Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ¹ბს-311-307(კ-12) 9 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებითY... რაიკოოპერატივის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება ა. მ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. მ-ს ... რაისამომხმარებლო კოოპერატივის სასარგებლოდ დაეკისრა 17870 (ჩვიდმეტიათას რვაასსამოცდაათი) ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში ... რაიკოოპერატივის სასარჩელო მოთხოვნა ა. მ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩვრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და ა. მ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2012 წლის 2 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებით ა. მ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ა. მ-მა 2012 წლის 24 აპრილს განცხადება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საქმეში ყველა სხვა მხარე თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მას გაურკვეველი საფუძვლით სთხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდას. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ ყავს 80 წელს მიღწეული მშობლები, რომლებიც ცხოვრობენ სოფ. ... და ყოველთვიურად ურიცხავენ 50 ლარს, რაც კასატორის მოსაზრებით სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 მაისის განჩინებით, ამავე სასამართლოს მიერ 2012 წლის 2 აპრილის ხარვეზის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა და აღნიშნული განჩინებით კასატორს ა. მ-ს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი ან საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით (ტ. V, ს. ფ. 242) ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ა. მ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ¹9 დაწესებულება) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარდა 2012 წლის 8 ივნისს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 9 ივნისს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2012 წლის 13 ივნისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკსასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საჯარო მოსამსახურის მიერ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება. მოცემულ დავაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო აღნიშნული დავის საგანთან მიმართებაში დავის საგნის საფუძვლით მოპასუხის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს კანონმდებლობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე