Facebook Twitter

საქმე ¹ბს-175-173(კ-12) 11 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – ი. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.11წ. გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 11.07.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ი. შ-ის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 33263,9 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 997,17 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის – 7365,48 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით – 348,15 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის ჯარიმის სახით – 38942,17 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 11682,65 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის – 7448,28 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით _ 348,15 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.11წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ი. შ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით – 38942,17 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 11682,65 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით – 348,15 ლარის ანაზღაურება, ხოლო ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 7448,28 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო, მოპასუხე ი. შ-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 1529 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-მა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.11წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.10.11წ. გადაწყვეტილება ი. შ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. ასეთი გასამრჯელოს სახით ი. შ-ს მიღებული ჰქონდა 7448,28 ლარი. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ნამსახურობის პერიოდში მიღებული შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელი იყო. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ხელფასის თანხის _ 7448,28 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. შ-ს შორის 01.10.07წ. დადებული ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 7.3 და 7.4 პუნქტებით განსაზღვრული თანხების დადგენილ ვადაში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში აღნიშნულ თანხებს დაერიცხება პირგასამტეხლო 0,2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით, სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. შ-ის მიერ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა იყო არაგონივრული და სასამართლოს შეეძლო შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, ი. შ-ს სახელშეკრულებო პირობები ბრალეულად არ დაურღვევია, მან ოჯახური პირობების გამო მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება და არ არსებობდა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.04.12წ. განჩინებით ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი პირგასამტეხლოს სახით – 11682,65 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო ჯარიმისა და სანივთე ქონების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს ი. შ-ისათვის პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრების საფუძვლიანობის შემოწმება.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ი. შ-ს შორის 01.10.07წ. დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტი განსაზღვრავდა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.

ამავე ხელშეკრულების 7.4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს წარმოექმნა ფინანსური პასუხისმგებლობა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან მის გარეშე, ფინანსური პასუხისმგებლობა მცირდება გადაუხდელი ჯარიმის თანხაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში ჯარიმის საერთო რაოდენობის 30 პროცენტამდე. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციის ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე, ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიების სახით საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ იცნობს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.

ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის 41 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურისთვის ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივად დაკისრების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს ან მისი ნაწილის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში მხარეთა თავისუფლების მიუხედავად, სასამართლოს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით _ 38942,17 ლარის ოდენობით. ასეთ პირობებში პირგასამტეხლოს სახით - 11682,65 ლარის დამატებით დაკისრება ადასტურებს პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა შეუსაბამობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის სამართლიანი გადაწყვეტის, ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის ინტერესი მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა 11682,65 ლარის ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება 11682,65 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. შ-ისთვის პირგასამტეხლოს – 11682,65 ლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-9 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ი. შ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.12.11წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.10.11წ. გადაწყვეტილება ი. შ-ისათვის პირგასამტეხლოს – 11682,65 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ი. შ-ისათვის 11682,65 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე