Facebook Twitter

#ბს-399-394(კს-12) 13 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ დ. კ-ი; ი. გ-ი; ბ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 1 დეკემბერს დ. კ-მა, ი. გ-მა და ბ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 26 ოქტომბრის #17.13.255 დადგენილება, დაბა წყნეთის გამგეობის 2000 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ქ. თბილისის მერიას საქმის გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 21 იანვრის #13068, #3067 და #13069 გადაწყვეტილებებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისში, დაბა წყნეთში, ... და ... ქუჩების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2000 წლის 26 ოქტომბრის ¹#17.13.255 დადგენილება და დაბა წყნეთის გამგეობის 2000 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენდნენ, რომელთა საფუძველზეც, დ. კ-მა, ი. გ-მა და ბ. ე-მა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს დაბა წყნეთში, ... და ... ქუჩების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები. მოსარჩელეების განმარტებით, მათ კანონიერი ნდობა გააჩნდათ აღნიშნული აქტების მიმართ და შესაბამისად, სადავო აქტების ბათილად ცნობით მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრებოდა.

მოსარჩელეებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2011 წლის 29 სექტემბერს მათ განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მერიას და მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვეს. ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ოქტომბრის ¹#12/130367-1 წერილის თანახმად, განმცხადებლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მერიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებით განმცხადებლისათვის ზიანის მიყენების ფაქტის არ არსებობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ოქტომბრის #12/130367-1 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მათთვის მიყენებული ზიანის სახით დ. კ-ის სასარგებლოდ _ 55 700 აშშ დოლარის, ი. გ-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარის და ბ. ე-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ოქტომბრის #12/130367-1 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის სარჩელი, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს დ. კ-მა, ი. გ-მა და ბ. ე-მა. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-მა, ი. გ-მა და ბ. ე-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტებს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დ. კ-ის მიმართ _ 3676.2 ლარის, ი. გ-ის მიმართ _ 3861 ლარისა და ბ. ე-ის მიმართ - 3861 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალათ.

2012 წლის 23 მარტს დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის წარმომადგენელმა ი. მ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის გონივრულ ფარგლებში გაგრძელება მოითხოვა. ამასთან, განმცხადებელმა განმარტა, რომ მისთვის გაუგებარი იყო სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დადგენის საფუძვლები, ვინაიდან, დავის საგანს _ ქმედების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერების შეფასება წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებით დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის წარმომადგენლის ი. მ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და აპელანტებს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დ. კ-ის მიმართ _ 3676.2 ლარის, ი. გ-ის მიმართ _ 3861 ლარისა და ბ. ე-ის მიმართ - 3861 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ი. მ-ეს სატელეფონო შეტყობინების გზით 2012 წლის 27 მარტს ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ 2012 წლის 2 აპრილს დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის წარმომადგენლმა ი. მ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ იგი არ ეთანხმებოდა სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრას დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, ვინაიდან, დავის საგანი იყო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენით უხეშად ირღვეოდა ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრება სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრებოდა _ ასანაზღაურებელი თანხით. განსახილველ შემთხვევაში აპელანტების მოთხოვნას ქ. თბილისის მერიისათვის დ. კ-ის სასარგებლოდ _ 55 700 აშშ დოლარის, ი. გ-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარის და ბ. ე-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენდა, რის გამოც აპელანტებს სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადათ ცალ-ცალკე, საკუთარი მოთხოვნის პროპორციულად, დავის საგნის 4%-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ანუ 2012 წლის 2 აპრილის ჩათვლით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მათ არ გაუკეთებიათ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე და განმარტა, რომ დ. კ-მა, ი. გ-მა და ბ. ე-მა დადგენილ ვადაში არ შეავსეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს დ. კ-მა, ი. გ-მა და ბ. ე-მა. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ქმედების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერების შეფასება წარმოადგენდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი უნდა განსაზღვრულიყო არა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, არამედ – 150 ლარით. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით უხეშად ირღვეოდა ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით გარანტირებული სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტებს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დ. კ-ის მიმართ _ 3676.2 ლარის, ი. გ-ის მიმართ _ 3861 ლარისა და ბ. ე-ის მიმართ - 3861 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალათ.

ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინებით დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის წარმომადგენლის ი. მ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; გაგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და აპელანტებს ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დ. კ-ის მიმართ _ 3676.2 ლარის, ი. გ-ის მიმართ _ 3861 ლარისა და ბ. ე-ის მიმართ - 3861 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დაევალათ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს _ ქმედების განხორციელების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს უარის კანონიერების შეფასება წარმოადგენს და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი უნდა განსაზღვრულიყო არა დავის საგნის ღირებულების 4%-ის, არამედ – 150 ლარის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი, თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება _ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ოქტომბრის #12/130367-1 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მათთვის მიყენებული ზიანის სახით დ. კ-ის სასარგებლოდ _ 55 700 აშშ დოლარის, ი. გ-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარისა და ბ. ე-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის 2011 წლის 25 ოქტომბრის #12/130367-1 წერილის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება (აღნიშნული განჩინება მოსარჩელეების მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვა ჯერ არ განხორციელებულა). ამდენად, სააპელაციო სასამართლოში დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება (დ. კ-ის სასარგებლოდ _ 55 700 აშშ დოლარის, ი. გ-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარისა და ბ. ე-ის სასარგებლოდ _ 58 500 აშშ დოლარის) წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აპელანტებს სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადათ ცალ-ცალკე, საკუთარი მოთხოვნის პროპორციულად, დავის საგნის 4%-ის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ი. მ-ეს სატელეფონო შეტყობინების გზით 2012 წლის 27 მარტს ჩაბარდა (ტ. II, ს.ფ. 13).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 მარტის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს ი. მ-ეს 2012 წლის 27 მარტს ჩაბარდა, აპელანტები ვალდებულნი იყვნენ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ანუ 2012 წლის 2 აპრილის ჩათვლით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მათ არ გაუკეთებიათ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აპელანტებს სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის ქვითარიც კი არ წარუდგენიათ (კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებით, მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 150 ლარს შეადგენდა).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დ. კ-მა, ი. გ-მა და ბ. ე-მა დადგენილ ვადაში არ შეავსეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. კ-ის, ი. გ-ისა და ბ. ე-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე