#492-486(კს-12) 20 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ზ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური; დ. ჯ-ე
დავის საგანი _ მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის საოქმო განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 26 ოქტომბერს ზ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
M მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის სასამართლო განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე, მოვალე დ. ჯ-ისაგან აღმასრულებლის მიერ ამოღებული და სააღსრულებო ბიუროს ავტოსადგომზე თვეების წინ გადაყვანილი ავტომანქანა “ინფინიტის” მის საკუთრებაში გადაცემის დავალდებულება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში გადახდილი 970 ლარის (რომელსაც არ მოჰყვა აღსრულება და შეწყდა აღუსრულებლად) და სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის – 10000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, სასამართლო განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე, მოვალე დ. ჯ-ისაგან აღმასრულებლის მიერ ამოღებული ავტომანქანის (შემოწმებული სახით, რომელიც დგას სააღსრულებო ბიუროს ავტოსადგომზე) მისთვის საკუთრებაში გადაცემის დავალდებულება და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში გადახდილი თანხის - 970 ლარის და სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის – 5000 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ჯ-ე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს ნაცვლად საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის ჩართვის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ავტომანქანაზე ყადაღა დადებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, რომელიც საქმეში მესამე პირად არის მოწვეული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი (რომლითაც პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია სადავო ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნა) არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურატურის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებაზე ზ. ნ-მა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც აღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის ჩაბმა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მასსა და მოვალე – დ. ჯ-ეს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის საფუძველზეც მას გადაეცა დ. ჯ-ის კუთვნილი ავტომანქანა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ყადაღა დაედო დ. ჯ-ის სახელზე რიცხულ ქონებას, მათ შორის ავტომანქანა “ინფინიტს”, რის შემდეგაც მან მიმართა პროკურატურას და ყადაღადადებული ავტომანქანის ყადაღისაგან განთავისუფლება მოითხოვა, მაგრამ მისი განცხადება პროკურატურაში არ განუხილავთ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფუძველს წარმოადგენს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სწორედ პროკურატურის ნებართვის გაუცემლობის გამო არ ეძლევა მას სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების საფუძველზე მოვალის მიერ თანხის სანაცვლოდ ვალში გადაცემული ავტომანქანა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან, პროკურატურის მიერ თანხმობის გაუცემლობა გახდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ამდენად, სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად უნდა ჩაება საქართველოს მთავარი პროკურატურა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ნ-ის კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ზ. ნ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა ზ. ნ-ის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის ჩართვის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესზე.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირად საქართველოს მთავარი პროკურატურის ჩაბმის თაობაზე ზ. ნ-ის შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირს, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, სასამართლო განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე მოვალე დ. ჯ-ისაგან აღმასრულებლის მიერ ამოღებული ავტომანქანის (შემოწმებული სახით, რომელიც დგას სააღსრულებო ბიუროს ავტოსადგომზე) ზ. ნ-ის საკუთრებაში გადაცემის დავალდებულებისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის მოსარჩელის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში გადახდილი თანხის - 970 ლარის და სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის – 5000 ლარის გადახდის დაკისრების კანონიერების დადგენა. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია საქართველოს მთავარი პროკურატურა იმ პირად, რომლის უფლებებსა თუ კანონით დაცულ ინტერესთან მიმართებაში რაიმე სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სადავო საკითხის გადაწყვეტის შედეგი გავლენას ვერ მოახდენს პროკურატურის უფლებებსა და ინტერესებზე, რის გამოც იგი არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილით მოცემულ საქმეში სავალდებულო წესით ჩასაბმელ მესამე პირს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ავტომანქანას ყადაღა დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, რომელიც საქმეში მესამე პირად არის მოწვეული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილი (რომლითაც პროკურატურას მიზანშეუწონლად მიაჩნია სადავო ავტომანქანაზე ყადაღის მოხსნა) არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს მთავარი პროკურატურის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოცემულ საქმეში საქართველოს მთავარი პროკურატურის მესამე პირად ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ ზ. ნ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 მაისის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე