook Twitter

¹ბს-430-425(გ-12) 12 ივნისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 18 ნოემბერს შ. ჭ-იამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის ¹156882 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ბათილად ცნობა და სოფ. ..., მდებარე 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება (ს.ფ. 1-10).

დაზუსტებული სარჩელით შ. ჭ-იამ მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის ¹156882 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 სექტემბრის ¹882011448651-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ნოემბრის ¹882011 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სოფ. ..., მდებარე 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება (იხ. ს.ფ. 45-54).

2012 წლის 20 თებერვალს ხარვეზის შევსების მიზნით დაზუსტებული სარჩელი წარმოადგინა შ. ჭ-იას წარმომადგენელმა, სადაც მოპასუხედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიუთითა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა არ შეუცვლია (იხ. ს.ფ. 90-99).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით შ. ჭ-იას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

საქალაქო კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს. ამ საერთო წესის მიხედვით ხდება ნებისმიერი სარჩელის (განცხადების) აღძვრა სასამართლოში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს მითითებით, გამონაკლისს წარმოადგენს ამ საერთო წესიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 და 24-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.

მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოდ მოსარჩელე მიუთითებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის ¹156882 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 სექტემბრის ¹882011448651-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ნოემბრის ¹882011 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სოფ. ..., მდებარე 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავისი უფლებამოსილება განახორციელა ტერიტორიული სამსახურის – გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელსაც გარდაბნის რაიონი წარმოადგენს.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასთან და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ნივთის სარეგისტრაციო ზონა არის გარდაბნის რაიონი, სარჩელი დავის საგნიდან გამომდინარე, ნივთობრვი განსჯადობის შესაბამისად, გარდაბნის რაიონული სასამართლოს განსჯადია (იხ. ს.ფ. 150-193).

გარდაბნის რაიონული სასამართლო 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹4173-რს დადგენილებით ,,ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ”, გარდაბნის რაიონი სოფ. ... მოქცეულია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ (ისანი-სამგორის რაიონი) საზღვრებში, შესაბამისად, რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 197-199).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შ. ჭ-იას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება განსახილველ დავაში მოპასუხეებს წარმოადგენენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო დავის საგანს _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის ¹156882 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 სექტემბრის ¹882011448651-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ნოემბრის ¹882011 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სოფ. ...., მდებარე 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს განხორციელებული რეალაქტები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო რეალაქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას, რომ სარჩელის დავის საგანია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 18 ოქტომბრის ¹156882 გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 20 სექტემბრის ¹882011448651-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ნოემბრის ¹882011 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სოფ. ... მდებარე 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება და სადავო ნივთის სარეგისტრაციო ზონა არის გარდაბნის რაიონი, მაგრამ ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული დავის განხილვა, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სამართალურთიერთობას ეხება, წარმოადგენს იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის ტერიტორიულ იურისდიქციის სფეროშიც შედის მოცემული ქონება და აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია გარდაბნის რაიონული სასამართლო განსჯად სასამართლოდ, ვინაიდან, ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად, სოფ. ... ქ. თბილისის შემადგენლობაში შევიდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები, არამედ, აქტების ავტორი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.

საკასაციო სასამართლო დამატებით დასძენს, რომ თვით განსაკუთრებული განსჯადობის (რომლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში არასწორია) პირობებშიც კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმის განსჯადობის თაობაზე დასკვნა არასწორია, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია – ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებების – უძრავი ნივთის სარეგისტრაციო ჩანაწერების კანონიერება, რა დროსაც, საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის შესაბამისმა სასამართლო ორგანომ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ჭ-იას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/პ. სილაგაძე/