Facebook Twitter

საქმე ¹ბს-388-383(კ-12) 18 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

15.12.09წ. ზ. ო-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასის _ 32282 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.04.10წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ზ. ო-ის სარჩელზე მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის განაცდური ხელფასის _ 32282 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. საქალაქო სასამართლოს 26.04.10წ. გადაწყვეტილებით ზ. ო-ის სარჩელი მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ იძულებითი განაცდური ხელფასის _ 32282 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ზ. ო-მა საქალაქო სასამართლოს 23.04.10წ. განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, ხოლო საქალაქო სასამართლოს 26.04.10წ. გადაწყვეტილების გაუმქების მოთხოვნით წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.09.10წ. განჩინებით ზ. ო-ის კერძო და სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 23.04.10წ. განჩინება და 26.04.10წ. გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა ზ. ო-მა.

საკასაციო სასამართლოს 20.04.11წ. განჩინებით ზ. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 16.09.10წ. განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.12წ. განჩინებით ზ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.04.10წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ო-მა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა (იხ. საკასაციო სასამართლოს 08.09.11წ. გადაწყვეტილება საქმეზე ¹ბს-640-635(კ-211); 29.09.11წ. გადაწყვეტილება საქმეზე ¹ბს-937-930(კ-11).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.02.12წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე