საქმე ¹ბს-652-638(კ-12) 24 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ფ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფ. პ-მა 2012 წლის 6 იანვარს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის ¹№2806 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №დ1166-11 №001303 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბერის №001303 დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევისათვის ფ. პ-ს დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში. ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის №2806 განკარგულებით არ დააკმაყოფილა ფ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №001303 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. სარჩელის თანახმად, მიშენება განხორციელებულია ფ. პ-ის მშობლებისთვის უძრავი ქონების-საცხოვრებელი სადგომის გადაცემისას და მოსარჩელემ მეორე სართულზე მხოლოდ აივნისა და კიბის უჯრედის გამაგრება მოახდინა. არსებული აივანი წლების მანძილზე დაზიანდა, ასევე დაზიანდა კიბის უჯრედი და მას უსაფრთხოების მიზნით გამაგრება ესაჭიროებოდა. ამასთან, სადავო შენობა-ნაგებობა არის ავარიული, რომელსაც წლების წინ ჰქონდა მიშენებული აივანი და კიბის უჯრედი და მისი მიშენება ფ. პ-ს არ უწარმოებია. მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონსაწინააღმდეგოა, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რის გამოც მიიღო სამართლებრივად არასწორი დადგენილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ფ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. პ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინებით ფ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 17 აგვისტოს №001303 მითითების შესაბამისად, ფ. პ-მა ქ. თბილისში, დიდ ლილოში, ... მეორე სართულის დონეზე, აივანი და კიბე მოაწყო საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. მითითებული მიწერილობით დამრღვევს დაევალა 15 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან მითითების შედგენის მომენტამდე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარდგენა. 2011 წლის 5 სექტემბერს, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი №001303, რომელშიც დაფიქსირდა, რომ დამრღვევმა არ შეასრულა 2011 წლის 17 აგვისტოს №001303 მითითებით გათვალისწინებული პირობები. 2011 წლის 16 სექტემბერს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა მოცემულ საქმეზე ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა ფ. პ-ი, რომელმაც განმარტა, რომ მშენებლობა დაიწყო 2007 წელს და გაგრძელდა 2011 წელს. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №001303 დადგენილებით, მოქალაქე ფ. პ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, დიდი ლილოს დასახლების, ... მეორე სართულის დონეზე აივნისა და კიბის უნებართვოდ მოწყობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ მოწყობილი აივნისა და კიბის დემონტაჟი. 2011 წლის 5 ოქტომბერს, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფ. პ-მა და მოითხოვა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №001303 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის №2806 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ფ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის გასაჩივრებული დადგენილება. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად ირკვევა, რომ მიშენების დემონტაჟი, შენობის დეტალური ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის და მისი გამაგრების გარეშე, მიზანშეუწონელი იყო, რადგან არსებულ სიტუაციაში მიშენების დემონტაჟის დროს ვიბრაციული დატვირთვები უარყოფით გავლენას მოახდენდნენ ძირითადი შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის №თთ2011070746–03 გადაწყვეტილების თანახმად, გარდაბნის ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დიდი ლილო, ..., ... ქუჩა, კორპუსი 2, სადარბაზო 2, ბინა №12 არ არის აღრიცხული. სააპელაციო პალატამ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე, განმარტა, რომ უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ. ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს’’ პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. კერძოდ, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება ქ. თბილისის ტერიტორიაზე გამოიწვევეს დაჯარიმებას 10000 ლარით. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №001303 დადგენილებით მოქალაქე ფ. პ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ. თბილისში, დიდი ლილო, ... მეორე სართულის დონეზე აივნისა და კიბის უნებართვოდ მოწყობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ მოწყობილი აივნისა და კიბის დემონტაჟი. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია დამყარებული იყო მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებებზე დოკუმენტალური მტკიცებულებების გარეშე. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ფოტომასალაზე და საქმეზე დადასტურებულად მიიჩნია ფ. პ-ის მიერ, საპროექტო დოკუმენტაციისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე მშენებლობის ფაქტი, რომელიც მოსარჩელის განმარტებით დაიწყო 2007 წელს და გაგრძელდა 2011 წელს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული და უფლებამოსილი იყო, ფ. პ-ის მიმართ დაეწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება: ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 17 აგვისტოს №001303 მითითებით დამრღვევს დაევალა 15 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან მითითების შედგენის მომენტამდე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარდგენა. 2011 წლის 05 სექტემბერს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა №001303 შემოწმების აქტი, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ დამრღვევმა არ შეასრულა 2011 წლის 17 აგვისტოს №001303 მითითებით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, მართებულად მიიღო დადგენილება ,,ტექნიკური კონტროლის საფრთხის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მისი დაჯარიმების თაობაზე. პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლ პუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილებები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ. პ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ იგი ავარიულ შენობაზე იძულებული გახდა უსაფრთხოებისთვის გამაგრებითი სამუშაოები ჩაეტარებინა და უკანონო მშენებლობას არ ჰქონია ადგილი. ფ. პ-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ბინა საჯარო რეესტრის ჩანაწერის თანახმად წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს სამართალდარღვევის ფაქტის არსებობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიმდინარე შემოწმებისას ფ. პ-ი ახორციელებდა დანგრეული ბეტონის აღდგენა-რესტავრაციას, რათა არ მომხდარიყო მათი გადმოვარდნა მეორე სართულიდან და არ დაზარალებულიყო ვინმე. კასატორის მითითებით საქმეში არ არსებობს იმ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს არსებულ საცხოვრებელ კორპუსზე მიმატების, ან გაბარიტების შეცვლის ფაქტს. სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განცხადებები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა ისე, რომ იურიდიულად არ დაასაბუთა განჩინება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ფ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ძალაში შესვლის მომენტიდან ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის ¹2806 განკარგულება, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის ¹დ1166-11 ¹#001203 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციიულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფ. პ-ის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ განსახილველი დავა გადაწყვიტა არსებითად, მაშინ როცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საჭიროებს გამოკვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლი, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოიცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ფ. პ-მა ქ.თბილისში, სოფელი დიდი ლილო, ... მეორე სართულის დონეზე, აივანი და კიბე მოაწყო საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. მითითებული მიწერილობით დამრღვევს დაევალა 15 დღის ვადაში ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან მითითების შედგენის მომენტამდე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის წარდგენა (ტ. I. ს.ფ. 80-81). 2011 წლის 05 სექტემბერს, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი №001303, რომელშიც დაფიქსირდა, რომ დამრღვევმა არ შეასრულა 2011 წლის 17 აგვისტოს ¹001303 მითითებით გათვალისწინებული პირობები (ტ. I. ს.ფ. 78-79). 2011 წლის 16 სექტემბერს, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა მოცემულ საქმეზე ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა ფ. პ-ი. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №001303 დადგენილებით, მოქალაქე ფ. პ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით ქ.თბილისში, დიდი ლილო, ... მეორე სართულის დონეზე აივნისა და კიბის უნებართვოდ მოწყობისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ მოწყობილი აივნისა და კიბის დემონტაჟი (ტ. I. ს.ფ. 116-118). 4.5. 2011 წლის 05 ოქტომბერს, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ფ. პ-მა და და მოითხოვა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის №001303 დადგენილების ბათილად ცნობა (ტ. I. ს.ფ.128-130). ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 07 დეკემბრის ¹2806 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ფ. პ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და უცვლელად დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის გასაჩივრებული დადგენილება (ტ. I. ს.ფ. 22-25).
საკასაციო სასამართლო ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით გამოყენებული პერიოდის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერის 2006 წლის 26 დეკემბრის ¹22 ბრძანებით დამტკიცებული “ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის” დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებითაც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სამსახური, უთითებს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსს და ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ს” პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას ან/და შეუსრულებლობას, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ამავე კანონის პირველი მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ტექნიკური ბარიერებისა და რისკების გათვალიწინებით სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა სრული დაცვით სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გამოავლინოს და აღკვეთოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებული მშენებლობები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხი საჭიროებს ხელახლა გამოკვლევას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რა დროსაც ადმინისტრაციულმა ორგანომ შეფასება უნდა მისცეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 აგვისტოს გაცემული ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მიშენების დემონტაჟი, შენობის დეტალური ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის და მისი გამაგრების გარეშე, მიზანშეუწონელია, რადგან არსებულ სიტუაციაში მიშენების დემონტაჟის დროს ვიბრაციული დატვირთვები უარყოფით გავლენას მოახდენდნენ ძირითადი შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და სწორედ მისი შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. შესაბამისად, ექ სპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს, რამდენად არის მიზანშეწონილი ფ. პ-ის მიერ ნაწარმოები მიშენების დემონტაჟი; დემონტაჟის შემთხვევაში რამდენად შეექმნება საფრთხე ძირითადი შენობის ტექნიკურ მდგომარეობას. შესაბმისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას დასკვნა უნდა ჩამოაყალიბოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პროინციპის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლოს ასევე მიაჩნია, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ხელახალი განხილვისას ასევე უნდა შეაფასოს ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 22 სექტემბრის ¹თთ2011070746–03 გადაწყვეტილების თანახმად, გარდაბნის ტექნიკური აღღიცხვის მონაცემებით, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, დიდი ლილო, ..., ... ქუჩა, კორპუსი 2, სადარბაზო 2, ბინა ¹12 არ არის აღრიცხული.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი. ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევა და სწორი სამართლებრივი შეფასება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ფ. პ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საკასაციო სასამართლო მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ; ძალაში შესვლის მომენტიდან ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის ¹2806 განკარგულება, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის ¹დ1166-11 ¹001203 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციიულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფ. პ-ის მიმართ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ფ. პ-ის (პირადი #...) მიერ გადახადილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ფ. პ-ის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ფ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ძალაში შესვლის მომენტიდან ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2011 წლის 7 დეკემბრის ¹#2806 განკარგულება, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2011 წლის 16 სექტემბრის ¹დ1166-11 #001203 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციიულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფ. პ-ის მიმართ.
5. ფ. პ-ის მიერ გადახადილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ფ. პ-ის სასარგებლოდ.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე