საქმე ¹ბს-457-452(კს-12) 16 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ხაშურის ... სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა პ. ბ-ემ მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა პ. ბ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კოოპერატივის ქონებისა და საბანკო ანგარიშების საგადასახადო ორგანოს მიერ დაყადაღების გამო აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით აპელანტს ... რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში განჩინებით განსაზღვრულ ვადაში წარსადგენად. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენდა ისეთ უტყუარ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინებით, ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 თებერვლის 3/8819-11 გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დადგენილი იყო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საქმეში დაცული აქტით - ტელეფონით ხარვეზის განჩინების ჩაბარების შესახებ დასტურდებოდა, რომ ზემოაღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, 2012 წლის 26 მარტს ჩაბარდა ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორს პ. ბ-ეს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა უფლებამოსილ პირს. ამდენად, აპელანტს შეეძლო, ხარვეზი შეევსო 2012 წლის 2 აპრილის ჩათვლით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მხულის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორმა პ. ბ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის მომავალში გადახდის პირობით სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ რაიკოოპერატივის ქონება დაყადაღებულია მოპასუხის მიერ, რაც სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან ჩანს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უკანონოდ მოახდინა თანხების დარიცხვა და რაიკოოპერატივს უკანონოდ შეუზღუდა სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის გაცემა. ასევე, არამართლზომიერად მოქმედებდნენ ისინი მაშინ, როცა საჯარო რეესტრმა ჯერ უკანონოდ შეუზღუდა ყადაღის ცნობების გაცემა, შემდეგ კი არაუფლებამოსილ პირზე გადააფორმა საგადასახადო იპოთეკით დატვირთული ქონება. სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოთა ასეთმა წინასწარ განზრახულმა უკანონო ქმედებამ გამოიწივა კოოპერატივის ხელოვნურად გაკოტრება. წარმოდგენილი “...” ცნობით დასტურდება, რომ რაიკოოპერატივს ასევე არ გააჩნია თავისუფალი ფულადი სახსრები ანგარიშზე. ასეთი შემთხვევისათვის კანონმდებელმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით სასამართლოს მისცა უფლება, სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადაუხდელად მისცეს უფლება მოსარჩელეს, დაიცვას თავისი უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეს _ ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის დირექტორს პ. ბ-ეს, ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინება 2012 წლის 26 მარტს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. საქმეში დაცულია 2012 წლის 26 მარტის ტელეფონით ხარვეზი განჩინების ჩაბარების შესახებ აქტი, რომლითაც დასტურდება პ. ბ-ისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინების ცნობების ფაქტი. აპელანტს განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის (სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღიდან) მომენტიდან (ს.ფ. 136), შესაბამისად, ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 27 მარტს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2012 წლის 31 მარტს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს - ... რაიონულ სამომხმარებლო კოოპერატივს განუმარტავს, რომ ვინაიდან, მას ხარვეზის შევსების ვადა ჰქონდა 2012 წლის 31 მარტს ოცდაოთხ საათამდე, აღნიშნული თარიღი კი იყო არასამუშაო დღე შაბათი, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გადაიწია 2012 წლის 2 აპრილს ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 აპრილის განჩინების გამოტანის დროისათვის სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა ხარვეზი შევსებული _ სასამართლოსთვის არ იქნა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებლელი ქვითარი და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სააპელაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმის გამო არ დაკმაყოფილდა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არ წარმოადგენდა ისეთ უტყუარ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირის საბანკო ანგარიშის დაყადაღება და მასზე თანხის არარსებობა უტყუარად არ ადასტურებს მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, შესაბამისად მხოლოდ აღნიშნული გარემოებები ვერ იქნებოდა მიჩნეული სააპელაციო პალატაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველად. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ გარემოებას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისათვის საჭირო უტყუარი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი აპელანტის მიერ, რის გამო არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების არსებობას, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ წარადგინა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად მართებულად დატოვა ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... რაიონული სამომხმარებლო კოოპერატივის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე