საქმე #ბს-185-183(კ-12) 26 სექტემბერი, 2012წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) – დ. უ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა
დავის საგანი – აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. უ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ... ფაბრიკის საერთო ბინაში განთავსებული საცხოვრებელი ფართის მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულო-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რეგისტრირებულია და ცხოვრობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ საცხოვრებელ ფართში. იგი წარმოადგენს სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლეს, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი დაკარგული აქვს. მოსარჩელე თვლის, რომ იგი `კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულების მე-2 მუხლის `ე~ ქვეპუნქტის შესაბამისად საცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლეა, 22.08.11წ. განცხადებით მიმართა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობას საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც გამგებლის 22.08.11წ. #193 ბრძანებით ეთქვა უარი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.
მოპასუხე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.11.2011წ. გადაწყვეტილებით დ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ წყალტუბოს არქივში დაცულ დოკუმენტებში, კერძოდ, წყალტუბოს სახალხო საბჭოს აღმასკომის და გამგეობის 1976-1991 წ.წ. ოქმებში, ... სასოფლო საბჭოსა და საკრებულოს 1971-1988 წ.წ. ოქმებში, ასევე ქუთაისის ცენტრალურ არქივში არსებულ წყალტუბოს რაიონის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1969-1976 წ.წ. და ... სასოფლო საბჭოს 1969-1970 წ.წ. საარქივო დოკუმენტებში დაცული არ არის გადაწყვეტილება სოფ. ... მდებარე, ... ფაბრიკის საერთო საცხოვრებლის ბინების მობინადრეებზე განაწილების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. აღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის `ე~ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევისათვის უნდა არსებობდეს ორი პირობა: უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ფიზიკური პირის მხრიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი (არასაცხოვრებელი) ფართის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. ბრძანებულების მე-3 მუხლის მიხედვით, ფართის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი. #73 ბრძანებულებით უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება აქვს არა ნებისმიერ პირს, არამედ კანონიერ მოსარგებლეს, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე უნდა აკმაყოფილებდეს კანონიერი მოსარგებლის სტატუსს, უნდა ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და გააჩნდეს საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის კანონიერად სარგებლობის უფლებადამდგენი დოკუმენტი, რაც მოსარჩელეს არ გააჩნია. მხოლოდ უძრავი ქონებით სარგებლობა არ წარმოადგენს მის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულებით გათვალისწინებული უფლების მინიჭების საფუძველს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. უ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11წ. განჩინებით დ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 11.11.11წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ დ. უ-ეს არ გააჩნია საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. #73 ბრძანებულებით გათვალისწინებული კანონიერი სარგებლობის უფლებადამდგენი დოკუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. უ-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2012 წ. განჩინებით დ. უ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
26.09.2012 წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა და წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. უ-ეს შორის დადებული წყალტუბოს რაიონში, სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი ფართის 20.09.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი ფართის მოსარჩელისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულო-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ. უ-ეს შორის 20.09.2012 წ. დადებული წყალტუბოს რაიონის სოფ. ... მდებარე 50 კვ.მ ფართის (საკადასტრო #29.13.39.266.01.507) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად უდევს აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების დ. უ-ის სახელზე რეგისტრაციას, რაც დასტურდება შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ვინაიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობა საჯარო რეესტრიდან დგიდნება და სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედებს რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მისაღწევადაც აღიძრა სარჩელი, უკვე დამდგარია - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე დ. უ-ეა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც, განსახილველ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.11წ. განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.2011წ. გადაწყვეტილება;
3. დ. უ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე