საქმე ¹ბს-588-578(კს-12) 12 სექტემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ქ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.12წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-ემ 29.03.11წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.11წ. გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ქ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.11წ. განჩინებით გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 05.05.11წ. ჩაბარდა გ. ქ-ის ძმას მ. ქ-ეს. აპელანტისათვის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 06.05.11წ. და დასრულდა 19.05.11წ. დღის ოცდაოთხ საათზე. სააპელაციო საჩივარი გ. ქ-ის მიერ შეტანილ იქნა 20.05.11წ., შესაბამისად, აპელანტის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის შეტანისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადა.
გ. ქ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.11წ. განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.11წ. განჩინებით გ. ქ-ის მოთხოვნა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ქ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22.11.11წ. განჩინებით გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.11წ. განჩინება.
გ. ქ-ემ 29.03.12წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.11წ. განჩინების ბათილად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.11წ. გადაწყვეტილების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. გ. ქ-ემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ისე იქნა მისი სააპელაციო საჩივარი დატოვებული განუხილველად, რომ არ ყოფილა მიწვეული საჩივრის განხილვაზე. განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო სააპელაციო საჩივარი განეხილა ზეპირი მოსმენით. ასევე, მას არ განმარტებია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა და გასაჩივრების წესი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.12წ. განჩინებით გ. ქ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.11წ. განჩინების ბათილად ცნობის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.1 მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეიტანება ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ქ-ის განცხადება სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა იმპერატიულად განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რომლის გაგრძელება არ დაიშვებოდა და განცხადება უნდა დარჩენილიყო განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.12წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ქ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.11წ. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ გ. ქ-ე და მისი წარმომადგენელი უ. დ-ი ესწრებოდნენ 28.04.11წ. სასამართლო სხდომას, მონაწილეობა მიიღეს საქმის განხილვაში, წარმოადგინეს ახსნა-განმარტებები. ამავე სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და მოსარჩელეს განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და წესი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის მოსამართლე ლ. მ-ის მიერ განცხადების განხილვა, ვინაიდან არ არსებობს სსკ-ის 29-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები, შესაბამისად სახეზე არ არის სსკ-ის 422.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422.1. მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერ წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე გ. ქ-ის საქმის განხილვაში სავალდებულო მონაწილეობის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო განჩინებას იღებს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. ამავე კოდექსის 426.1. მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.11წ. განჩინებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.04.11წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენისათვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით მიმართა სასამართლოს, აღნიშნული მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.12წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.05.12წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ლ. მურუსიძე