კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-537-528(კს-12) 19 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „...“ დირექტორის – მ. რ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.12წ. განჩინებით შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „...“ დირექტორმა – მ. რ-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.12წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს – შპს „...“ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება ერთი თვით იმ მოტივით, რომ არა აქვს მარწმუნებელთან დაკავშირების საშუალება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.08.12წ. განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 02.07.12წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით; კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ი 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაიგზავნა შპს „...“ იურიდიულ მისამართზე, ასევე შპს „...“ დირექტორის - მ. რ-ის საცხოვრებელ მისამართზე, მაგრამ განჩინების ჩაბარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი იმის გამო, რომ შპს „...“ სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე არ ფუნქციონირებდა, ხოლო შპს „...“ დირექტორს სასამართლოს გზავნილი ვერ ჩაჰბარდა ადრესატის მისამართზე არ ყოფნის გამო. საკასაციო სასამართლოს მიერ განჩინების ასლი განმეორებით გაეგზავნა შპს „...“ დირექტოს - მ. რ-ს საცხოვრებელ მისამართზე, მაგრამ არ ჩაჰბარდა ადრესატის მისამართზე არ ყოფნის გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება ადრესატისათვის, რამდენადაც სასამართლოსათვის ცნობილ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ვერ იქნა უზრუნველყოფილი განჩინების ასლის ჩაბარება ადრესატის არ ყოფნის გამო, ხოლო სხვა მისამართის შესახებ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამასთან, განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება ვერ იქნა უზრუნველყოფილი წარმომადგენლის მეშვეობით, რამდენადაც საკასაციო სასამართლოში შპს „...“ წარმომადგენლის – დ. თ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადების თანახმად, იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წყვეტდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს „...“ დირექტორის – მ. რ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...“ დირექტორის – მ. რ-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. ქადაგიძე