Facebook Twitter

საქმე№ბს-256-253(კ-12) 19 სექტემბერი, 2012წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

17.06.11წ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი აღძრა გარდაბნის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს „...“ მიმართ, პირგასამტეხლოს სახით 25118.9 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 11.10.11წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „...“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2495,72 ლარის გადახდა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.12წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გარდაბნის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი მოპასუხისათვის 16463,42 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, შპს „...“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 16463,42 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს 18.07.12წ. განჩინებით შპს „...“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მომართა საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 25.04.12წ. №25/04/02 განკარგულებისა და „იაპონიის პროგრამა 2KR I-VII“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეუსრულებელი ვალდებულებებისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან შესაბამისი პირების გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 07.03.12წ. №388 განკარგულების საფუძველზე სარჩელის გამოხმობის შესახებ განცხადებით.

მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოპასუხემ – შპს „...“ დირექტორმა – ი. ო-მა წერილობით განაცხადა თანხმობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადების განხილვის შედეგად თვლის, რომ განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2012წ. გადაწყვეტილება და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 11.10.11წ. გადაწყვეტილება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელის გამოხმობის შესახებ მოსარჩელის განცხადებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდება მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ.

ვინაიდან მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოითხოვა სარჩელის გამოხმობა და მის აღნიშნულ მოთხოვნას წერილობით დაეთანხმა მოპახუხე – შპს „...“, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.12წ. განჩინება და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 11.10.2011წ. გადაწყვეტილება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დარჩეს განუხილველად.

ამასთანავე, სსსკ-ის 83 1.2 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოპასუხის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 698.39 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით, 275-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადება სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.2012წ. გადაწყვეტილება და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 11.10.11წ. გადაწყვეტილება; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დარჩეს განუხილველად; მოსარჩელეს – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაეკისროს შპს „...“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 698.39 ლარის გადახდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე