¹ბს-310-306(კ-12) 12 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ ი. ს-ი; წარმომადგენელი _ შ. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1) სსიპ შემოსავლების სამსახური; წარმომადგენელი _ მ. მ-ე; 2) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; წარმომადგენელი _ ო. ჩ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 11 ივნისს ი. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ რუსთავის რეგიონალური ცენტრის, შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 16 მაისს ს. ბ-საგან შეიძინა 1997 წელს გამოშვებული ავტომანქანა “ოპელ ასტრა” საიდენტიფიკაციო კოდით ¹.... ვინაიდან, ხსენებულ ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა ძრავი და მისი შეცვლა დაკავშირებული იყო გარკვეულ პრობლემებთან, ბ-მა ი. ს-ს ამ საკითხის მოგვარების მიზნით მინდობილობის გაფორმება სთხოვა. მინდობილობა 2008 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა, თუმცა აღნიშნული მინდობილობა სანოტარო ბიუროდან არ გატანილა.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2010 წლის 4 თებერვალს მიიღო რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ¹16-18/1765/04 საბაჟო შეტყობინება ავტომანქანა “ოპელის” განსაბაჟებლად წარდგენის შესახებ. აღნიშნული შეტყობინების თანახმად, ი. ს-ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 246-ე და 238-ე მუხლების საფუძველზე დაერიცხა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ჯარიმის დარიცხვის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ 2008 წლის 6 სექტემბერს ი. ს-მა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (ფოთის გავლით) შემოიყვანა ავტომანქანა ისე, რომ არ გაუვლია საბაჟო კონტროლი და არ წარუდგენია შესაბამისი დეკლარაცია.
მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მას ავტომანქანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არ შემოუყვანია და არც ხელი მოუწერია საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე. შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო იმ საბაჟო ვალდებულების შესახებ, რომლის დარღვევისთვისაც მას საჯარიმო სანქცია დაეკისრა. ამდენად, მოსარჩელე 2009 წლის 10 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ¹003997 ოქმის, რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ¹16-18/1765/04 საბაჟო შეტყობინების, 2009 წლის 15 მარტის ¹1257 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 10 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ¹003997 ოქმი, 2009 წლის 28 სექტემბრის ¹16-18/17365/04 საბაჟო შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 მარტის ¹1257 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის 10 სექტემბერს შედგა N¹003997 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ 2009 წლის 28 სექტემბერს გამოცემული იქნა N¹16-18/17365/04 საბაჟო შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, ი. ს-ს საქართველოს საბაჟო კოდექსის 246-ე და 238-ე მუხლების შესაბამისად დაერიცხა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. ჯარიმის დარიცხვის საფუძვლად მითითებული იყო ის გარემოება, რომ 2008 წლის 6 სექტემბერს ი. ს-მა საქართველოს საბაჟო საზღვარზე (ფოთის გავლით) შემოიყვანა ავტომანქანა ისე, რომ არ გაუვლია საბაჟო კონტროლი და არ წარუდგენია შესაბამისი დეკლარაცია. საბაჟო შეტყობინება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2010 წლის 15 მარტის ¹1257 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს მიერ 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღებამდე შეჩერდა საქმის განხილვა, ხოლო 2010 წლის 24 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2010 წლის 2 სექტემბერს ი. ს-მა წინასწარი გამოძიების დაწყების მიზნით, განცხადებით მიმართა საქართველოს შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2010 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში 2010 წლის 14 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, დაიწყო წინასწარი გამოძიება ¹... სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი. ს-ის სახელით შემოსული ა/მანქანა ,,ოპელ ვექტრაზე“ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გაყალბების ფაქტზე. აღნიშნული საქმე ქვემდებარეობით გამოძიების ჩასატარებლად გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შს სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოში. შს სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ დანიშნული საექსპერტო დასკვნის მიხედვით (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 4 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა N 011056-2011/02/1) ხელმოწერა ი. ს-ის სახელით, განლაგებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე D- ¹59740, 06.09.08 წლის თარიღით, ქვედა მარჯვენა კუთხეში შესრულებული იყო არა ი. ს-ის, არამედ სხვა პირის მიერ.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა 2008 წლის 16 სექტემბრის სანოტარო აქტზე, რომლითაც ი. ს-მა რწმუნება გასცა ვინმე გ. კ-ეზე. აღნიშნულ მინდობილობის გაფორმებას და სანოტარო აქტზე ხელმოწერის ფაქტს ი. ს-ი ადასტურებდა, თუმცა აცხადებდა, რომ ისე მოაწერა ხელი სანოტარო აქტს, რომ არ გასცნობია მის შინაარსს და დარწმუნებული იყო, რომ სხვა შინაარსის მინდობილობას აწერდა ხელს, რომელიც გულისხმობდა არა ავტომანქანის, არამედ მის მფლობელობაში არსებული სხვა ავტომანქანის ძრავის განკარგვას.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ი. ს-მა სანოტარო აქტის ხელმოწერისას გამოიჩინა ერთგვარი დაუდევრობა და არ გაეცნო ყურადღებით მის შინაარსს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ხელს არ მოაწერდა მინდობილობას ავტომანქანის მინდობილ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ამასთან, სანოტარო აქტში ავტომანქანა მოხსენიებული იყო მხოლოდ როგორც ,,ოპელი“ და მისი კონკრეტული მარკა განსაზღვრული არ იყო, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი. ს-ი ვარაუდობდა სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანის ,,ოპელ-ასტრას“ ძრავის პრობლემის მოგვარებას, არსებობდა დიდი ალბათობა იმისათვის, რომ იგი შესულიყო შეცდომაში.
საქალაქო სასამართლოს მსჯელობით, სანოტარო აქტის შინაარსის გაცნობის შემთხვევაშიც, ამ მინდობილობით ი. ს-ი თავისუფლდებოდა საბაჟო ორგანოში დადგენილ ვადაში ავტომანქანის წარდგენის ვალდებულებისგან და ეს პასუხისმგებლობა გადადიოდა იმ პირზე ვინც მიიღო საკუთრება მინდობილი სახით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, შესაბამისად, 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდში წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდებოდა კვლავ საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი დებულებები და ამ პერიოდში გამოცემული ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობაც განხილული უნდა ყოფილიყო ამ კოდექსთან მიმართებაში. 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელსაც საქონელი შემოჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებული იყო საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, საქონელი დადგენილი წესით მიეტანა საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონელი ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე მიტანისთანავე წარედგინებოდა საბაჟო ორგანოს. საქონლის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა პირს, რომელმაც იგი შემოიტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ან რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილი ადგენდა, რომ პირზე, რომელიც იღებდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემდგომი ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდებოდა ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საბაჟო კოდექსის 238-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირის მიერ დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა, იწვევდა პირის დაჯარიმებას 100 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა. ამავე კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნულების საბაჟო ორგანოში/დანიშნულების ადგილას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა, იწვევდა პირის დაჯარიმებას 100 ლარით ყოველ დაგვიანებულ სრულ (არასრულ) დღეზე, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 6 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ფოთის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ავტომანქანა ,,ოპელ ასტრა“ ი. ს-ის მიერ არ ყოფილა შემოყვანილი და მის მიერ არ იყო ხელმოწერილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რაც დასტურდებოდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 04 ივლისის N ¹011056-2011/02/1 ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ხელმოწერა, ი. ს-ის სახელით, განლაგებული: საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე D- ¹59740, 06.09.08 წლის თარიღით, ქვედა მარჯვენა კუთხეში შესრულებული იყო არა ი. ს-ის, არამედ სხვა პირის მიერ.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ეწინააღმდეგებოდა კანონს, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მათი გამოცემისას ჯეროვნად არ ყოფილა გამოკვლეული ყველა ფაქტობრივი გარემოება.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლებოდა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსის XXXIV თავით გათვალისწინებული იყო პასუხისმგებლობა.
სამართალდარღვევის არსიდან გამომდინარე, არავის არ შეიძლებოდა შეფარდვოდა ზემოქმედების ზომა სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. სამართალდარღვევის საქმეები უნდა წარმოებულიყო კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე, საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებს ზემოქმედების ზომები უნდა შეეფარდებინათ სამართალდარღვევის სუბიექტისთვის კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ი. ს-ს ისე შეეფარდა საჯარიმო სანქცია, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, არ ყოფილა დადგენილი რეალურად მან შემოიყვანა თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო ორგანოში და მან მოაწერა თუ არა ხელი აღრიცხვის მოწმობას. ამდენად, არ ყოფილა გამოკვლეული ი. ს-ის ბრალეულობის საკითხი.
საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამისი შეფასების გარეშე არ უნდა დაეტოვებინა 2008 წლის 16 სექტემბრის მინდობილობა, რომელიც არსებობდა ადმინისტრაციული წარმოების მასალებში და რომლითაც, ი. ს-ი, როგორც მინდობილ საკუთრებას ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადასცემდა სხვა პირს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით მიმნდობი გადასცემდა ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებდა და მართავდა მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 725-ე მუხლის მეორე ნაწილით, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობდა მესაკუთრის უფლებამოსილებით, ხოლო ამავე კოდექსის 728-ე მუხლი მესამე პირებთან ურთიერთობაში პასუხს აგებდა მინდობილი მესაკუთრე. სწორედ აღნიშნული დებულებები იყო გათვალისწინებული 2008 წლის 16 სექტემბრის მინდობილობაშიც, ამასთან, აღნიშნული მინდობილობა გაცემული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადის გასვლამდე, შესაბამისად, ის ვალდებულებები, რაც ეკისრებოდა სააღრიცხვო მოწმობაში დაფიქსირებულ პირს, გადავიდა მინდობილ მესაკუთრეზე, რომელიც უკვე პასუხისმგებელი იყო მესამე პირებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რაც სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2008 წლის 6 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ფოთის“ გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ავტომანქანა. ამავე დღეს, საბაჟო ორგანოს მიერ გამოიწერა საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ¹59740 მოწმობა, რომლითაც ავტომანქანის საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2008 წლის 26 სექტემბერი. 2008 წლის 26 სექტემბერს საბაჟო ორგანოში ავტომანქანა არ წარდგენილა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის 10 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის N¹003997 ოქმის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ 2009 წლის 28 სექტემბერს გამოცემული იქნა N¹16-18/17365/04 საბაჟო შეტყობინება, რომლის თანახმად ი. ს-ი ცნობილი იქნა დამრღვევად საბაჟო კოდექსის 246-ე და 238-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 500 ლარი. საბაჟო შეტყობინება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2010 წლის 15 მარტის ¹1257 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღებამდე, ხოლო 2010 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2010 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში 2010 წლის 14 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო წინასწარი გამოძიება ¹092100495 სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი. ს-ის სახელით შემოსული ა/მანქანა ,,ოპელ ვექტრაზე“ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გაყალბების ფაქტზე. აღნიშნული საქმე ქვემდებარეობით გამოძიების ჩასატარებლად გადაგზავნილი იქნა საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შს სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოში.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი შს სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ დანიშნული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 4 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის ¹011056-2011/02/1 თანახმად, ხელმოწერა ი. ს-ის სახელით, განლაგებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე D¹59740, 06.09.08 წლის თარიღით, ქვედა მარჯვენა კუთხეში შესრულებული იყო არა ი. ს-ის, არამედ სხვა პირის მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2011 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად კი, დადგენა საკითხისა, ვის მიერ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის D ¹59740 მოწმობაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში ი. ს-ის გვარით შესრულებული ხელმოწერა შეუძლებელი იყო დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო, კერძოდ, ... ხელმოწერის ელემენტების შესრულებისას აღინიშნებოდა საწერი საშუალებების ხელმეორედ შემოვლის კვალი, უსაფუძვლო შეჩერებები, შტრიხების კლაკნილობა, რაც საფუძველს იძლეოდა ვარაუდისათვის, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შესრულებული იყო ხელის შეგნებულად შეცვლის მცდელობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 16 სექტემბრის სანოტარო აქტით, ი. ს-მა, როგორც ,,საკუთრების მიმნდობმა“, გასცა მინდობილობა გ. კ-ეზე და მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა ავტომანქანა ოპელი. ამ მინდობილობაში მითითებული იყო, რომ ი. ს-მა პირადად წაიკითხა ეს მინდობილობა და განაცხადა, რომ იგი სრულად შეესაბამებოდა მის ნებას და პირადად მოაწერა ხელი მას. თვითონ ი. ს-ი სადავოდ არ ხდიდა იმ ფაქტს, რომ მინდობილობაზე ხელმოწერა მის მიერ იყო შესრულებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი იყო ორი ექსპერტიზის დასკვნა. ერთ შემთხვევაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 4 ივლისის ექსპერტიზის N ¹011056-2011/02/1 დასკვნის მიხედვით, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის D¹59740 მოწმობაზე ხელმოწერა ი. ს-ის სახელით, შესრულებული არ იყო ი. ს-ის მიერ. მეორე შემთხვევაში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2011 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად კი, ვის მიერ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ¹59740 მოწმობაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში ი. ს-ის გვარით შესრულებული ხელმოწერა, დადგენა შეუძლებელი იყო. ანუ ერთ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებდა, რომ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის D¹59740 მოწმობაზე შესრულებული არ იყო ი. ს-ის ხელმოწერა, ხოლო მეორე შემთხვევაში - ი. ს-ის მიერ იყო თუ არა ხელმოწერა შესრულებული, დადგენა შეუძლებელი იყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ექსპერტის დასკვნა, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, მართალია, წარმოადგენდა დამოუკიდებელი მტკიცების საშუალებას, მაგრამ ყოველთვის არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ცალსახა დადასტურებად საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა ფასდებოდა სასამართლოს შინაგანი რწმენით, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებულ ექსპერტიზის დასკვნებთან ერთად შეფასება უნდა მისცემოდა 2008 წლის 16 სექტემბრის სანოტარო აქტს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ავტომანქანის შემოტანიდან რამდენიმე დღეში იყო შედგენილი და რომლის თანახმადაც ი. ს-მა, სადავო ავტომანქანაზე, როგორც ,,საკუთრების მიმნდობმა“, მინდობილობა გასცა გ. კ-ეზე სადავო ავტომანქანის მართვისა და განკარგვის უფლებით გადაცემის შესახებ, რაც ნიშნავდა იმას, რომ ი. ს-ის დამოკიდებულება სადავო ავტომანქანის მიმართ გაცხადებული იყო სადავო ავტომანქანის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლების შესაძლებლობით.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობაში ვერ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო იმ საბაჟო ვალდებულების შესახებ, რომლის დარღვევისთვისაც დაეკისრა საჯარიმო სანქცია.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 16 სექტემბრის მინდობილობის გათვალისწინებით, სააღრიცხვო მოწმობაში დაფიქსირებული პირი – ი. ს-ი, აღარ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს ადმინისტრაციულ ორგანოსთან და მისი ეს ვალდებულება გადავიდა მინდობილ მესაკუთრეზე. სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირი, რომელსაც საქონელი შემოჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებული იყო, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი დადგენილი წესით მიეტანა საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონელი ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე მიტანისთანავე წარედგინებოდა საბაჟო ორგანოს. საქონლის წარდგენის ვალდებულება ეკისრებოდა პირს, რომელმაც იგი შემოიტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააღრიცხვო მოწმობაში დაფიქსირებულ პირს წარმოეშვა ვალდებულება, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი დადგენილი წესით მიეტანა საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ის გარემოება, რომ ი. ს-მა სანოტარო აქტით 2008 წლის 16 სექტემბერს, მართვისა და განკარგვის უფლებით სადავო ავტომანქანა გადასცა გ. კ-ეს, როგორც ,,საკუთრების მიმნდობმა“, არ შეიძლება გამხდარიყო სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45–ე და 65–ე მუხლების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების სხვა პირზე გადაკისრების საფუძველი, მით უფრო, რომ მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ გ. კ-ემ ან სხვა პირმა აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე, საქმეში არ მოიპოვებოდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ ი. ს-მა, რომლის ხელმოწერითაც მოხდა 2008 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი ა/მანქანის შემოყვანა, არ წარადგინა ეს უკანასკნელი საბაჟო ორგანოში მითითებულ ვადაში და არ მოახდინა მისი დეკლარირება, რაზედაც საქართველოს საბაჟო კოდექსის 238-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შეეფარდა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ს-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
