Facebook Twitter

საქმე ¹ბს-405-400(კ-12) 3 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი/მ ,,რ. ჩ-ი” სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი/მ ,,რ. ჩ-მა’’ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების მიმართ და მოითხოვა 2004 წლის 20 თებერვლის საინვენტარიზაციო აღრიცხვის აქტი ¹01–ის ბათილად ცნობა და უკანონოდ დარიცხული 26 488,43 ლარის თანხის ჩამოწერა (იხ. ს.ფ. 1-13; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ნაცვლად მოპასუხედ ჩაება თბილისის საგადასახადო ინსპექცია, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (იხ. ს.ფ. 146-147; ტ.1).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა (იხ. ს.ფ. 177-178; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინება საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ჩაბმის თაობაზე (იხ. ს.ფ. 186-187; ტ.1).

ი/მ ,,რ. ჩ-ის” წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელისათვის უსაფუძვლოდ დარიცხული 26488,43 ლარის ჩამოწერის თაობაზე მოპასუხისათვის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (იხ. ს.ფ. 242-243; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,რ. ჩ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურ ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელისათვის პირადი აღრიცვის ბარათზე დარიცხული თანხის – 26488,43 ლარის ჩამოწერის თაობაზე (იხ. ს.ფ. 338-342; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 345-356; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 73-79; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 89-99; ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ივნისის განჩინებით თბილისის რეგიონული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 168-174; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის რეგიონული ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ ,,რ. ჩ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ 221-226; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი/მ ,,რ. ჩ-მა” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იამვე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 235-241; ტ.2).

საკასაციო პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის საოქმო განჩინებით თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ ჩაერთო სსიპ _ შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 297-299; ტ.2).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით რ. ჩ-ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 338-348; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ი/მ ,,რ. ჩ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი/მ ,,რ. ჩ-ის” სარჩელი პირადი აღრიხცვის ბარათზე დღგ-ს გადასახადის 974,81 ლარის ოდენობით ჩამოწერის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ი/მ ,,რ. ჩ-ის” სარჩელი პირადი არღიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის 25513,62 (26488,43-974,81=25513,62) ლარის ოდენობით ჩამოწერის თაობაზე დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 98-108; ტ.3).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა ი/მ ,,რ. ჩ-ისათვის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 116-124; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 128-139; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე