Facebook Twitter

საქმე ¹ ბ-766-7 (ა-12) 11 ივლისი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. ტ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.12 წ. ბს-154-153 (კ-12) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ტ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.12 წ. ბს-154-153 (კ-12) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.12.11 წ. განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვდა. საკასაციო სასამართლოს 10.02.12 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის გამოსწორების მიზნით მხარეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი). განჩინებაში მითითებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო ანგარიშის ნომერი, ბანკის კოდი და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. კასატორს ასევე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაიშვებოდა. საკასაციო სასამართლოს 04.04.12 წ. განჩინებით ნ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

20.04.12 წ. წარმოდგენილი განცხადებით ნ. ტ-ე აღნიშნავს, რომ მან საკასაციო სასამართლოს განჩინების შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა განჩინებაში მითითებულ ვადაში. კერძოდ, ხარვეზის შესახებ განჩინება ნ. ტ-ეს 22.02.12 წ. ჩაბარდა და მისმა შვილმა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარი 25.02.12 წ. გადაიხადა, ქვითარში მითითებულია თანხის შეტანის დანიშნულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.05.12 წ. განჩინებით ნ. ტ-ის განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ტ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.12 წ. ბს-154-153 (კ-12) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ნ. ტ-ე საკასაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ გარემოებას, რომ მის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შევსებული იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, კერძოდ მან სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით გადაიხადა მისთვის განჩინების ჩაბარებიდან შვიდღიანი ვადის დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოება საფუძვლად ვერ დაედება კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.02.12 წ. განჩინებით ნ. ტ-ეს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის სახით საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა განჩინებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე და დათქმულ ვადაში ვერ ჩაითვლება საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებად, ვინაიდან მას ხარვეზის შევსების მიზნით უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რაც მის მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შესრულდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამათუიმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საპროცესო ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ საპროცესო ვადაში არ შეასრულა მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. საპროცესო მოქმედების შესრულებას დადგენილ საპროცესო ვადაში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განცხადებაში ჩამოყალიბებული საქმის წარმოების განახლების მოტივები არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში რეგლამენტირებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმების წინამძღვრებს, რომელთა მიხედვითაც დასაშვებია საქმის წარმოების განახლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ტ-ის განცხადება არ შეიცავს იმ წანამძღვრებს, რომელიც შესაძლებელია საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო დ. ტ-ეს უნდა დაუბრუნდეს ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421.1, 422-427-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ტ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.04.12 წ. ბს-154-153 (კ-12) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. დ. ტ-ეს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ ნ. ტ-ის საკასაციო საჩივრისთვის 25.02.12 წ. ¹4908817 საგადასახადო დავალებით (მიმღები _ ს.ს. ბანკი “...” ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის ¹GE79 BR00 0000 0033 0500 01) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

ლ. მურუსიძე