Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-514-506(კ-12) 11 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი/მ მ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

2010 წლის 19 ნოემბერს ი/მ მ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ 2010 წლის 10 ივნისის საგადასახადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, თბილისის რეგიონული ცენტრის 2010 წლის 2 ივლისის ¹12/560 საგადასახადო მოთხოვნის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი საგადასახადო მოთხოვნის შედგენის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური. ამავე სასამართლო სხდომაზე მესამე პირს _ სსიპ შემოსავლების სამსახურს, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა საპროცესო სტატუსი და საქმეში მითითებულ იქნა მოპასუხედ.

2011 წლის 20 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი/მ მ. ს-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.

2011 წლის 6 ოქტომბერს მ. ს-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ საბოლოოდ სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 2010 წლის 2 ივლისის ¹12/560 ბრძანებისა და ¹12/560 საგადასახადო მოთხოვნის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეს ¹3/7020-11 დაერთო ადმინისტრაციული საქმე ¹3/4779-10.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ი/მ მ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ მ. ს-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინებით ი/მ მ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ მ. ს-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით მიიჩნია, რომ ი/მ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ი/მ მ. ს-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი/მ მ. ს-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინების შემცველი გზავნილი ი/მ მ. ს-ის წარმომადგენელს _ მ. გ-ას 2012 წლის 4 ივლისს ჩაბარდა, ხოლო თავად კასატორს მ. ს-ეს, მისი თბილისში არ ყოფნის გამო არ ჩაბარებია (მის მისამართზე მყოფმა (ოჯახის ნათლიამ, მამიდაშვილმა) მ. ხ-ამ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ივნისის განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს _ მ. გ-ას 2012 წლის 4 ივლისს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის ათვლა 2012 წლის 5 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2012 წლის 16 ივლისს (ვინაიდან, 2012 წლის 14 ივლისი იყო უქმე დღე შაბათი) 24 საათზე იწურებოდა. ი/მ მ. ს-ემ მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება ი/მ მ. ს-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 63-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ი/მ მ. ს-ის საკასაციო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე