საქმე ¹ბს-1015-1007(კ-11) 18 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, წარმომადგენელი მ. ს- (01.09.11წ. მინდობილობა ¹01/11-0810)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი მ. ბ-ი (04.04.12წ. მინდობილობა ¹06/130174-7); სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი ო. ნ-ი (03.07.12წ. მინდობილობა ¹07-13/7281)
მესამე პირი _ ა. ა-ი, წარმომადგენელი თ. ჯ-ე (17.04.12წ. რწმუნებულება ¹120390396)
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 23.04.10წ. №01/770 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული ¹ნ/873-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერის 30.08.10წ. №3738 განკარგულების ბათილად ცნობა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 23.04.10წ. №01/770 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №ნ/873-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე ა. ა-ი მშენებლობას აწარმოებდა ქ. თბილისში, ... გამზ. 1-ისა და ... გამზ. №36-ის მიმდებარედ. აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაირღვა „მშენებლობის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09 წ. №57 დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები, რამდენადაც არ იქნა გათვალისწინებული, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნიდა ამხანაგობა „...“ საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ... გამზ. 1-ში მდებარე სახლს, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, სადავო აქტების გამოცემისას არ გამოკვლეულა რა შესაძლო შედეგები მოჰყვებოდა განხორციელებულ მშენებლობას, განსაკუთრებით მიწის სამუშაოებსა და ფუნდამენტის მოწყობას, რაც უნდა გაეთვალისწინებინა არქიტექტურის სამსახურს და მიეთითებინა ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების ღონისძიებების განხორციელებაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, ქ. თბილისის მერიის 30.08.10 წ. NN3738 განკარგულებით მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 23.04.10წ. №01/770 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული №ნ/873-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.11.10წ. განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ა. ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.11წ. გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დამკვეთს ა. ა-ს “მშენებლობის ნებართვების გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 24.03.09 წ. ¹57-ე დადგენილების 26.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო შეფასება მშენებლობის ნებართვის მოპოვების მიზნით წარდგენილი ჰქონდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის. სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს საკუთარი ხარჯებით ნებაყოფლობითი საექსპერტო შეფასების ჩატარების უფლება აქვს მხოლოდ წარმოდგენილი საექსპერტო შეფასების სისწორეზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს მთავრობის 24.03.09 წ. ¹57-ე დადგენილების 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ დაურღვევია, რამდენადაც ახალი მშენებლობისას არსებულ შენობა-ნაგებობაზე ზემოქმედების შეფასება განხორციელებულია. შენობა-ნაგებობის მდგრადობის გამოკვლევა ხდება იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მათ მგდრადობაზე და ამასთან, დამკვეთია ვალდებული არ დაუშვას მისი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციის დეფორმაცია-დაზიანება.
საქალაქო სასამართლომ მრავალფუნქციური მრავალსართულიანი შენობის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე დასკვნა-რეკომენდაციის არსებობის პირობებში ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი, რომ ა. ა-ის მიერ დაგეგმილმა სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ მდგრადობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ.მ.ა. ,,...” მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11წ. განჩინებით ამხანაგობა ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.11წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. სააპელაციო პალატამ სსიპ კ. ზ-ევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსიტიტუტის 13.08.10 წ. ¹311 0207 წერილსა და საქმის სხვა მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... გამზ. 1-სა და ... გამზ. ¹36-ს შორის არსებულ მიწის ნაკევთზე მშენებლობა მიმდიანრეობს სამშენებლო ნორმების დაცვით და არ შეიძლება წარმოადგენდეს მომიჯნავედ არსებული შენობა-ნაგებობისათვის საფრთხის შემცველს. მშენებლობის მომიჯნავედ არსებული სახლის ავარიულობით არ დასტურდება, რომ მიმდინარე მშენებლობით ადგება მას ზიანი და აღნიშნული არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდებოდა მშენებლობის შესაძლო შედეგები. ამასთან, სასამართლოს არ დაუდგენია შეფასდა თუ არა ადმინისტრაციული წარმოებისას მშენებლობის მომიჯნავედ, ... გამზ. ¹1-ში მდებარე მწვავე ავარიულ შენობაზე მშენებლობის ზემოქმედების ხარისხი. სასამართლომ დასკვნა-რეკომენდაციის სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება. კასატორი არ ეთანხამება სააპელაციო პალატის მიერ სსიპ კ. ზ-ევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსიტიტუტის 13.08.10 წ. 311 0207 წერილზე მითითებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების 26-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს საექსპერტო დასკვნა და არა წერილი, რომელიც ატარებს ინფორმაციულ ხასიათს. სააპელაციო პალატამ არ შეაფასა ის გარემოება, რომ არ არსებობდა ახალი მშენებლობის ზემოქმედების შეფასების თაობაზე დასკვნა და პროექტში გასათვალისწინებელი აუცილებელი პირობები. ასევე არ იმსჯელა კეთილმოწყობის სამსახურის მითითებაზე, რომელიც განსაზღვრავდა პროექტში გასათვალისწინებელ კონკრეტულ გარემოებებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.02.12 წ. განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ბმა „...“ საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.04.10წ. №01/770 სადავო ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ... გამზ. №1-სა და გამსახურდიას გამზ. №36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებს შორის, მესამე პირის – ა. ა-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა №ნ/873-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მოსარჩელეებმა - ქ. თბილისში, ... გამზ. №1-ის მაცხოვრებლებმა მიიჩნიეს, რომ მშენებლობა საფრთხეს შეუქმნიდა მათ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საცხოვრებელ სახლს. საცხოვრებელი კორპუსის ავარიულობის ფაქტი დასტურდებოდა კ. ზ-ევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 09.07.10წ. №259 02-07 დასკვით, რომლის მიხედვით ტერიტორია, სადაც მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლია განთავსებული, სახლის აშენებამდე იყო დაჭაობებული, შენობას არ გააჩნდა სადრენაჟო სისტემა, ექსპლუატაციის პერიოდში ამორტიზებული წყალგამტარი საინჟინრო კომუნიკაციებიდან, საქვაბიდან განაჟონი წყლებით პერიოდულად სველდებოდა ახლომდებარე ნაგებობის სარდაფები და ფუძე-გრუნტები, რის გამოც აუცილებელი გახდა ამ ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის მთლიანი დაშლა, ხოლო საკვლევი ობიექტის საძირკვლებისა და კონსტრუქციების გაძლიერება. ეზოს ფასადის მხრიდან ლიფტის მოსაწყობად ყველა სართულზე გრძივ მზიდ კედლებში ღიობების მოწყობის შედეგად შეიცვალა კედლების საწყისი სიხისტეები. დასკვნაში ასევე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში რეგიონში მიმდინარე ინტენსიურმა მშენებლობებმა დაამძიმა სიტუაცია, გადაიტვირთა წყალმიმღები საინჟინრო ქსელები და კომუნიკაციები. ამდენად, სახლის ტექნიკური მდგომარეობის არადამაკმაყოფილებლად შეფასების შედეგად ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ შენობაზე არსებული ბზარების სიდიდეები და დროში გახსნილობა პროგრესირებადი იყო, რაც დაზიანებული შენობისათვის საშიშროებას წარმოადგენდა, დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო იყო გარკვეული გამოკვლევების ჩატარება და შენობის აღდგენა-გაძლიერებისათვის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მრავალფუნქციური შენობის პროექტისა და სანებართვო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელეებმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მერიას, მერის 30.08.2010წ. №3738 განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებს უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ქ. თბილისში, ... გამზ. №1-ის მაცხოვრებელთა სახელით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელი აღძრა მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც მათ მიერ გამოცემული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნიდა ავარიულ სახლს, რის გამოც ა. ა-ის სახელზე გაცემულ სანებართვო პირობებში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სახლის გამაგრებითი ღონისძიებების განხორციელება.
საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნებით დასტურდება და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ... გამზ. №1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი მწვავე ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას. რაც შეეხება მრავალფუნქციური ობიექტის განსახორციელებელ მშენებლობას, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის პროექტს გავლილი ჰქონდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების 26.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო საექსპერტო შეფასებები. საქმეში დაცულია ექსპერტიზის დასკვნები მრავალფუნქციური მრავალსართულიანი შენობის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, ასევე სამშენებლო უბნის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების ტექნიკური ანგარიშის შესახებ. აღნიშნული დასკვნების შესაბამისად, პროექტით გათვალისწინებული შენობის მდგრადობა და მედეგობა აკმაყოფილებდა მოქმედ სამშენებლო ნორმებს, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები და ტექნიკური დოკუმენტაცია შედგენილი იყო სამშენებლო ნორმების შესაბამისად და პროექტს მიეცა რეკომენდაცია დასამტკიცებლად.
საქმეში დაცული მრავალფუნქციური შენობის პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა-რეკომენდაციის მიხედვით, ექსპერტს დაევალა მშენებარე შენობის ზეგავლენის დადგენა ქ. თბილისში, ... ქ. №1-სა და გამსახურდიას ქუჩებზე არსებული შენობის მიმართ. ექსპერტის მითითებით, პროექტირებადი შენობის ხიმინჯოვანი საძირკვლები დაფუძნებული იყო ნახევრად კლდოვან ქანებზე, რომლებიც ფაქტიურად დეფორმაციას არ განიცდიდა და დეფორმაციის თვალსაზრისით არ წარმოადგენდა საშიშროებას არსებული შენობა-ნაგებობების მიმართ. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო შეფასებებით არ დასტურდება ობიექტის მშენებლობით საცხოვრებელი კორპუსისათვის მავნე ზემოქმედების მოხდენის საშიშროება. კასატორის მითითება საქმეში წარმოდგენილ ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 06.09.10წ. წერილზე, რომლის მიხედვით, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა უარყოფითად იმოქმედებს ავარიული სახლის მდგომარეობაზე, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. მართალია წერილის შედგენის დროს მოქმედი ქ. თბილისის მერის 29.12.10წ. №34 ბრძანებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კეთილმოწყობის სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზანს შეადგენდა ქ. თბილისის ავარიული შენობა-ნაგებობების მონიტორინგი, აღდგენა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფა, მაგრამ ხსენებული წერილიდან არ დგინდება თუ რა კვლევას ემყარება მოსაზრება სამშენებლო სამუშაოების შესაძლო მავნე ზემოქმედების შესახებ. სამშენებლო საქმიანობაში მხოლოდ საესპერტო შეფასებაზე დაყრდნობით არის შესაძლებელი ზემოქმედების არსებობის შესახებ დასკვნის გაკეთება.
რამდენადაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების 23-ე მუხლის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასება წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შენობა-ნაგებობების მშენებლობის ეტაპების შეფასების საშუალებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ მშენებლობის ობიექტთან მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი კორპუსის არსებობა ქმნიდა სამშენებლო სამუშაოების საცხოვრებელ კორპუსზე ზემოქმედების ზედმიწევნითი გამოკვლევის საჭიროებას, ამ მიმართებით დამატებითი საექსპერტო კვლევის ჩატარების საჭიროებას. არსებული ვითარების გათვალისწინებით საექსპერტო კვლევის საგანი მოცემულ შემთხვევაში უნდა იყოს მშენებლობის უშუალო ზემოქმედების გარკვევა ქ. თბილისში, ... გამზ. №1-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის მიმართ, კვლევის შედეგად უნდა გაირკვეს მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის განხორციელების რომელიმე ეტაპზე საცხოვრებელი სახლისათვის ზიანის შესაძლო მიყენების საფრთხე. ამასთანავე, მშენებარე ობიექტთან მოსაზღვრე საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხი და მისი გამომწვევი მიზეზები დადგენილია შესაბამისი საექსპერტო კვლევების შედეგად და ამ კუთხით დამატებითი კვლევის საჭიროება არ არსებობს. საცხოვრებელ კორპუსსა და ასაშენებელ ობიექტს შორის დაშორების მანძილის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საექსპერტო კვლევის შედეგად უნდა გაირკვეს ახალი მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში ავარიულ სახლზე გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა, მშენებლობის დაწყებამდე გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარების საჭიროება, მით უფრო, რომ ასაშენებელი ობიექტის მხარეს საცხოვრებელი კორპუსის ტორსული კედლის გამაგრებისათვის კონსტრუქციის ინფრასტრუქტურის შექმნის საჭიროებაზე (მაგ., შენობის ტორსული მხარის გასწვრივ ხიმინჯების მოწყობაზე) მითითებას შეიცავს სსიპ კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 13.08.10წ. N31110207 დასკვნა. წარმოდგენილი საინჟინრო გეოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, არსებული შენობის შემდგომი ნორმალური ფუნქციონირებისათვის უნდა შესრულდეს სათანადო კონსტრუქციული გაანგარიშებები, შენობის ამჟამინდელი მდგომარეობა მოითხოვს კონსტრუქციული ღონისძიებების გატარების საჭიროებას (საძირკვლებისა და მზიდი კონსტრუქციების გაძლიერება), ვინაიდან დეფორმაციები დღესაც მიმდინარეობს. ამდენად, დავის სწორი გადაწყვეტა საჭიროებს საექსპერტო კვლევის ჩატარებას, ასეთი კვლევის ჩატარების საჭიროება ემყარება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. №57 დადგენილების 35.5 მუხლს, რომლის მიხედვით, ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში მშენებლობის განხორციელებისას დამკვეთმა, დამპროექტებელმა და მშენებელმა უნდა უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება, რათა გამოირიცხოს მათი მიზეზით მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია: ასეთი ფაქტის დადასტურებისას საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება; იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების დეფორმაციისა და დაზიანების გამოსწორება, ახდენს შესაბამის კომპენსირებას მოსაზღვრე დაზიანებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ამდენად, მოქმედი სამშენებლო ნორმები, მოსაზღვრე ნაგებობების მიმართ ზემოქმედების საშიშროების არსებობის შემთხვევაში, მთელ რიგ ვალდებულებებს აკისრებენ მშენებლობის განმახორციელებელ სუბიექტს. სამშენებლო სამართლის საფუძვლებს წარმოადგენს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი ნორმები და წესები (მიწათსარგებლობის, მშენებლობის პროექტირების, სამშენებლო ობიექტების გამოყენების და სხვ.), რომელთა შესრულებაც მშენებლობის პროექტირებისას და ცალკეული ეტაპების განხორციელებისას უზრუნველყოფს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ობიექტის მშენებლობის მოსაზღვრე ნაგებობაზე შესაძლო ზემოქმედების დადგენას, რაც საჭიროებს სათანადო კვალიფიციურ საექსპერტო შეფასებებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას, სსსკ-ის 162-ე მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა დანიშნოს დამატებითი სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო შეფასებები არ არის საკმარისი დავის გადაწყვეტისათვის. საკასაციო პალატა თვლის, რომ დავის გადაწყვეტა საჭიროებს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.11წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
2.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნ. სხირტლაძე/
მოსამართლეები: /ლ. მურუსიძე/
/ნ. ქადაგიძე/