¹ბს-339-335(კ-12) 3 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ (მოპასუხე) ბ. ც-ე; ადვოკატი – ა. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: ჯ. მ-ი
მოპასუხე: ბ. ც-ე
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და 251-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება.
სარჩელის საგანი: მოპასუხისათვის ჯარიმის სახით _ 26519.47 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 7955.84 ლარის, ზიანის სახით _ 9119.28 ლარისა და სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის სახით – 257,50 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძველი :
ფაქტობრივი: მოდავე მხარეებს შორის 2007 წლის 21 აგვისტოს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.03.2009 წლის ¹977 ბრძანებით მოპასუხე დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო 20.11.2008 წლიდან.
კონტრაქტის საფუძველზე ფაქტობრივად ნამსახურევი ვადა შეადგენს 1 წელსა და 3 თვეს, დარჩენილი 2 წელს, 9 თვესა და 2 დღეს, რის გამოც მოპასუხეზე ვრცელდება კონტრაქტის 7.3 ,,ა” ქვეპუნქტი და 7.4 პუნქტი.
ბოლო თვის ხელფასი შეადგენდა 802 ლარს, რის გამოც ჯარიმის თანხაა 26519.47 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 7955.84 ლარი.
კონტრაქტის 8.2, 8.3 პუნქტების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ზიანის საკომპენსაციო თანხა, კერძოდ, თანხა, რაც დაიხარჯა მის მომზადებაზე და რომლის ხელახლა დახარჯვა მოუწია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოპასუხის ნაცვლად ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადების იმ დონემდე მისაღწევად, მომზადების რა დონისთვისაც მას ჰქონდა მიღწეული შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნისას.
მოპასუხეზე გადაცემული სანივთე უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო სამხედრო მოსამსახურე სარგებლობს სამხედრო სამსახურის განმავლობაში. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სამინისტროს აუნაზღაუროს სანივთე დავალიანება, რომელიც ფულადი სახით შეადგენს 257.50 ლარს.
სამართლებრივი: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ფინანსური პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის, 251-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2, 316.1, 317.1, 394.1, 407-ე, 417-ე მუხლებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების” XVI თავის მე-2 პუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 1-9).
მოპასუხის შესაგებელი :
ფაქტობრივი: მოპასუხე ბ. ც-ემ წერილობითი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი ნამსახურევი ვადა შეადგენს 2 წელს. მოპასუხემ ასევე სადაო გახადა ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან მისი მოსაზრებით, მოსარჩელე ითხოვს თანხებს, რომელიც მას არ მიუღია. კონკრეტულად რა ზიანი მიადგა მოსარჩელე მხარეს, არც ერთი მტკიცებულებით არ დგინდება.
მოპასუხის მითითებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოსა და ზიანის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან, ერთდროულად ზიანისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
სამართლებრივი: მოპასუხის მოსაზრებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლების საფუძველზე. (იხ. ს.ფ. 29-37).
საქმის გარემოებები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ც-ეს შორის 2007 წლის 21 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება და იგი დაინიშნა სამხედრო საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ¹977 ბრძანებით, 2008 წლის 20 ნოემბრიდან, მოპასუხე დაითხოვეს შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო რეზერვში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ბ. ც-ეს მოსარჩელე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით _ 26519.47 ლარის, პირგასამტეხლოს სახით _ 7955,84 ლარისა და სანივთე ქონების დავალიანების სახით _ 257.50 ლარის გადახდა.
სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:
სამხედრო მოსამსახურე ბ. ც-ის ერთი თვის საშტატო დარიცხული ხელფასი დათხოვნისას შეადგენდა 802 ლარს. სულ ნამსახურობის პერიოდში მას მიღებული აქვს, ხელფასი ხელზე ასაღები _ 9119 ლარი და 29 თეთრი.
სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ბ. ც-ის სანივთე უზრუნველყოფისათვის გაღებული თანხა არის _ 257.50 ლარი
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სადავო გახადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვანი შესრულება. მოპასუხე მხარემ სადავო გახადა კონტრაქტის დარღვევის ფაქტი.
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბ. ც-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლოს დასკვნები _ სასამართლოს დასკვნით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251–ე მუხლის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლოს განმარტებით, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის, პირგასამტეხლოს და სანივთე ქონების დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ხელშეკრულების დადებისას შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობაზე და მოპასუხემ აიღო ვალდებულება ოთხი წლის განმავლობაში ემსახურა სამხედრო ქვედანაყოფებში და შეესრულებინა სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობანი, ხოლო მოსარჩელემ იკისრა სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხისათვის სათანადო პირობების შექმნის ვალდებულება.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს არა ხელშეკრულების 7.4 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით, არამედ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის ¹609 ბრძანებულებით შემცირებული ფინანსური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაკისრებას, რაც შეადგენს ჯარიმის საერთო რაოდენობის 30%-ს, რის გამოც არსებობს მასზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – შესაბამისად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება ზიანის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას, მხარე ითხოვს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხისაგან ხელფასის ანაზღაურებას, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან, ხელშეკრულების დადების მომენტიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე დროის შუალედში მოპასუხე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ შრომით მოვალეობას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი იღებდა რა ამ შესრულებას, საპასუხოდ გასცემდა შესრულებული სამუშაოს ადეკვატურ შრომით ანაზღაურებას – ხელფასს, რითაც ახორციელებდა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.1 მუხლით ნაკისრ ვალდებულებას.
სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულებისას მხარეები არ შეთანხმებულან გადახდილი ხელფასის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურების უკან დაბრუნების ვალდებულებაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის უფლებამოსილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვოს ისეთი ვალდებულების შესრულება, რაც არ ყოფილა შეთანხმებული ხელშეკრულებით და რაც თავისი არსით კანონსაწინააღმდეგოა. პირიქით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულების საფუძველზე იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს მოპასუხეს ხელფასი და უზრუნველყოს იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელფასის უკან დაბრუნება სწორედ იმ მოტივით, რომ ხელფასი არ წარმოადგენს ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტით გამოწვეულ ზიანს (იხ. ს.ფ. 56-66).
I აპელანტი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი: შ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე: ბ. ც-ე
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი : საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელში მოყვანილი გარემოებები. თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა ხელშეკრულების 8.2, 8.3 მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურებას. სამინისტრო ითხოვს ზიანის სახით იმ თანხას, რომლის ხელახლა გადახდაც მას მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის იმ დონემდე გაწვრთნისათვის, რა დონეზეც იყო მოპასუხე კონტრაქტის დარღვევის დროს.
სასამართლომ არ იმსჯელა თავდაცვის სამინისტროს იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ მოთხოვნილი თანხა არის ზიანი, რომელიც კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარე, წარმოიშვა და რომლის მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კონტრაქტის 8.3 პუნქტი.
სამართლებრივი : კანონისმიერი მტკიცებულებები თავისი შინაარსით უტოლდებიან საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ხოლო თვით სამინისტრო განთავისუფლებულია ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 74-84).
II აპელანტი _ ბ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი _ შ. კ-ი
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები.
ფაქტობრივი: აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა თითქოს ბ. ც-ემ კონტრაქტის პირობები დაარღვია. სასამართლოს არ გამოუკვლევია ზიანი გამოწვეული იყო თუ არა მოპასუხის მხრიდან.
აპელანტის მითითებით, იგი 2008 წლის აგვისტოში დაიჭრა ცხინვალის რეგიონში ომის დროს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში.
