Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ¹ბს-513-505(კს-12) 7 სექტემბერი, 2012 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ღ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებაზე (ს. ღ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების მიმართ და მესამე პირის ფ. ს-ას მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2012 წლის 5 ივნისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-513-505(კს-12) ა. ღ-ის კერძო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 11 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 39-ე მუხლის “დ” პუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (იხ. ს.ფ. 298-299).

2012 წლის 28 ივნისს ა. ღ-მა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ მოტივით, რომ მისი ოჯახი ( წევრები: ა. ღ-ი, ნ. შ-ა, ნ. და ა. ღ-ები) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა შეადგენს: 169120. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზადან 2012 წლის 12 იანვრის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 308-309).

2012 წლის 6 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ განსახილველ საქმეში ა. ღ-ი წარმოადგენდა ს. ღ-ის წარმომადგენელს და სასამართლოში ა. ღ-ის ოჯახის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ვერ გახდებოდა ს. ღ-ის კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.

აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კერძო საჩივრის ავტორს _ ა. ღ-ს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ. ს.ფ. 310-312/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კერძო საჩივრის ავტორს საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე და 2012 წლის 6 ივლისის განჩინებით დამატებით 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძო საჩივრის ავტორს _ ა. ღ-ს გაეგზავნა 2012 წლის 13 ივლისს. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის მეუღლეს – ნ. შ-ას ჩაჰბარდა 2012 წლის 16 ივლისს (იხ. ს.ფ. 318-319), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2012 წლის 26 ივლისს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 74-ე მუხლის შესაბამისად, ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილი ბარდება მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რომელიც ვალდებულია გზავნილი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. მითითებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 6 ივლისის განჩინება ჩაბარებულად ითვლება კერძო საჩივრის ავტორისათვის, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე