Facebook Twitter

#ბს-401-396(კს-12) 13 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი _ თ. ხ-ი

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 10 ნოემბერს ა. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 9 სექტემბრის #882011375112-05 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 10 ოქტომბრის #153479 გადაწყვეტილების და 2009 წლის 23 ივნისს ს. ხ-ის სახელზე (1660 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე) განხორციელებული (სარეგისტრაციო კოდი 74.01.02.098) სარეგისტრაციო ჩანაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ¹#882009177182; თარიღი 22.06.2009) 90 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 90 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. ს-ის სახელზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ა. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ხ-ი.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით ა. ს-ის სარჩელი, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყაზბეგის სარეგისტრაციო სამსახურისა და თ. ხ-ის მიმართ, 2009 წლის 23 ივნისს ს. ხ-ის სახელზე (1660 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე) განხორციელებული (სარეგისტრაციო კოდი #74.01.02.098) სარეგისტრაციო ჩანაწერის (განაცხადის რეგისტრაციის #882009177182; თარიღი 22.06.2009) 90 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ადმინისტრაციულ საქმეზე ნაწილობრივ შეწყდა საქმის წარმოება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ა. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. ს-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინებით ა. ს-ის კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი; აპელანტს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სააპელაციო საჩივარი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით) ნაბეჭდი ქართულ ენაზე, 4 ეგზემპლარად; ბ) სააპელაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა; გ) სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2012 წლის 19 მარტს ა. ს-ის წარმომადგენელმა ნ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მოითხოვა, ვინაიდან, ამინდის გაუარესებისა და მიმოსვლის შეფერხების გამო, ვერ მოხერხდა ა. ს-თან შეხვედრა და პოზიციათა შეთანხმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით აპელანტის ა. ს-ის წარმომადგენლის ნ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აპელანტს ა. ს-ს 5 დღით გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება აპელანტის _ ა. ს-ის წარმომადგენელს ნ. ნ-ეს სატელეფონო შეტყობინების გზით 2012 წლის 21 მარტს ჩაბარდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვალდებული იყო განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ანუ 2012 წლის 26 მარტის ჩათვლით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სააპელაციო საჩივარი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით) ნაბეჭდი ქართულ ენაზე, 4 ეგზემპლარად; ბ) სააპელაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა; გ) სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აპელანტის მიერ არც-ერთი ხარვეზი არ გამოსწორებულა, ამასთან, მას არც ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ Aშევსებულა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ა. ს-მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ნ. ნ-ის მითითებით, მას 2012 წლის 21 მარტის განჩინება სატელეფონო შეტყობინების გზით ჩაბარდა, რა დროსაც მისი მხრიდან მოხდა განმარტება, რომ იგი ა. ს-თან დაკავშირებას და პოზიციათა შეთანხმებას ვერ ახერხებდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით უხეშად ირღვევა ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ივნისის განჩინებით ა. ს-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. ს-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ა. ს-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი; აპელანტს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: ა) სააპელაციო საჩივარი (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით) ნაბეჭდი ქართულ ენაზე, 4 ეგზემპლარად; ბ) სააპელაციო საჩივარი, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა; გ) სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინებით აპელანტის ა. ს-ის წარმომადგენლის ნ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; აპელანტს ა. ს-ს 5 დღით გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება სატელეფონო შეტყობინების გზით 2012 წლის 21 მარტს ჩაბარდა ა. ს-ის წარმომადგენელს ნ. ნ-ეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ნ. ნ-ეს 2012 წლის 21 მარტს ჩაბარდა, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2012 წლის 22 მარტიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადა 2012 წლის 26 მარტს 24 საათზე იწურებოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 20 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტზე და განმარტავს, რომ აღნიშნული პუნქტით სასამართლოს მიერ იმპერატიულად განისაზღვრა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც მხარე ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მან მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2012 წლის 12 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება დასაშვებია, მხოლოდ მხარის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში და შესაბამისად, ნ. ნ-ის მიერ ხარვეზის განჩინების ჩაბარების დროს გაკეთებული განმარტება ხარვეზის ვადაში შევსების შეუძლებლობის დაკავშირებით, არ შეიძლება გამხდარიყო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების ვადის ავტომატურად გაგრძელების საფუძველი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ა. ს-ს ხარვეზის შევსების ვადა ერთხელ უკვე გაგრძელებული ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს-მა გაუშვა ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა არის შეუქცევადი და მისი აღდგენა დასაშვებია, მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. ქადაგიძე