კასატორი სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მას ავტომანქანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არ შემოუყვანია და არც ხელი მოუწერია საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე. აღნიშნულ გარემოებას ადასტურდებდა, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 4 ივლისის ექსპერტიზის ¹011056-2011/02/1 დასკვნა, რომლის თანახმადაც, ხელმოწერა ი. ს-ის სახელით, განლაგებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე D- ¹59740, 06.09.08 წლის თარიღით, ქვედა მარჯვენა კუთხეში შესრულებული იყო არა ი. ს-ის, არამედ სხვა პირის მიერ. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2010 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, ი. ს-ის სახელით შემოსული ა/მანქანა ,,ოპელ ვექტრაზე“ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გაყალბების ფაქტზე მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით უდავოდ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი არ იყო იმ საბაჟო ვალდებულების შესახებ, რომლის დარღვევისთვისაც მას საჯარიმო სანქცია დაეკისრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ს-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ი. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2012 წლის 14 ივნისს 13:30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში არსებულ შემდგომ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2008 წლის 6 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ფოთის“ გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი იქნა ავტომანქანა. ამავე დღეს, საბაჟო ორგანოს მიერ გამოიწერა საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის ¹59740 მოწმობა, რომლითაც ავტომანქანის საბაჟო ორგანოში წარდგენის ვადად განისაზღვრა 2008 წლის 26 სექტემბერი (ტ. I, ს.ფ. 228). ავტომანქანა 2008 წლის 26 სექტემბერს საბაჟო ორგანოში არ წარდგენილა. 2009 წლის 10 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის N¹003997 ოქმის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის მიერ 2009 წლის 28 სექტემბერს გამოცემული იქნა N¹16-18/17365/04 საბაჟო შეტყობინება, რომლის თანახმად ი. ს-ი ცნობილი იქნა დამრღვევად საბაჟო კოდექსის 246-ე და 238-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენაში და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 500 ლარი (ტ. I, ს.ფ. 11). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 მარტის N¹1257 ბრძანებით ი. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ¹16-18/17365/04 საბაჟო შეტყობინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტ. I,ს.ფ. 27-28). საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის ¹534 გადაწყვეტილებით ი. ს-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 მარტის ¹1257 ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 22-24).
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 2 სექტემბერს ი. ს-მა წინასწარი გამოძიების დაწყების მიზნით, განცხადებით მიმართა საქართველოს შსს-ს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2010 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში 2010 წლის 14 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო წინასწარი გამოძიება ¹092100495 სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი. ს-ის სახელით შემოსული ა/მანქანა ,,ოპელ ვექტრაზე“ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გაყალბების ფაქტზე. აღნიშნული საქმე ქვემდებარეობით გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გადაგზავნილი იქნა შს სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოში (ტ. I, ს.ფ. 180).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შს სამინისტროს ფოთის საქალაქო სამმართველოს მიერ დანიშნული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 4 ივლისის ექსპერტიზის ¹011056-2011/02/1 დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ხელმოწერა ი. ს-ის სახელით, განლაგებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე D¹59740, 06.09.08 წლის თარიღით, ქვედა მარჯვენა კუთხეში შესრულებული იყო არა ი. ს-ის, არამედ სხვა პირის მიერ (ტ. I, ს.ფ. 288–294). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2011 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად კი, დადგენა საკითხისა, ვის მიერ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის D¹59740 მოწმობაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში ი. ს-ის გვარით შესრულებული ხელმოწერა შეუძლებელი იყო (ტ. I, ს.ფ. 224–227).
საქმეში ასევე წარმოდგენილია 2008 წლის 16 სექტემბრის სანოტარო აქტი, რომლის თანახმადაც, ი. ს-მა რწმუნება გასცა ვინმე გ. კ-ეზე (ტ. I, ს.ფ. 25). აღნიშნული მინდობილობის გაფორმებას და სანოტარო აქტზე ხელმოწერის ფაქტს ი. ს-ი ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ისე მოაწერა ხელი სანოტარო აქტს, რომ არ გასცნობია მის შინაარსს და დარწმუნებული იყო, რომ სხვა შინაარსის მინდობილობას აწერდა ხელს, რომელიც გულისხმობდა არა ავტომანქანის, არამედ მის მფლობელობაში არსებული სხვა ავტომანქანის ძრავის განკარგვას. საგულისხმოა, ის გარემოება, რომ აღნიშნული მინდობილობა სანოტარო ბიუროდან არ გატანილა და მისი გამოყენება არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 310-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო კოდექსი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წლის 1 იანვრიდან დაწყებული საგადასახადო პერიოდებისათვის, შესაბამისად, 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდში წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება კვლავ საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი დებულებები და ამ პერიოდში გამოცემული ადმინისტრაციული აქტების შესაბამისობაც განხილული უნდა იყო ამ კოდექსთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელსაც საქონელი შემოაქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ვალდებული არის საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, საქონელი დადგენილი წესით მიიტანოს საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონელი ამ კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ადგილზე მიტანისთანავე წარედგინება საბაჟო ორგანოს. საქონლის წარდგენის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელმაც იგი შემოიტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ან რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო პასუხისმგებლობა მის შემდგომ ტრანსპორტირებაზე. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილი ადგენს, რომ პირზე, რომელიც იღებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის შემდგომი ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას, ვრცელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსის XXXIV თავით გათვალისწინებული არის პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საბაჟო სამართალდარღვევისთვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მითითებული მუხლების მოთხოვნებზე და განმარტავს, რომ სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დადგენისათვის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღდეგო ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) გარდა საჭიროა სახეზე იყოს ის კონკრეტული სუბექტი, რომელმაც ჩაიდინა სამართალდარღვევა და უდავოდ იყოს დადგენილი მისი ბრალეულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირის მიმართ პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის 2011 წლის 20 იანვრის დასკვნით ვერ დადგინდა, თუ ვის მიერ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის D¹59740 მოწმობაზე ქვედა მარჯვენა კუთხეში ი. ს-ის გვარით შესრულებული ხელმოწერა, მაგრამ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 4 ივლისის N¹011056-2011/02/1 ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დადგინდა ის გარემოება, რომ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობაზე D- ¹59740, 06.09.08 წლის თარიღით, ქვედა მარჯვენა კუთხეში ი. ს-ის სახელით შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნოდა არა ი. ს-ის, არამედ სხვა პირს.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2010 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში 2010 წლის 14 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო წინასწარი გამოძიება ¹092100495 სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი. ს-ის სახელით შემოსული ა/მანქანა ,,ოპელ ვექტრაზე“ გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის გაყალბების ფაქტზე.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ფოთის განყოფილების უფროსის 2011 წლის 21 მარტის წერილის თანახმად, 1992 წლის 10 დეკემბერს გამოშვებული ავტომანქანა ,,ოპელ-ვექტრას” (შასის ¹ჭოლ000089P5096834) რეგისტრაცია სსიპ შსს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით არ განხორციელებულა, ანუ ი. ს-ს მიერ სადავო ავტომანქანის გასხვისება ან სხვაგვარი განკარგვა არ მომხდარა (ტ. I, ს.ფ. 236).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ი. ს-ის ბრალეულობის საკითხი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ი. ს-ს ისე შეეფარდა საჯარიმო სანქცია, რომ მიუხედავად მისი განცხადებისა, არ ყოფილა დადგენილი რეალურად მან შემოიყვანა თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალება საბაჟო ორგანოში და მან მოაწერა თუ არა ხელი აღრიცხვის მოწმობას. ამდენად, საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული ი. ს-ის ბრალეულობის საკითხი, რაც გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ი. ს-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორი სხვა სადავო აქტებთან ერთად ითხოვს რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 10 სექტემბრის საბაჟო სამართალდარღვევის ¹003997 ოქმის ბათილად ცნობას. საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ცალკე ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს არ წარმოადგენს, მას ცალკე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი საბაჟო შეტყობინების უშუალო შემადგენელი ნაწილია. ამდენად, არ არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ¹003997 ოქმის ცალკე ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გათვალისწინებით,Aსაკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურს თანაბარწილად ი. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ _ 400 ლარის გადახდა მის მიერ უკვე გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა (პირველი ინსტანციის სასამართლოში _ 100 ლარის ოდენობით; საკასაციო სასამართლოში _ 300 ლარის ოდენობით) და 300 ლარის გადახდა მის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯების (ადვოკატის ხარჯების) ანაზღაურების მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ი. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 28 სექტემბრის ¹16-18/17365/04 საბაჟო შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 15 მარტის ¹1257 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 24 მაისის ¹534 გადაწყვეტილება;
5. მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურს თანაბარწილად ი. ს-ს სასარგებლოდ დაეკისროთ _ 400 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და 300 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების მიზნით;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე