#ბს-530-521(კ-12) 27 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ც-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 7 ნოემბერს ზ. ც-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2011 წლის 5 ოქტომბრის ¹#12/99945-7 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.
2012 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთა წრე, კერძოდ, ქ. თბილისის მერიასთან ერთად მოპასუხედ დაასახელა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია და დამატებით ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 1 სექტემბრის #267 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილობრივ (ზ. ც-ის ნაწილში) ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის ქ. თბილისში, ... ქ. ¹#52-54-ის მიმდებარედ არსებულ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ზ. ც-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის 2011 წლის 5 ოქტომბრის #12/99945-7 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ზ. ც-ის სარჩელზე დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინებით ზ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ც-ემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი.
2012 წლის 3 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა თ. ხ-მ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ 2011 წლის 10 ოქტომბერს მან განცხადებით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და ქ. თბილისში, ... ქ. ¹#50-ის მიმდებარედ არსებულ 574 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მისი განცხადების განხილვის ეტაპზე, თ. ხ-სთვის ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ასევე ითხოვდა ზ. ც-ეც (ზ. ც-ის მოთხოვნას ქ. თბილისში, ... ქ. ¹#52-54-ის მიმდებარედ არსებულ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება წარმოადგენს). განმცხადებლის _ თ. ხ-ს განმარტებით, ზ. ც-ის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი მოიცავს მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ 574 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ზ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილება უარყოფით გავლენას მოახდენს მის კანონიერ ინტერესზე, რის გამოც, მან სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქმე №ბს-1164-1111(კ-09) 25.02.2010). ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 3 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მომართა თ. ხ-მ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ზ. ც-ის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთი მოიცავს მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ 574 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ამდენად, განმცხადებლის მოსაზრებით, სასამართლოს მიერ ზ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილება უარყოფით გავლენას მოახდენდა მის კანონიერ ინტერესზე, რის გამოც, მან სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი სასამართლოს მიერ განსახილველად არ იქნა დაშვებული (შესაბამისად, ზ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა), აღარ არსებობს მოცემულ საქმეში თ. ხ-ს მესამე პირად ჩაბმის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. გ-ს ზ. ც-ის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 16 ივლისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 მარტის განჩინება;
3. თ. ხ-ს შუამდგომლობა საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ. გ-ის დაუბრუნდეს მის მიერ ზ. ც-ის საკასაციო საჩივარზე 2012 წლის 16 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე