Facebook Twitter
saqme #bs-1211-1197(k-11)

საქმე #ბს-1211-1197(კ-11) 25 ივლისი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – გ. ბ-ე, წარმომადგენელი - ნ. გ-ე (11.05.2009 წ. მინდობილობა)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, წარმომადგენელი ს. ბ-ე (31.05.2011 წ. #06/22557-16/7 მინდობილობა); ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი გ.კ-ე (02.04.2012 წ. #07-16/3774 მინდობილობა).

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2011წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ბ-ემ 07.03.11წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.12.10წ. #000267 დადგენილების და ქ. თბილისის მერიის 17.02.11წ. #268 განკარგულების ბათილად ცნობის, ასევე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.

გ. ბ-ემ აღნიშნა, რომ ჯ. ხ-თან ერთად 24.01.08წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი. გ-ისგან შეიძინა ქ. თბილისში, ... ქ. #21-ში მდებარე კერძო სახლი, რომელიც საკუთრებაში დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ სახლი იყო ავარიული - 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაზიანებული, ხოლო ფასადის წინა მხარე დაზიანებული იყო მიწისძვრამდეც. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ აღნიშნული სახლის შეძენამდე, სახლში ცხოვრობდნენ ,,ატსტუპნიკები", რომლებსაც დაწყებული ჰქონდათ სახლის წინა მხარის აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდებოდა აღმასკომის 08.06.89წ. #11.31.298 გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის თანახმად, უნდა მომხდარიყო დანგრეული ბინის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. სახლის აღდგენა დაწყებული იყო 2002 წელს, მაგრამ მიწისძვრის შედეგად დაუმთავრებელი მშენებლობა ისევ დაინგრა, ხოლო უსახსრობის გამო მშენებლობა ვეღარ დასრულდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის მიერ სახლის შეძენის შემდეგ, 10.02.09წ. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ი. გ-ის მიმართ გამოსცა მიწერილობა, შეადგინა შემოწმების აქტი, ხოლო მოგვიანებით მიიღო დადგენილება მისი დაჯარიმების შესახებ. აღნიშნული დადგენილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის კანონიერ ძალაში შესული 28.04.10წ. გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 29.06.09წ. #00000958 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 10.09.09წ. #1192 განკარგულება. სასამართლოს ამგვარ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ი. გ-ის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადის გაშვება. ამის შემდგომ, 19.10.10წ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გამოსცა მითითება გ. ბ-ის მიმართ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის, იგივე ფაქტზე, რაზეც გამოცემული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ი. გ-ის მიმართ. 01.11.10წ. გამოიცა შემოწმების აქტი, ხოლო 13.12.10წ. #000267 დადგენილებით მოსარჩელე უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის დაჯარიმდა 10000 ლარით და მიწერილობის შეუსრულებლობისათვის 3000 ლარით. აღნიშნული დადგენლება გ. ბ-ემ გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში, მაგრამ მერიის 17.02.11წ. #268 განკარგულებით ადმინისტრაცილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.03.11წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 24.03.09წ. #57 დადგენილების 3.74 მუხლზე, რომლის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ. ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის 2.2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, მოცემული კანონის მოქმედება ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, იმ შემთხვევაში როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. სასამართლომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ კანონმდებლობით განისაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც უნდა გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული სანქციები სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ საქმეზე დადგენილი არ არის მშენებლობის მწარმოებელი პირი და ასეთ შემთხვევაში, კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს პასუხიმგებლობის დაკისრებას მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე, რომელსაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროისათვის წარმოადგენდა გ. ბ-ე. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ მშენებლობა ნაწარმოები იყო ,,ატსტუპნიკების" მიერ, რამდენადაც მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მხარეს ადმინისტრაციული წარმოებისა და სამართალწარმოების ეტაპზე არ წარუდგენია. ამასთან, აღნიშნული გარემოება არც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.10წ. გადაწყვეტილებით ყოფილა დადგენილი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მშენებლობა ნაწარმოები იყო სათანადო ნებართვის საფუძველზე და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლებოდა ამგვარ ნებართვად, მით უფრო არ დასტურდებოდა, რომ ნაწარმოები მშენებლობა ემსახურებოდა გადაწყვეტილებაში მითითებული კონკრეტული საცხოვრებელი ოთახების ავარიული კედლების აღდგენას. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.03.11წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. #21-ში მდებარე გ. ბ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, მშენებლობის სათანადო ნებართვის, შეთანხმებული პროექტისა და სხვა სამშენებლო დოკუმენტების არსებობის გარეშე. ამასთან, არ დგინდებოდა სამართალდამრღვევის ჩამდენი პირი, რის გამოც `ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონის 2.2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის თანახმად, კანონშესაბამისი იყო აღნიშნული კანონის მოთხოვნების გავრცელება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ განხორციელებული მშენებლობის კანონიერად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულად არ ჩათვალა ქ. თბილისის ისნის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 05.09.1990 წ. #2052.231 გადაწყვეტილება, ამავე რაიონის გამგეობის მიმოწერა მობინადრეებთან და ი/მ დამოუკიდებელი ექსპერტის `დ. რ-ის~ მიერ 18.04.11წ. შედგენილი საექსპერტო დასკვნა, ვინაიდან აღნიშნულით არ დასტურდებოდა, რომ აპელანტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ განხორციელებულა მშენებლობა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ იგი არ არის მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამასთან, დადგენილია რომ, მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის სახლში ცხოვრობდნენ ,,ატსტუპნიკები", რომლებსაც დაწყებული ჰქონდათ სახლის წინა მხარეს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც ბოლომდე არ იყო მიყვანილი. მშენებლობა განხორციელდა აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავის მე-8 პუნქტი, რომლის საფუძველზეც სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები. კასატორის მითითებით, მოცემულ სამართალდარღვევაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2009 წელს მიიღო საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება და მის მიმართ დაწყებული საამშენებლო სამართალდარღვევის საქმე ექვემდებარებოდა შეწყვეტას. ამასთან, მოპასუხე მხარე ი. გ-ის სარჩელის განხილვის ეტაპზე ამტკიცებდა, რომ მშენებლობის მწარმოებელ პირს წარმოადგენდა ეს უკანასკნელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ი. გ-ის მიმართ შეწყდა სამართალდარღვევის საქმის წარმოება იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გაშვებული ჰქონდა დაჯარიმების 2-თვიანი ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.11.11წ. განჩინებით გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცილ საქმეთა პალატის 09.06.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

s a m o t i v a c i o n a w i l i:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 19.10.2010 წ. შედგენილ იქნა მითითება #000267(ტ.1,სფ.22), რომლითაც გ. ბ-ეს მიეცა წინადადება 10 დღის ვადაში დარღვევის გამოსწორების მიზნით მოეხდინა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტი მოეყვანა პირვანდელ მდგომარეობაში, კერძოდ განეხორციელებინა ობიექტის დემონტაჟი. საქმეზე დადგენილია აგრეთვე, რომ 01.11.2010 წ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოხდა მითითების შესრულების შემოწმება, რომლითაც დადგინდა 19.10.2010 წ. მითითების მოთხოვნების შეუსრულებლობა, რაზედაც შედგა შემოწმების აქტი (ტ.1, ს.ფ.23). ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 13.12.2010 წ. გამოიცა დადგენილება არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის გ. ბ-ის დაჯარიმებისა და ქ. თბილისში, ... ქ.M21-ში უნებართვოდ აშენებული შენობის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე (ტ.1, ს.ფ.81).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელ სუბიექტს და აღნიშნავს, რომ კასატორის მიმართ მიმდინარე სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ვრცელდებოდა სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე იმ შემთხვევაში, როდესაც დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. საკითხის ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს აგრეთვე ამჟამად მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი (მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი). საქმეზე დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო კონკრეტული სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე, საჯარიმო სანქციის დაკისრების მომენტში გ. ბ-ე იყო ქ.თბილისში ... #21-ში მდებარე 285 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 61,10 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე. იმის გათვალისწინებით, რომ ნივთზე საკუთრება არის უფლებათა და თანამდევ ვალდებულებათა ერთობლიობა, რიგ შემთხვევებში მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს მისგან. კანონმდებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უძრავ ნივთს, რაც ამ სახის ნივთებზე უფლებათა წარმოშობა/შეცვლა/შეწყვეტის განსაკუთრებული რეჟიმის არსებობითაც დასტურდება. უძრავი ნივთის მესაკუთრეზე სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არის დადგენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი კონკრეტული პირი, არ ადასტურებს უძრავი ქონების მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სხვისი ბრალისათვის, ასეთ შემთხვევაში მესაკუთრე პასუხს აგებს არა სხვისი, არამედ თავისი ბრალისათვის, რომელიც გამოვლინებას პოულობს მის უმოქმედობაში: სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპულატაცია. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა იწვევს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაშიც, სწორედ გ. ბ-ეს ეკისრებოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამშენებლო ნორმატივებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება. აღნიშნულის შესახებ გ. ბ-ე გაფრთხილებულ იქნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 19.10.2010 წ. მითითებებით, რომლითაც გ. ბ-ეს დაევალა ობიექტის სრული დემონტაჟის მოხდენა ან სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა. ზედამხედველობის სამსახურის მითითება გ. ბ-ემ არ შეასრულა, რაც გამორიცხავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. საქმის წარმოების შეწყვეტა შესაძლებელი იყო მითითების მიღების შემდეგ დარღვევის გამოსწორების ან თუნდაც 01.11.10 წ. შემოწმების აქტის შედგენის შემდეგ დაადგენილების გამოცემამდე დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მშენებლობის მწარმოებელი პირის დაუდგენლობა ან მისი გარდაცვალება არ წარმოადგენს შემდეგში სამშენებლო ნორმების დაცვის ვალდებულებისგან ობიექტის მესაკუთრის გათავისუფლების საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ბ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მშენებლობის დაწყებისას იგი არ იყო არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე და ამიტომ ბრალი არ მიუძღვის უკანონო მშენებლობაში, სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მშენებლობა კანონის დაცვით მიმდინარეობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი არ გამორიცხავს მოსარჩელის ვალდებულებას დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს (სასკ-ის მე-3, მე-4, მე-17 მუხ., სსკ მე-3, 102-ე მუხ.). საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ქ.თბილისის ისნის რაიონის აღმასკომის 05.09.1990 წ. #2052.231 გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ.24); მიმოწერა ... ქ. #21-ის მობინადრეებთან (ტ.1, ს.ფ.21); დამოუკიდებელი ექსპერტის ,,დ.რ-ის” 18.04.2011 წ. დასკვნა (ტ.2, ს.ფ20); ქალაქის საბჭოს აღმასკომის დიზაინისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საპროექტო კანტორის დასკვნა საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ (ტ.2, ს.ფ.26)) ადასტურებენ ქ.თბილისში, ... ქ.#21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიულობასა და აღდგენის აუცილებლობას და არა კასატორის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მშენებლობის განხორციელებას, მშენებლობის ნებართვის გაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით პროექტის და სათანადო სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენას.

საკასაციო სასმართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტით ჯარიმის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ჯარიმის დადების პერიოდში მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც გ. ბ-ე უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმდა 10 000 ლარით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” კანონში 20.12.2011 წ. #5558 კანონით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ქ.თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობისა ან/და რეკონსტრუქციისთვის დადგინდა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით (221.1 მუხ. ,,ბ” ქვეპუნქტი). ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს ამჟამად მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა, ე.ი. ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა. სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობების მიმართ შესაძლებელია სასამართლოს მიერ სამართალდარღვევის შემდგომ მიღებული შეღავათიანი რეჟიმის გამოყენება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 13.12.2010 წ. დადგენილებით შეფარდებული სანქცია – 10 000 ლარი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 8000 ლარით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.11წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ის მოთხოვნა მასზე დაკისრებული საჯარიმო თანხის 10 000 ლარის გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 13.12.10წ. #000267 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10000 ლარი შემცირდეს 8000 ლარამდე;

3. დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ლ. მურუსიძე