ასევე უსაფუძვლოა სანივთე ქონების დავალიანების დაკისრებაც, ვინაიდან დაჭრის შემდეგ დაკარგა გონება და აღმოჩნდა საავადმყოფოში, ამიტომ მას ქონება თავად არ დაუზიანებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება ბ. ც-ისათვის პირგასამტეხლოს სახით - 7955.84 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აპელაციის მოტივების ნაწილობრივ გაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჩივრით მოთხოვნილი 9199 ლარი ბ. ც-ემ ხელფასის სახით მიიღო, შესაბამისად, მიღებული გასამრჯელოს უკან დაბრუნების ვალდებულება არც ერთი ნორმატიული აქტით არ არის განსაზღვრული.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბ. ც-ის მოთხოვნა დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმების ნაწილში საფუძვლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მხარეთა შორის შეთანხმებული დათქმა ჯარიმის გადახდის შესახებ, ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს _ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
აპელაციის მოტივების ნაწილობრივ არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლომ მიიჩნია ბ. ც-ის მოთხოვნა ჯარიმისა და სანივთე ქონების დაკისრების ნაწილში, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, ბ. ც-ის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბრძანება მისი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის თაობაზე, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბ. ც-ეს არ გაუსაჩივრებია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების ნაწილობრივ არგაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლო (ჯარიმის, საურავის სახით) - 26519,47 ლარი მოითხოვა, რისი მოთხოვნის საფუძველი მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტითაა გათვალისწინებული, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს თანხას, ყოფილი სამხედრო მოსამსახურისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს დაკისრებული აქვს ჯარიმა (იხ. ს.ფ. 129-135).
კასატორი: ბ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი :
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორის მითითებით, არც რაიონულმა და არც სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. მათ არასწორად დაადგინეს, რომ ბ. ც-ემ კონტრაქტის პირობები დაარღვია. სასამართლოს არ გამოუკვლევია ბრალი, ზიანი გამოწვეული იყო თუ არა მოპასუხის მხრიდან.
კასატორის მითითებით, იგი 2008 წლის აგვისტოში დაიჭრა ცხინვალის რეგიონში ომის დროს და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში.
ასევე უსაფუძვლოა სანივთე ქონების დავალიანების დაკისრებაც, ვინაიდან დაჭრის შემდეგ დაკარგა გონება და აღმოჩნდა საავადმყოფოში, ამიტომ მას ქონება თავად არ დაუზიანებია.
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორის ბ. ც-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შესწავლისა და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად შეუფარდა სამართლის ნორმა და დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოები, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით, დასტურდება 2007 წლის 21 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბ. ც-ეს შორის 4 წლის ვადით გაფორმდა ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 10-16).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მე-4 ქვეითი ბრიგადის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის სხდომის ¹62 ოქმით დადგინდა ბ. ც-ის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების ფაქტი (იხ. ს.ფ. 19-20) და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ¹977 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის” შესახებ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად ბ. ც-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან (იხ. ს.ფ. 18).
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ კასატორ - ბ. ც-ეს ზემოაღნიშნული ბრძანება შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათოხოვნის შესახებ არ გაუსაჩივრებია.
აღნიშნულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ბ. ც-ეს მართებულად დაეკისრა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ამავე კონტრაქტის 7.3 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, კერძოდ, 2007 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, კასატორის არგუმენტს, რომ მისთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ¹977 ბრძანების თაობაზე, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მან ამიტომ ვერ გაასაჩივრა ზემოაღნიშნული ბრძანება, ვინაიდან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ბ. ც-ეს შეეძლო შეგებებული სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ¹977 ბრძანების ბათილად ცნობა, ბ. ც-ეს ამგვარი საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ამ დავის ფარგლებში ვერ იმსჯელებს ბ. ც-ის საკასაციო პრეტენზიაზე, ვინაიდან, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 11 მარტის ¹977 ბრძანების კანონიერება სადავო არ გაუხდია.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მართალია საქმის მასალებში არის ცნობა, რომლითაც დასტურდება, ბ. ც-ის საბრძოლო მოქმედებებში დაჭრის და მკურნალობის ფაქტი (იხ. ს.ფ. 100), თუმცა ამავე ცნობის თანახმად იგი გაეწერა საავადმყოფოდან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის იმგვარ მდგომარეობაზე დასკვნა, რომ მას აღარ შეეძლო სამხედრო ძალებში სამსახური, საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პრეტენზია, რომ კონტრაქტის შეწყვეტა მისი ბრალით არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას სანივთე ქონებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნულზეც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულია სწორი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო შედავება, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, კასატორს სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე უნდა დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;
3. ბ. ც-ეს დაეკისროს სასამართლო ხარჯების სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/