საქმე ¹ბს-473-468(კს-12) 11 ივლისი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ჯ-ას წარმომადგენელ _ კ. შ-ას კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.12 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ჯ-ამ 24.03.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ბიუროს 22.02.11წ. ¹149 ბრძანების ბათილად ცნობა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 31.10.08წ. გადაწყვეტილების შესაბამისად სახელფასო განაცდურის 858 ლარის მისთვის ანაზღაურების თაობაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოპასუხისათვის აღსრულების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.12წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნ. ჯ-ამ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.12წ. განჩინებით ნ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.12წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.02.12წ. გადაწყვეტილების ასლი აპელანტის წარმომადგენელს _ კ. შ-ას საქმეში მითითებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ... ქ. ¹45ა ბ. 48-ში გაეგზავნა. გადაწყვეტილების ასლი ადრესატის მეუღლეს _ ჯ. ტ-ას 03.04.12წ. ჩაჰბარდა, რაც ადრესატისათვის ჩაბარებად ითვლებოდა. ამასთან, მხარის წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ჩაბარება უნდა მიჩნეულიყო მხარისათვის ჩაბარებად. ამდენად, აპელანტისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 4 აპრილიდან და 2012 წლის 17 აპრილს ამოიწურა. აღნიშნული თარიღი არ ემთხვეოდა არც უქმე და არც დასვნების დღეს. შესაბამისად, 2012 წლის 18 აპრილს შეტანილი სააპელაციო საჩივარი ითვლებოდა ვადის დარღვევით წარდგენილად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.12წ. განჩინება კერძო საჩივრით ნ. ჯ-ას წარმომადგენელმა კ. შ-ამ გაასაჩივრა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მისთვის გაგზავნილი გადაწყვეტილება ჩაიბარა მისმა მეუღლემ, რომელსაც დაავიწყდა თავის დროზე გადაეცა სასამართლოს გზავნილი ადრესატისათვის, რადგან ავადმყოფობის გამო არის მეხსიერება დაქვეითებული და მე-2 ჯგუფის ინვალიდი. მის მეუღლეს შვილის გარდაცვალების გამო მიღებული აქვს მძიმე ფსიქიკური ტრამვა და გადის მკურნალობას. იმყოფება მომვლელის მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც შემდეგ გაირკვა, 2012 წლის 3 აპრილს მომვლელი იმყოფებოდა აფთიაქში, რის გამოც გზავნილი ჩაიბარა ადრესატის მეუღლემ.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან სასამართლოს გზავნილი შემთხვევით ნახა სახლში 2012 წლის 17 აპრილს დღის მეორე ნახევარში. მეუღლეს არ ახსოვდა თუ როდის ჩაიბარა იგი. იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივრის ერთი ეგზემპლარი. ვინაიდან სასამართლოს შენობაში ქსეროქსის აპარატი არ მუშაობდა მოუწია ასლის გადაღება შენობის გარეთ. საქალაქო სასამართლოში დაბრუნებისას სასამართლოს კანცელარიას სამუშაო საათების ამოწურვის გამო საბუთების მიღება შეწყვეტილი ჰქონდა. ამიტომ სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს კანცელარიას 2012 წლის 18 აპრილს ჩააბრა, რაც აღმოჩნდა ვადის დარღვევად და სააპელაციო საჩივრი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. იმავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.02.12 წ. გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას განემარტა გასაჩივრების ვადა და წესი. აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ჯ-ას წარმომადგენელს _ კ. შ-ას 27.03.12წ., კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ფოსტის მეშვეობით ადრესატის მეუღლეს _ ჯ. ტ-ას 03.04.12 წ. ჩაბარდა (ტ II, ს.ფ. 67). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში ოჯახის ქმედუნარიანი წევრის მიერ გზავნილის ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად და პირიქით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ნ. ჯ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 04.04.12 წ. და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად 17.04.12 წ. 24 საათზე ამოეწურა. 17.04.12 წ. იყო სამშაბათი და არ ემთხვეოდა უქმე ან დასვენების დღეს. ნ. ჯ-ას კანონით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირის (ადრესატის მეუღლის) ინვალიდობა არ გამორიცხავს სსსჯ-ის 47-ე მუხლის დანაწესს. საკასაციო პალატა ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევს გზავნილის ჩამბარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვინაიდან როგორც კერძო საჩივრიდან ირკვევა კ. შ-ამ სასამართლო გზავნილი ნახა სახლში 2012 წლის 17 აპრილს, მაგრამ ვინაიდან მის მეუღლეს არ ახსოვდა თუ როდის ჩაიბარა ფოსტის თანამშრომლისაგან იგი, ვერ შეძლო სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის გამოთვლა. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მან იმავე დღეს ე.ი. სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის დადგენილ 14 დღიან ვადაში სააპელაციო საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგრამ კანცელარიაში ჩაბარება ვერ შეძლო ტექნიკური შეფერხების გამო, საჩივრის ასლის გადაღებაზე დახარჯული დროის გამო სამუშაო საათებში ვერ ჩააბარა სააპელაციო საჩივარი. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. საპატიო მიზეზით საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა სახეზეა მხოლოდ მაშინ, თუ ამა თუ იმ მოქმედების განხორციელება მხარისათვის შეუძლებელია ავადმყოფობის, ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სხვა პატივსადებ გარემოებათა გამო. კ. შ-ას შეეძლო სასამართლოს კანცელარიისათვის ჩაებარებია სააპელაციო საჩივრის ერთი ასლი, რაც გახდებოდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის წინაპირობა ან გასაჩივრების ვადის გაშვების თავიდან აცილების ვარაუდით სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად, ფოსტის განყოფილებისათვის ჩაებარებია სააპელაციო საჩივარი, რაც მას არ განუხორციელებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო ნ. ჯ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ნ. ჯ-ას წარმომადგენლის კ. შ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.12წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჯ-ას წარმომადგენლის კ. შ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.04.12წ. განჩინება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე