საქმე ბს-261-258(კ-12) 26 სექტემბერი, 2012წ
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ნ-მა და ნ. ქ-მა 18.05.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისა და თ. ქ-ის მიმართ, რომლითაც თ. ქ-ის 24.08.07წ. საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.
თელავის რაიონული სასამართლოს 13.10.11წ. განჩინებით მ. ნ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო თ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, მდებარეს გურჯაანის რაიონის სოფ. ..., ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 1466 კვ.მ, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი - 117.30 კვ.მ.
თელავის რაიონული სასამართლოს 21.10.11წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამავე სასამართლოს 13.10.11წ. N71 განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო თ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე გურჯაანის რაიონის სოფ. .... აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. ნ-მა და ნ. ქ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.11წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 21.10.11წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი თ. ქ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ გამოეცა ახალი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.12.11წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ქ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.12.11წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ლ. ჩ-ს (საიდენტიფიკაციო N...) დაუბრუნდეს მის მიერ 27.02.12წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში, სს ბანკი “...”, ბანკის კოდი - REPLGE22, მიმღების ანგარიშის NGE79 BR00 0000 0033 0500 01.;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე